LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი და მთავრობა უნდა გადადგეს, მოძალადეები უმკაცრესად დაისაჯონ, პასუხი აგონ ძალადობის წამახალისებელმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა: დავით ბაქრაძე

60
დავით-ბაქრაძე

მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობაა – პრემიერი და მთავრობა უნდა გადადგეს, მოძალადეები უმკაცრესად დაისაჯონ, პასუხი აგონ ძალადობის წამახალისებელმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა, – განცხადებას ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“უმძიმესი ტრაგედია მოხდა დღეს საქართველოში.

ამ ტრაგედიაში და ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც ამ მოძალადეს ქვა მისცა ხელში, წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა.

ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში დამნაშავე არიან არა მხოლოდ ის ნაძირლები, ვინც ქრისტიანობის და ქართული ტრადიციების სახელით ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგოს ცემას აპირებდა, რომელსაც ლექსო გადაეფარა, არამედ ყველა ის პოლიტიკური თუ სასულიერო ლიდერიც, ვინც ეს მოძალადეები არ დასაჯა, წააქეზა და დაარწმუნა, რომ ძალადობით სწორ და სასარგებლო საქმეს აკეთებდნენ.

რა არის იმაზე დიდი ქართული ტრადიცია, ვიდრე მამაკაცის მხრიდან მის გვერდით მყოფი ქალის დაცვაა? რა არის იმაზე მაღალი ქრისტიანული ღირებულება, ვიდრე სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გაწირვაა? სწორედ ლექსო ლაშქარავაა მაგალითი ქართველობის, ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის და არა ის მოძალადე ორკები და მათი წამქეზებლები, ვინც ამ ღირებულებების სახელით უდიდესი ბოროტება ჩაიდინა და კაც ჰკლა.

უმძიმესი სანახავი და მოსასმენია შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ქმედებები – სრულიად ნათელია, რომ გარდაცვალების მიზეზების ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, მაგრამ ამ ფორმით შევარდნა დაღუპული ადამიანის ოჯახში, ასე მოქცევა ჭირისუფლებთან და რაც მთავარია – უკვე ფაქტობრივად ღიად საუბარი “ზედოზირებაზე” არის არა მხოლოდ დაღუპული ლექსო ლაშქარავას და მისი ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა და ღია მცდელობა, აარიდოს ხელისუფლებას ამ ტრაგედიით გამოწვეული პასუხისმგებლობა.

ამ ყველაფერს აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს – სრულად ვიზიარებ და ვუერთდები საზოგადოების მოთხოვნას პრემიერისა და მთავრობის დაუყოვნებლივი გადადგომის შესახებ.

ძალიან ვწუხვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის გამო ფიზიკურად ვერ ვუერთდები დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას და მიმაჩნია, რომ ამ აქციაზე აუცილებლად უნდა მივიდეს ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს, საქართველოში ქუჩაში აღარ ქოლავდნენ ადამიანებს განსხვავებული აზრის ან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო. ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების ან განსხვავებების დაფიქსირების აქცია, საფრთხის წინაშე დგას პოლიტიკაზე ბევრად მაღალი ღირებულება – ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის, აზროვნების, სინდისის თავისუფლება, საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენი საზოგადოების ნორმალური განვითარების პერსპექტივა.
კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს უღრმეს გულისტკივილს და სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ნათესავებს, კოლეგებს და ახლობლებს.” – წერს დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში