ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.