LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინის შეჩერება მეტი იარაღით და არა მხოლოდ სიტყვებით“ – როგორ ეხმიანებიან მსოფლიო ლიდერები კიევზე დღევანდელ შეტევას

123
Untitled design (2)

ომის მიმდინარეობის 229-ე დღეს, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სარაკეტო იერიშები განაახლა – დილიდან იბომბება კიევი, ხარკოვი, ლვოვი და დნეპროპეტროვსკი.

უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალებია – კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები

„ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგ“ – ზელენსკი კიევის ქუჩებიდან ვიდეო მიმართვას ავრცელებს

რუსეთის აგრესიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან და ერთმანეთს მოუწოდებენ, უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ პუტინის გენოციდის შესაჩერებლად მეტი იარაღია საჭირო:

„პუტინის გენოციდის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი შეჩერება მანამ, სანამ ის თავად არ გაჩერდება – მეტი იარაღით და არა მხოლოდ სიტყვებით“, – აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდსბერგისის „ტვიტში“.

 

 

უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ, სატელეფონო საუბარი შედგა ნატოს გენერალურ მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნატო მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს:

„დავგმე რუსეთის საშინელი და განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ნატო მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერში“.

 

 

სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის ქალაქების მასობრივ დაბომბვას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც:

„კატეგორიულად ვგმობთ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე განხორციელებულ მასობრივ სარაკეტო თავდასხმებს.

სისასტიკე, ტერორი და უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – წერს სანდუ.

 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ის, რაც ახლა კიევში ხდება ძალიან სევდიანია:

„ეს ვითარება მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ რეჟიმის სახეს, რომლის წინაშეც ვდგავართ, იმ რეჟიმის, რომელიც ახორციელებს ტერორს და იწვევს ბავშვების სიკვდილს.

ეს არის კრიმინალი. მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს მეცოლა.

 

 

უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელიც:

„შოკირებული ვარ რუსეთის თავდასხმებით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

21-ე საუკუნეში ასეთი ქმედებების ადგილი არ არის. ამას უმკაცრესად ვგმობ.

ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია“, – აღნიშნავს ბორელი „ტვიტში“.

 

 

პარალელურად, პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც და ამბობს, რომ ეს ომი ყველას ეხება:

„დღეს -რუსეთ-უკრაინის ომი, ევროპის შუაგულში, ყველას გვეხება. ისეთი შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ – ელექტროენერგია, საწვავი, ბენზინი, წყალი და საკვები – ახლა ფუფუნებად იქცევა.

ჩვენ უნდა გამოვნახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

magti 5g