LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანსიონში ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები – ვიზიტებს გავაგრძელებთ: ნინო ლომჯარია

104
ლომჯარია პანსიონში

„იყო ბავშვების მხრიდან გარკვეული გაუცხოება, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ ბავშვებს გავცნობოდით,“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა და დასძინა, რომ სახალხო დამცველის აპარატი პანსიონში ვიზიტებს გააგრძელებს.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, მან დაინახა სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია გათვალისწინებული იყოს, თუმცა იქვე დასძინა, რომ პანსიონში ბავშვების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზა არ არსებობს.

„გავეცანით პირველადად რაც შესაძლებელი იყო და უკვე პირველადი რეკომენდაციები გვაქვს – პირველ რიგში, დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, რადგან საკმაოდ ბევრია და ცოტა ქაოსურადაა. ერთი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ და ამიტომ პირველადი რეკომენდაცია არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს.

მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია გათვალისწინებული იყოს. დავათვალიერე  ინფრასტრუქტურა და ზოგადად, ჩვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, არსებობს გამოხატული სრული მზაობა, სამომავლოდ ვიზიტები იქნება ეს, თუ რეკომენდაციების შესრულება,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, პირველ რიგში, ბავშვების დოკუმენტაცია იქნება სანახავი, რადგან ერთი შეხედვით, ბავშვების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზა არ არსებობს.

„არის რამდენიმე სია, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ამ სიების შედარება მოგვიწია. გარკვეული დასკვნების გაკეთებაზე არ ვიჩქარებ, თუმცა განსხვავებები ამ სიებში ვნახეთ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ.

ბავშვებს ბარიერი აქვთ, იმიტომ, რომ მათ ჩვენს შესახებ ძირითადად კარგი არაფერი სმენიათ, ეს იყო პირველი პირადი კონტაქტი და ბუნებრივია, რომ ბარიერი იქნებოდა. დღევანდელი ვიზიტი დასრულებულია, მაგრამ მომავალში უფრო საფუძვლიან ვიზიტებს დავგეგმავთ, რადგან სამუშაო ძალიან ბევრია,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამ კედლებში ბავშვები საკუთარ ნებას თავისუფლად ვერ გამოხატავენ, მნიშვნელოვანია, ისინი ალტერნატიულ ზრუნვაში გადავიდნენ: ლომჯარია პანსიონის აღსაზრდელებზე

ფოტო: ინტერპრესნიუსი

პოპულალურები