LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ჩაის“ ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის დანერგვას შეძლებენ

92

სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის  დანერგვას შეძლებენ.

როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, GLOBAL GAP პირველადი აგროწარმოების სტანდარტია, რომელზეც სახელმწიფო პროგრამების – „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარებს ტექნიკური დახმარების სფეროში სემინარები უტარდებათ. ამას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/REAP (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი)  შორის არის გაფორმებული.

სემინარის სასაწავლო კურსი  შემდეგ საკითხებს მოიცავს:  ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები, ბაღის მოვლა/მორწყვა, შეწამვლა, მავნებლებთან ბრძოლა, სასუქის შეტანის ტექნოლოგია, პერსონალის უსაფრთხოების წესები, მოსავალის აღება, დასაწყობების და დაფასოების წესები.

პირველი სემინარის, რომელიც ქალაქ გორში ტარდება, მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე და USAID/REAP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი ირინე სალუქვაძე ადგილზე გაეცნენ.

სემინარი USAID/REAP-ის ფინანსური დახმარებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერაა ორგანიზებული. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 6 აღნიშნული ტიპის სემინარის ჩატარებაა დაგეგმილი.

სემინარის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო სტანდარტი „GLOBAL GAP“ დანერგონ და შესაბამისი სერთიფიკატი მიიღონ.  USAID/REAP სასერტიფიკატო პროგრამის დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ს დააფინანსებს, ხოლო დარჩენილ 50%-ის გადახდა ბენეფიციარების მიერ მოხდება.

სახელმწიფო პროგრამები „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიანი აგროპროექტი“  მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

პოპულალურები