ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ საკითხი ერთხელ დაისვა, თუმცა ეს საკითხი ახლა დახურულია.

ბჟანიამ რუსულ მედიასაშუალებასთან “არგუმენტები და ფაქტები” ვრცლად ისაუბრა და უპასუხა ჟურნალისტის კითხვებზე – იქნება თუ არა მშვიდობა საქართველოსთან, რა მდგომარეობაა და ხშირად ხდება თუ არა პროვოკაციები საქართველოსთან საზღვარზე და რამდენი ქართველია დარჩენილი აფხაზეთში:

“ქართველები აქ ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ, მათი რაოდენობა დაახლოებით 45 ათასია. უმეტესობას აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვს, მაგრამ ისინი ისე ცხოვრობენ, როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, ერთხელ დაისვა საკითხი ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ. ეს საკითხი ახლა დახურულია.

ისინი არ გვიცნობენ, ვერ ხედავენ ისეთ სახელმწიფოს, როგორიც აფხაზეთია. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოთაშორისი კონტაქტები. არსებობს მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი რუსეთის მონაწილეობით.

ხაზგასმით აღვნიშნავ – ჩვენ არ ვაპირებთ, განვიხილოთ აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის საკითხი საქართველოსთან და სხვა სახელმწიფოებთან. ამას ხალხი განსაზღვრავს, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს თემა ჩვენთვის სამუდამოდ დახურულია. საზღვარზე, აფხაზეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ როგორც აფხაზი, ასევე რუსი მესაზღვრეები უზრუნველყოფენ, ამ საზღვარზე პროვოკაციები ძალიან იშვიათია.” – აცხადებს ბჟანია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ჟურნალისტი ეკითხება, რამდენად რთულია ან იოლი ცხოვრება აღიარების გარეშე, ბჟანია აცხადებს, რომ ამის გამო განსაკუთრებით არც წუხან და არც კომპლექსდებიან და აღნიშნავს, რომ მათ აქვთ ფანჯარა გახსნილი მსოფლიოსკენ და ევროპისკენ რუსეთის ფედერაციის გავლით:

“ჩვენ ამ საკითხს ვუყურებთ, როგორც დადგენილ რეალობას. დიახ, ეს ჩვენს ცხოვრებას ართულებს. აშკარაა, რომ იგივე აეროპორტი დიდი ხნის წინ დაიწყებდა მუშაობას, რომ არა საქართველო და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც მას მხარს უჭერენ.

ჩვენ გვსურს ყველასთან ვიმეგობროთ, ჩვენს შვილებს ასევე უნდათ ჩამოსვლა, მაგალითად, ათენში ან რომში. ჩვენ ასეთი შესაძლებლობა მოგვაკლდა. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს სწორი და სამართლიანია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მაგრამ ჩვენ ამის გამო განსაკუთრებით არ ვწუხვართ, არც ვკომპლექსდებით. ჩვენ გვაქვს ფანჯარა მსოფლიოსკენ, ფანჯარა ევროპისკენ რუსეთის ფედერაციის გავლით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთთან გვაქვს ერთიანი კულტურული, ერთიანი სულიერი სივრცე და ეს ჩვენთვის კარგია.” – აცხადებს ასლან ბჟანია.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები