LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი რესპუბლიკა დასავლურ კურსს ეფუძნებოდა, ეს არის ჩვენი უკეთესი მომავალი – მიხეილ ჯანელიძე

95

“პირველი რესპუბლიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს,” – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე, რომელიც საქართველომ 100 წლის განმავლობაში გაიარა.

“ეს იყო ევროპული არჩევანი და ეს რესპუბლიკა შეიქმნა დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით. ის კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა, იყო საუკეთესო იმ პერიოდში და იგი არის დღესაც ერთ-ერთი სამაგალითო. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენი ევროპული მისწრაფებების კუთხით. პირველი რესპუბლიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს. იდგმებოდა პირველი ნაბიჯები და ხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარება, როგორც ევროპის ნაწილის. სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ 1991 წლის შემდეგ ჩვენ მტკიცედ დავადექით ამ გზას და დღეს ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან. ახლოს ვართ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ ვართ ევროატლანტიკური სივრცის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ეს აღიარებულია ყველა ჩვენი მეგობრისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანისის წევრის მიერ,” – განაცხადა ჯანელიძემ.

პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი მიულოცა მოსახლეობას კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემაც და მისი უწყების ეგიდით დღეისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

“შეიძლება ითქვას, რომ დღეს, შარშანდელთან შედარებით, გაორმაგებული ძალებით ვართ წარმოდგენილი – კულტურა და სპორტი. რუსთაველის გამზირის თითქმის ნახევარი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ლოკაციებით არის წარმოდგენილი. ძალიან მრავალფეროვანი აქტივობებია.

აქ მოსული ადამიანები არა უბრალოდ მაყურებლების როლში არიან, არამედ მათ შეუძლიათ ჩაერთონ სხვადსხვა აქტივობაში, მიუხედვად ასაკისა. აქვეა სხვადსხვა სახის გამოფენები, მუსიკალური ნომრებისთვის გაკუთვნილი სცენები და ა.შ.

გარდა დედაქალაქისა, სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე რეგიონებში იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტები,” – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.