LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის საყვარელი ტელეწამყვანი ეკატერინა ანდრეევა, რომლის ასაკიც რუსულმა მედიამ ვერაფრით გაარკვია

19741
ეკატერინა

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „პირველი არხის“ მთავარი საინფორმაციო პროგრამის „ვრემიას“ წამყვანი, ეკატერინა ანდრეევა ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოლო წლების ერთ-ერთი გახმაურებული რუსული ტელე სკანდალის უნებლიე მონაწილე გახდა. როდესაც ის მორიგ გამოშვებას უძღვებოდა, „ვრემიას“ რედაქტორმა, მარინა ოვსიანიკოვამ მის უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა და არხი პროპაგანდისა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. უკვე დღეს, მარინას ადვოკატი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ჟურნალისტი ქალის პოვნა ვერ შეძლეს და არ იციან მისი ადგილსამყოფელის შესახებ. იმავდროულად, სკანდალს გამოეხმაურა ტელეეთერში და როგორც ჩანს, მის მიღმაც ძალიან მშვიდი ეკატერინა ანდრეევა და განაცხადა, რომ ზოგადად მისი სიმშვიდე იოგის დამსახურებაა.

“ვრემიას” წამყვანი, მის ეთერში გამოჩენილი უკრაინის მხარდამჭერი პლაკატის შემდეგ, სიმშვიდის მოსაპოვებლად იოგას მიმართავს

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

რუსული მედიისთვის მომხიბვლელი წამყვანი მკაცრი იმიჯით, ზედმეტი მაკიაჟისა და სამკაულების გარეშე, ყოველთვის გემრიელი საკბილო იყო… ეკატერინა ანდრეევას ჰყავს ქალიშვილი, ნატალია, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ქორწინების შედეგად შეეძინა – ეკატერინა 18 წლის ასაკში გათხოვდა… მისი პირველი მეუღლე ანდრეი ნაზაროვი გახლდათ. წყვილის გზები გაიყარა, თუმცა ყოფილი მეუღლის შესახებ ტელესახე არც კარგს ამბობს და არც ცუდს. მისი ქალიშვილი ნატალია „მგიმოს“ კურსდამთავრებული და ამჟამად წარმატებული იურისტია.

ეკატერინას მეორე ქმარი იუგოსლავიელი ფეხბურთელი და შემდგომში რუსეთში ნავთობის ბიზნესში ჩართული დუშან პეროვიჩი გახდა, რომელმაც საყვარელი ქალის გამო რუსული ენაც ისწავლა.

ის, რაც ანდრეევასთან დაკავშირებით დაფარულია – ეს წამყვანის ასაკია. მისი დაბადების ორი თარიღი სახელდება – 1961 წლის 27 ნოემბერი და 1965 წლის 27 ნოემბერი. პირველ შემთხვევაში, მომხიბვლელი ტელესახე 60 წლისაა, ხოლო მეორე შემთხვევაში – 56 წლის. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეკატერინა ანდრეევა ზედმეტი ჩარევების გარეშე ეკრანზე ფაქტობრივად, ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც წლების წინ. მისი „მუდმივი ახალგაზრდობის“ შესახებ რუსეთში იმდენს საუბრობდნენ, რომ „ინსტაგრამზე“ საკუთარ ანგარიშზე გამომწერებს ამ დრომდე სიამოვნებით უზიარებდა ფორმის შენარჩუნების საკუთარ ხერხებსა და საიდუმლოებებს, თუმცა 14 მარტიდან რუსეთში „ინსტაგრამი“ ხელმისაწვდომი აღარ არის, ამიტომაც ანდრეევას რჩევებს რუსი პუბლიკა სავარაუდოდ, ახლა უკვე „ოდნოკლასნიკების“ საშუალებით მოისმენს.

გარდა იმისა, რომ წლებია, „პირველი არხის“ სახეა, მან რამდენიმე კინოროლიც შექმნა – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, შემდეგ უკვე 1999 წელს, 2004-ში კი ერთ-ერთ ფილმში საკუთარი თავი განასახიერა.

„ოერტეს“ უცვლელი წამყვანი ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებას 1998 წლიდან უძღვება. აღსანიშნავია, რომ მას თავიდანვე არ ჰქონდა განსაზღვრული ჟურნალისტობა – ჯერ სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა და გენერალურ პროკურატურაშიც გადიოდა სტაჟირებას, თუმცა მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის შედეგად, გადაწყვიტა, საბუთები ისტორიის ფაკულტეტზე გადაეტანა და სისხლის სამართალს ჩამოშორებოდა. მეტი ამ ინციდენტის შესახებ არაფერია ცნობილი…

1992 წლიდან უკვე სხვადასხვა რუსულ ტელევიზიაში, დილისა თუ საღამოს გადაცემებში მუშაობდა წამყვანად, 1998 წლიდან კი „ვრემიას“ ერთ-ერთი წამყვანი შეცვალა და მას შემდეგ მისი შეცვლა ვერავინ მოახერხა. ეკატერინა ანდრეევა პუტინის რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. როგორც ამბობენ, ტელესახეს რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ნდობა აქვს, შესაბამისად, ყოველდღიურად თავად აწყობს საინფორმაციო გამოშვების მთავარ თემებს და ტექსტებსაც თავად წერს. ნდობის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ ეკატერინა ნადრეევა პუტინის ერთ-ერთი საყვარელი ტელეწამყვანია, ამიტომ როდესაც 2009 წელს ხმები გავრცელდა, თითქოს მისი ტელეკარიერა „ვრემიაში“ დასრულდა, ვინაიდან არხის იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე ვერ შეთანხმდა, შესაძლოა, ტელევიზიის სხვა თანამშრომელი დაეთხოვათ კიდეც, მაგრამ ანდრეევას „პირველი არხის“ ხელმძღვანელობა ვერ შეეხო – სამკვირიანი, საკმაოდ გრძელვადიანი შვებულების შემდეგ ის ისევ დაბრუნდა ეკრანზე და რამდენიმე მედიასაშუალების მტკიცებით, ეს პირადად ვლადიმერ პუტინის ჩარევის შედეგად მოხდა, – მას სურდა, საყვარელი ტელესახე კვლავ ეხილა „ვრემიას“ სტუდიაში… პუტინის სურვილი ორივე მხარემ გაითვალისწინა და ანდრეევა წამყვანად დარჩა. მისი გათავისუფლების შესახებ ჭორები 2015 და 2018 წელსაც გავრცელდა. 2018 წელს ანდრეევამ ეს ამბავი კომენტარის გარეშე არ დატოვა, წინასაარჩევნო პერიოდში „პირველ არხს“ ფორმატის შეცვლა სურდა, თუმცა შემდეგში ანდრეევამ ისევ დაიკავა ძველი სავარძელი. 2020 წელს ეს საკითხი კვლავაც გააქტუალურდა, თუმცა, როგორც ჩანს, პუტინის სიყვარული ტელეწამყვანის მიმართ კვლავ აქტუალურია, ამიტომაც ანდრეევას მაყურებელი კვლავ საკუთარ ადგილას ხედავს…

სკანდალურ ეთერამდე რამდენიმე დღით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილმა ტელესახემ „პირველი არხი“ დატოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამებოდა… როგორც ჩანს, პუტინის პრეზიდენტობა მისთვის ერთგვარი გარანტიაა, რომ „ვრემიას“ ცენტრალურ გამოშვებას სხვა ვერავინ წაიყვანს…

 

magti 5g