LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული კინოფრენჩაიზები, რომელთა  სიქველებმაც იმედი გაგვიცრუა

186
#სტუმრადვარსკვლავთან

როდესაც იცი, თუ როდის უნდა გაჩერდე, წარმატებაც გარანტირებულია. მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც ფულის კეთება გინდა, იდეები კი ამოგეწურა? სწორია- ეპიკური ფრენჩაიზის  სიქველი უნდა გადაიღო, რომელიც ყველას იმედს გაუცრუებს და ორიგინალ ფილმებსაც მოსცხებს ჩირქს. მთავარი ხომ ფულია, რომელიც ჰოლივუდში ყველაფერზე წინ დგას.მაშ ასე, გადავავლოთ თვალი ყველასათვის საყვარელ ფრენჩაიზებს, რომლებიც დროზე, ლოგიკურად და ადეკვატურად  უნდა დასრულებულიყო, თუმცა…  

„კარიბის ზღვის მეკობრეები“

როდესაც 2003 წელს „მეკობრეების“  პირველი ფილმი, „შავი მარგალიტის წყევლა“ გამოვიდა, ვერავინ იფიქრებდა,რომ ის საფუძვლად მთელ ფრენჩაიზს დაედებოდა. მართლაცდა, რა შეიძლება გამოსულიყო ფილმი, რომლის ინსპირაციაც ატრაქციონების პარკი იყო?

თუმცა ფილმს აღიარება და ფანების სიყვარული ხვდა წილად და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხდება ხოლმე, მომდევნო ფილმებიდან ვერცერთი ვერ შეედრება პირველს, 2006 წლის „მიცვალებულის სკივრი“ და 2007 წლის „სამყაროს აღსასრულთან“ მეტ-ნაკლებად მაინც კარგ ფილმებად ითვლება და ხარისხით საგრძნობლად აღემატება შემდეგ  ორ ფილმს, 2011 წლის ფილმს„უცნაურ ნაპირებზე“ და 2017 წლის ფილმს „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ , რომელიც ჯერჯერობით ბოლო და ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ფილმია ფრენჩაიზის ისტორიაში. ფაქტია, რომ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ გემი სიქველიდან სიქველამდე იძირება და იმის გათვალისწინებით, რომ უდიდესი ალბათობით ფრენჩაიზის მეექვსე ფილმში ჯონი დეპის  ჯეკ ბეღურას ვერ ვიხილავთ, უკეთესს არც  უნდა ველოდოთ.

„ვარსკვლავური ომები“

მას შემდებ, რაც „ვარსკვლავური ომები“ „დისნეიმ“ შეიძინა, ფანებს ცუდი მოლოდინები გაუჩნდათ და არცთუ  უსაფუძვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ მათ პრიქველ-ტრილოგია ნაკლებად უყვართ, ვიდრე ორიგინალი ტრილოგია, ორივე მათგანი მაინც „ვარსკვლავური ომების“ შემქმნელმა, ჯორჯ ლუკასმა გადაიღო, რომელსაც ესმის და უყვარს  თავისი შექმნილი სამყარო.

სულ სხვა საქმეა „ვარსკვლავური ომების“ „დისნეისეული“ ვერსია, რომელიც თანამედროვე ტენდენციების და  the force is female მიდგომის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, „ტერმინატორის“ მსგავსად, „ვარსკვლავურ ომებშიც“ მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებმაც წინა ფილმებს და იქ პერსონაჟების მიერ გაღებულ მსხვერპლს ხაზი გადაუსვა.

ახალ ტრილოგიაში თვალში საცემია  ყველა დროის  საუკეთესო ჯედაის – ლუკ სკაიუოკერის, როგორც პერსონაჟის დეგრადაცია. დიდებული  ჯედაი თითქმის მთელი საეკრანო დროის განმავლობაში წუწუნებს და თვლის, რომ ყველაფერი, რაც გაუკეთებია, უაზრობა იყო.

საერთო ჯამში, ფანების უმეტესობას ახალ ტრილოგიაში ყველაზე კარგ ფილმად რიგით პირველი, „ძალის გამოღვიძება“ მიაჩნია, ყველაზე ცუდ ფილმად კი „უკანასკნელი ჯედაი“.

„მუმია“

ყველას ბავშვობის ფავორიტი ფილმი ძველ ეგვიპტეზე, „მუმია“, ფრენჩაიზის პირველი და საუკეთესო ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ რიგით მეორე ფილმი მას ბევრ ასპექტში ჩამოუვარდება, „მუმია ბრუნდება“ მაინც დამაკმაყოფილებელ სიქველად მიიჩნევა.  იგივეს ვერ ვიტყვით „დრაკონი იმპერატორის სამარხზე“, რომელიც აშკარად ყველაზე ცუდი ფილმია ორიგინალ ფრენჩაიზში.

თუმცა ფანებს ნამდვილად ვერ წარმოედგინათ, რომ „დრაკონი იმპერატორის სამარხზე“ გაცილებით  ცუდი იქნებოდა  მომდევნო ფილმი. 2017 წელს, ფრენჩაიზის რიბუთის შემდეგ, გამოვიდა ახალი „მუმია“, რომელშიც ტომ კრუზი და სოფია ბუტელა ვიხილეთ, თუმცა ფანების უმეტესობას აღნიშნულ ფილმზე ერთი აზრი აქვს – ჯობდა მუმია სამუდამოდ დამარხული დარჩენილიყო.

„კერკეტი კაკალი“

ჯონ მაკლეინი და მისი თავგადასავლები პირველი ფილმის გამოსვლიდან 33 წლის შემდეგაც პოპულარულია. ჩემი ჩათვლით, ბევრი ფანისათვის შობა წარმოუდგენელია ამ ფილმების გარეშე. ალბათ შეიძლება თამამად ითქვას, რომ „კერკეტი კაკლის“ პირველი სამი ფილმი  ერთნაირად კარგია და მხოლოდ გემოვნების ამბავია, თუ ვის რომელი ნაწილი მიაჩნია საუკეთესოდ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მეოთხე ფილმი საგრძნობლად ჩამოუვარდება წინა ნაწილებს, მეხუთე კი საერთოდ სხვაგან არის ყველა გაგებით, ალბათ ჯობდა ჯონ მაკლეინის ამბავიც  მესამე ნაწილით დასრულებულიყო.

„მარტო სახლში“

ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმი „მარტო სახლში“ სტატუსს გამოსვლიდან 31 წლის შემდეგაც ინარჩუნებს.  როგორც წესი, სიქველები ორიგინალ ფილმებს ჩამოუვარდებიან და ასე მოხდა „მარტო სახლშის“ შემთხვევაშიც. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ  რიგით მეორე ფილმი, „ნიუ იორკში დაკარგული“, ასე თუ ისე კარგი გაგრძელებაა.

ფრენჩაიზის უკუსვლა განსაკუთრებით მესამე ფილმიდან არის თვალშისაცემი, მას შემდეგ, რაც ეკრანიდან კევინ მაკკალისტერი გაქრა და სიუჟეტის ცენტრში სხვა ბიჭუნა აღმოჩნდა. ფაქტია, რომ მაკოლეი კალკინის გადაწყვეტილებამ, აღარ ეთამაშა „მარტო სახლში“, ფრენჩიზზე ცუდად იმოქმედა. მიუხედავად იმისა,რომ მესამე ფილმის ჩავარდნის შემდეგ მეოთხე ფილმში „დავიბრუნოთ სახლი“ კევინის პერსონაჟი ეკრანს დაუბრუნდა, მის როლს სხვა მსახიობი, მაიკ ვაინბერგი თამაშობდა.  ფილმმა ცუდი შეფასებები მიიღო როგორც ფანების, ასევე კრიტიკოსებისაგან. მიუხედავად ამისა, ABC არ დანებდა და ჯერჯერობით ბოლო, მეხუთე სიქველი გადაიღო, რომელმაც ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე ცუდი შეფასებები დაიმსახურა და ყველაზე დაბალი შემოსავალი მიიღო.

 „ტერმინატორი“

კიდევ ერთი დიდებული ფრენჩაიზი,რომელიც სტუდიის ფულის კეთების სურვილს და თანამედროვე ტენდენციებს ემსხვერპლა, „ტერმინატორია“.  მიუხედავად იმისა, რომ „ტერმინატორი“ 3 და 4 ნამდვილად არ წყვეტდნენ ცაში ვარსკვლავებს, ფრენჩაიზის ყველაზე ცუდ ფილმად თამამად შეგვიძლია  2019 წლის „ბნელი ბედისწერა“ მივიჩნიოთ, რომელიც სრულიად შლის სარა და ჯონ კონორების პერსონაჟებს და ხაზს უსვამს მათ მიერ გაღებული მსხვერპლის  მნიშვნელობას.

„ბნელ ბედისწერაში“ სამყაროს მხსნელად ჯონ კონორის ნაცვლად მექსიკელი გოგონა გვევლინება, რომლის დასაცავადაც მომავლიდან ქალ-ჯარისკაცს აგზავნიან. ჰო, კიდევ , ორიგინალი ტერმინატორი – რობოტი, მკვლელი მანქანა ამ ფილმში ადამიანურ თვისებებს და გრძნობებს იძენს, ცოლი მოჰყავს, შვილს ზრდის და კარლს ირქმევს, თანაც ბერდება.

სასაცილოა ხომ? აი „ტერმინატორის“ ფანებს ამაზე სიმწრით თუ გაეცინებათ…

კიდევერთი ფაქტი, რასაც გვერდს ვერ ავუვლით, ტერმინატორის ასაკია. არნოლდ შვარცნეგერს ამ ფილმში საკმაოდ ეტყობა ასაკი  და მისი ასეთი ტრანსფორმაცია ახსნილი არ არის. „პარამაუნთი“ არც სი-ჯი-აი ტექნოლოგიის გამოყენებას ეცადა საიმისოდ, რომ ტერმინატორის დაბერება არ ეჩვენებინა, რაც მის „ადამიანურ“ თვისებებთან კომბინაციაშიც და ცალკე აღებულიც ძალიან კომიკურად გამოიყურება.

სამწუხაროდ,  უკვე შეგვიძლია ძველ, კარგ „ტერმინატორს“ თამამად ვუთხრათ,  HASTA LA VISTA, BABY!

„ტრანსფორმერები“

კიდევ ერთი პოპულარული ფრენჩაიზი, რომელმაც კარგად დაიწყო, თუმცა… „ტრანსფორმერების“ საგაში პირველი ფილმი ცალსახად საუკეთესოა, თუმცა გაუარესების ტენდენცია მეორე ფილმიდან, „დაცემულის შურისძიებიდანვე“ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ სტუდიას  რიგით მეორე, მესამე და მეოთხე ფილმებმა გაცილებით დიდი მოგება მოუტანა, ფანებს ისინი უფრო და უფრო ნაკლებად მოსწონდათ. მაიკლ ბეის  საგა ნამდვილად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ისეთი ფრენჩაიზების რიცხვს, რომლებსაც პოტენციალი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა ფილმიდან ფილმამდე საგრძნობ რეგრესს განიცდიდნენ. ამაზე მეხუთე ფილმიც მეტყველებს, რომელსაც ყველაზე უარესი რეიტინგი და კრიტიკოსთა შეფასებები ჰქონდა, ხოლო შემოსავლით  ყველა წინამორბედზე უარესი შედეგი აჩვენა.

Honorable mentions:

ფორსაჟი“

„იქს ადამიანები“

“ქალი საოცრება“

„სუპერმენი“

 „მთიელი“

„შიმშილის თამაშები“

„მძევალი“

„პოლიციის აკადემია“

„რობოკოპი“

„უცხო“

„მტაცებელი“

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ როგორც წესი, ნებისმიერი ფრენჩაიზის პირველი ფილმი უკეთესია ხოლმე, ვიდრე მეორე, მეორე უკეთესია ვიდრე მესამე და მეოთხე, მომდევნო ფილმები კიდევ უარესია და სტუდია ვერ ხვდება, როდის უნდა გაჩერდეს, რომ საშინელმა სიქველებმა მაყურებელს ორიგინალ და საყვარელი ფილმებზეც არ ჩააქნევინოს ხელი.  თუმცა ვიდრე მაყურებელთა მასა ეკრანზე მხოლოდ სპეც-ეფექტების, აფეთქებების და ბრძოლების სანახავად ივლის და შინაარსს, ფრენჩაიზის კანონიკას, სცენარს და დიალოგებს ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს, სტუდიები ჩვენი საყვარელი ისტორიების აკუწვას და დამახინჯებას არ შეწყვეტენ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები