LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა მიმართ ძალადობა პარტიულ ინტერესებს სცდება, თეა წულუკიანს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ამაზე საჯაროდ საუბრისას ქალი პოლიტიკოსები გვერდში დაუდგებიან: ქალი დეპუტატები

53
Untitled design (5)

„მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში გამოსვლის დროს, კულტურის მინისტრის ერთ-ერთ განცხადებას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ეხმიანებიან და თეა წულუკიანის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

გუშინ წულუკიანმა განაცხადა: „სპორტის ქალ მინისტრს მაქვს ბევრი პრობლემა ფედერაციებთან, ვიღაცას აქვს განცდა, რომ შეიძლება, ფული როგორც უნდა, ისე გამოიყენოს, ვინმე თუ შეეწინააღმდეგება, მასზე გაიწიოს, მაგრამ არ გავიწევი“.

ამ განცხადების საპასუხოდ დღეს ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ და ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თეა წულუკიანს უნდა ჰქონდეს იმედი – ამაზე საჯაროდ საუბრის დროს ქალი პოლიტიკოსები მას გვერდში დაუდგებიან:

„მინისტრის საათის“ დროს ქალბატონ თეა წულუკიანს დავუსვით კითხვა სპორტის ფედერაციებთან დაკავშირებით, სადაც ნაწილი ითვალისწინებს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით და ნაწილთან დაკავშირებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია.

მისი პასუხი ამ საკითხზე საკმაოდ საგანგაშო იყო. მან თქვა, რომ მას, როგორც ქალ მინისტრს, ურღვევენ ქალთა უფლებებს და იყო ძალადობის ფაქტებიც.

სამწუხაროდ, ის საჯაროდ არ საუბრობს მოძალადეებზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა. მან თქვა, რომ თვითონ მოაგვარებს პრობლემას. ეჭვიც არ მეპარება, ის არის ძლიერი ქალი მინისტრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ისაუბროს საჯაროდ მოძალადეებთან დაკავშირებით, უნდა დამალოს ინფორმაცია და ჩათვალოს, რომ მხოლოდ მას ეკუთვნის და მისი მოსაგვარებელია ეს საკითხი მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც ქალებს ეხება.

ამ პრობლემების არსებობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ენდობა სხვა ქალებს, ქალ პოლიტიკოსებს. ამიტომ, ჩვენ დღეს მას გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ის საკითხი, რომელიც სცდება პარტიულ ინტერესებს და არის გაცილებით მნიშვნელოვანი და ამიტომ, მას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ამაზე საჯაროდ საუბრისას გვერდში დაუდგებიან ქალი პოლიტიკოსები“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც და აღნიშნა, რომ პოლიტიკოს ქალზე ფიზიკური ზემოქმედების მუქარა დაუშვებელია:

„აღშფოთებას შევუერთდები. დაუშვებელია პოლიტიკოს ქალზე ფიზიკური ზემოქმედების მუქარა, ისევე როგორც მცდელობა. ჩვენ ყველას, აქ მდგომ დეპუტატებს, გვქონდა ასევე რეაგირება გახშირებულ ფემიციდთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ვფიქრობთ, რომ ასეთი საკითხები უნდა იყოს არა მხოლოდ გენდერული საბჭოს, არამედ სრულიად პოლიტიკოსების ინტერესის საგანი, რადგან დაუშვებელია პოლიტიკოს ქალებზე მუქარა, დაშინება ფიზიკური ზემოქმედების მიზნით და უნდა ვიყოთ ყველა სოლიდარული, როგორც ქალი დეპუტატები, ასევე ჩვენი კოლეგები საპირისპირო სქესიდან.

ამიტომ, ეს საკითხი უნდა გასცდეს პოლიტიკური გემოვნების სფეროს და ამაზე ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთი მხრივ, დაუშვებელია და მეორე მხრივ, ვისაუბროთ, რათა დავიცვათ სხვა ქალები პოლიტიკაში, რამდენადაც ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, ქალების თანამონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, დიდწილად ასევე ამ საკითხებით არის განპირობებული“, – განაცხადა აქუბარდიამ.

თამარ კორძაიას თქმით, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ისინი იქნებიან სოლიდარულები და ნებისმიერი ქალი პოლიტიკოსის უფლებებს დაიცავენ:

„არ შეიძლება მინისტრი ქალი იმ მდგომარეობაში იყოს, რომ მას ფიზიკურ შეხლამდე უწევდეს საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას მამაკაცებთან ურთიერთობა. ნებისმიერი ქალი, რომელიც პოლიტიკაშია და განიცდის უთანასწორობას, მისი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ვიქნებით სოლიდარული და დავიცავთ მათ უფლებებს“, – განაცხადა კორძაიამ.