LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონის“ ახალი ქვე-შტამი ჯანმრთელ ადამიანს 1-წუთიანი კონტაქტითაც შეიძლება გადაედოს – კოვიდ შემთხვევების ზრდის 3 ფაქტორი და ახალი ვარიანტის მიმდინარეობა ზრდასრულებსა და ბავშვებში

518
BeFunky-collage (7)

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც საქართველოში კოვიდ შემთხვევების 5-ჯერ მატება განაპირობა.

რატომ გაიზარდა 5-ჯერ კოვიდის შემთხვევები საქართველოში, რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ შტამებზე და როგორი მიმდინარეობა ახასიათებს

ივანე ჩხაიძის განმარტებით, შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ზაფხულის პერიოდი ყოველთვის დაკავშირებულია მეტ კონტაქტთან, მობილობასთან და ადამიანებს შორის კომუნიკაციასთან განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, რაც წარმოადგენს ინფექციის, მათ შორის კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკფაქტორს.

„თუ ჩვენ გავიხსენებთ ბოლო ერთი წლის სტატისტიკას და კორონავირუსის მუტაციების თანმიმდევრობას, ინფიცირების ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა გამოიწვია „ომიკრონმა“ და 2022 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი საქართველოში პანდემიის ყველაზე მძიმე, მეექვსე ტალღა.მაშინ, ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში გვყავდა 26 ათასი ინფიცირებული. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს გადატანილი აქვს კორონავირუსის ეს მუტაცია, ოღონდ მისი პირველი, მეორე ქვევარიანტი. თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ეს ვარიანტები „ომიკრონის“ მეოთხე და მეხუთე ქვევარიანტმა ჩაანაცვლა”, აღნიშნა მან.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ძირითადად COVID 19-ის ბოლო შტამის, „ომიკრონის“ ახალი ქვე-შტამი BA.5 ტრიალებს, რომელიც დღემდე არსებულ კორონავირუსის მუტაციასთან შედარებით, ყველაზე გავრცელებად ვარიანტად განიხილება. შესაბამისად, სწორედ ამან ხელი შეუწყო ინფიცირების მკვეთრ ზრდას.

ცერცვაძე: ველი, რომ კოვიდის შემთხვევების ზრდა იქნება და პიკს შემოდგომაზე მიაღწევს, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ძალიან ბევრი ვირუსოლოგი „ომიკრონის“ მეხუთე ქვემუტაციას განიხილავს, როგორც ყველაზე იოლად გადამდებ ვირუსს, რაც კი ყოფილა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

შესაბამისად, მისივე თქმით, „თუ თქვენ კორონავირუსს გადაიტანთ 4-5 თვის მანძილზე, გარკვეულწილად ხართ დაცული ხელმეორედ ინფიცირებისაგან, მაგრამ განსაკუთრებით ახალი ქვე-შტამი BA.5 შემთხვევაში, ეს დაცვითი ძალა, ძალიან სწრაფად კლებულობს”.

„ჩვენთვის კარგად ცნობილი გრიპის ვირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი მის გარშემო დაავადებას გადასცემს 1/3 ადამიანს. კორონავირუსის ორიგინალური, ჩინური ვერსიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტი იყო და ერთი ინფიცირებული ადამიანი მის გარშემო აინფიცირებდა 2/5 ადამიანს. პირი, რომელიც იყო დაინფიცირებული „დელტა“ ვარიანტით, რომელიც ყველაზე მძიმე იყო მიმდინარეობით, მის გარშემო აინფიცირებდა 6-8 ადამიანს.

„ომიკრონმა“ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაზარდა – 8-10. ახლა კი, „ომიკრონის“ მეხუთე ქვევარიანტი 20%-ით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „ომირკონის“ პირველი და მეორე ქვევარიანტი. ამას თუ გამოვსახავთ ციფრებში, „ომიკრონის“ მეხუთე ქვემუტაციით ინფიცირებული ერთი ადამიანი, მის გარშემო 10-12 ადამიანს გადასდებს ამ ვირუსს.

2020 წელს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, ვინ ითვლებოდა კონტაქტად, კონტაქტი იყო ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დაუცველი ურთიერთობა, ორი მეტრის მანძილზე ინფიცირებულ ადამიანთან 15 წუთის განმავლობაში. ომიკრონის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შემცირებულია ერთ წუთამდე ანუ კონტაქტის შემთხვევაში 1 წუთიც საკმარისია, რომ დაინფიცირდეთ. ეს არის სწორედ სწრაფი და იოლი გავრცელება”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძე.

5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია.. არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში „ცუნამის“ მსგავსი კორონავირუსის ახალი ტალღა დაფიქსირდეს – ივანე ჩხაიძე

რაც შეეხება თავად ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ომიკრონის“ ახალი ქვე-შტამი BA.5, რომელიც საქართველოში ნელ-ნელა ანაცვლებს „ომიკრონის“ წინამორბედ ქვე-შტამებს, BA.1-სა და BA.2-ს, მართალია უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, თუმცა, მისი მიმდინარეობა მძიმე არ არის.

კერძოდ, ივანე ჩხაიძის თქმით, საბედნიეროდ, „ომიკრონის“ ამ ქვემუტაციისთვის ძირითადად დამახასიათებელია მსუბუქი მიმდინარეობა. შესაბამისად, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, სტაციონარში მიმართვიანობა მკვეთრად არ გაზრდილა და საბედნიეროდ, გარდაცვალების მაჩვენებელიც პრაქტიკულად, იგივე დარჩა – 1-3 გარდაცვლილი, ერთი კვირის განმავლობაში.

„სიმპტომატიკა შეიძლება იყოს მსუბუქი მიმდინარეობის შესაბამისი. შეიძლება იყოს დაბალი ტემპერატურა ან შეიძლება საერთოდ, არ ჰქონდეს. ყელის ტკივილი, მსუბუქი. ხმის შეცვლა, ხმის დაკარგვა, შესაძლებელია იყოს ხველა და გამოხატული საერთო სისუსტე, მაგრამ საერთო ჯამში, ადამიანი თავს ცუდად არ გრძნობს. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. ძალიან მცირე ნაწილს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

რაც შეეხება ბავშვებს, ივანე ჩხაიძის განმარტებით, თუ ჩინურ ვარიანტს შევადარებთ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში, 2020 წელს ჩინური ვარიანტის შემთხვევაში ბავშვების ხვედრითი წილი საშუალოდ, 10% იყო. „ომიკრონის“ დროს უკვე არის 22-25%.

“რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში 2500 ინფიცირებული ადამიანიდან 400-500 ალბათ, იქნებოდა ბავშვი. ბავშვებში „ომირკონის“ ეს მუტაცია უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე სხვა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის იგივე მიმდინარეობის, როგორც ზრდასრულებში. „მსუბუქი მიმდინარეობა, ძალიან ხშირად შესაძლოა, უსიმპტომო იყოს. „ომიკრონს“ ბავშვებში არ ახასიათებს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, ფილტვების ანთების განვითარება და ა.შ.“

რაც შეეხება იზოლაციის ვადებს, განსაზღვრულია 7-8 დღე.

„ავად გახდომიდან 7-8 დღის განმავლობაში თქვენ უნდა იყოთ იზოლირებული. მოერიდოთ კონტაქტს. მერვე დღის შემდეგ, „ომიკრონის“ გავრცელება არის ნულის ტოლი“, – თქვა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა 3-5 დღემდე იზოლაცია.

„სამი ან ოთხი დღის განმავლობაში შეგიძლიათ იყოთ იზოლირებული. თუ ამ დღეების მანძილზე არ აღმოგაჩნდათ კლინიკური სიმპტომატიკა, ე.ი. თქვენ უკვე აღარ დაინფიცირდებით“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

გამყრელიძე: ვინც აცრილი არ არის, უნდა აიცრას, ვინც ორჯერ არის აცრილი – „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს

ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდება ნიღბის ტარების ვალდებულება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელს ჯერ არ მიუღწევია იმ რიცხვებისთვის, რომ დღეს უკვე საჭირო გახდეს გარკვეული რეგულაციების ამოქმედება, თუმცა, თუკი მატების ეს ტემპი შენარჩუნდა, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ თავად ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე. კერძოდ, დახურულ სივრცეში გაიკეთონ პირბადე და ჩაიტარონ „ბუსტერ“ დოზა.

„ჯანმო და არც ამერიკის დაავადებათა კონტროლი არ განიხილავს დღევანდელ მდგომარეობას როგორც, უახლოეს კარანტინის, ჩაკეტვების ან მნიშვნელოვანი მატების წინაპირობად. ჩვენ შეიძლება მივიღოთ შემთხვევების მატება, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამის უკან დადგეს კარანტინის ან ჩაკეტვების ან სხვა შემზღუდავი ღონისძიების აუცილებლობა. რა თქმა უნდა, დღევანდელი მდგომარეობა საყურადღებოა, სჭირდება მონიტორინგი და შეფასება, მაგრამ ამ ციფრების უკან არ დგას კარანტინის აუცილებლობა.

ერთი რეკომენდაცია რაც შეიძლება გვქონდეს, სახელმწიფო უახლოეს დღეებში არ გამოაცხადებს ნიღბის ტარების აუცილებლობას, მაგრამ პირადი სიფრთხილე იქნება ალბათ, მიზანშეწონილი.

გაიკეთეთ ნიღაბი დახურულ სივრცეში და ვაქცინაცია კიდევ და კიდევ. ვისაც ორი დოზა გაქვთ გაკეთებული, მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტს, ვინაიდან დამატებითი მესამე დოზა, პრაქტიკულად, არის 100%-იანი გარანტია მძიმე შემთხვევების, საავადმყოფოში მოხვედრისა და მდგომარეობის გართულებისგან.

ხოლო ვისაც აქვს „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული, გამოიყენონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია, თუ 50 წელს გადაცილებული ბრძანდებით და მესამე დოზიდან გასულია 4 თვეზე მეტი, აუცილებლად გაიკეთეთ მეოთხე დოზა”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

პოპულალურები