თოვლის ბაბუა რომ არსებობს და საჩუქრებს მთელი წლის განმავლობაში ბავშვების საქციელის მიხედვით განსაზღვრავს, ამას ყველა ბავშვი იჯერებს 10 წლამდე მაინც. ზოგი უფრო ადრე ხვდება, რომ თეთრ წვერსა და სანტას ტანსაცმელში მამამ მოაკითხა, ზოგმა თოვლის ბაბუაში დედა ამოიცნი, ზოგმა ქუსლიანი პედაგოგი შეამჩნია, ზოგი მერე მთელი წელი არკვევს ამ პატარა ბუხარში ამხელა კაცი, თან საჩუქრებით როგორ ჩაეტია, ზოგი საჩუქარს იწუნებს მაგრამ მაინც, ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო დღე პატარებისთვის.
როგორც ყველა ადამიანი განსხვავებულია, ისე განსხვავდება საბავშვო სურვილებიც. განსხვავებულია სოციალური ფენების ოჯახების, პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების და უბრალო მშრომელი ოჯახის შვილების სურვილები.
„ფორტუნამ“ ათეულობით ბავშვის საახალწლო სურვილი მოისმინა და ორიგინალური ათეული შეადგინა.
10. სახატავი დაფა, ფუნჯები და მოწყობილობები; რვეული, სადაც ნაწერი მხოლოდ შუქის მინათებით გამოჩნდება – ბარბარე ჩაკვეტაია, 9 წლის. თბილისი
9. ელზას კაბა და ნაწნავი – ანა ფიფია, 3 წლის. თბილისი
8. პლანშეტი და მატარებელი, დედასთვის კი საათი და სუნამო – ნიკოლოზ ძაძამია, 6 წლის. ზუგდიდი
7. ბურთი, რომელიც ღამე ანათებს, მინდორში ადვილად რომ ვპოულობდე – გივიკო ნადირაძე, 4 წლის. გორი
6. ტანსაცმელი, რომელიც არ ისვრება, დედა არ გამიბრაზდება მერე – თომა დუმბაძე, 3 წლის. ბათუმი
5. დიდი ელა მაქვინი (წითელი მანქანა) – გაბრიელ ქარჩავა, 4 წლის. ზუგდიდი
4. მაღაზიაში გამყიდველმა ფული არ გადამახდევინოს, საერთოდ. არც კინდერშოკოლადზე და არც ბუენოზე – ელენე განგავა, სენაკი
3. „ლეგოს“ სათამაშოები – დათა ოქრუაშვილი, 5 წლის. თბილისი
2. ერთნაირი სახლის მქონდეს გალში და ზუგდიდში – მანუჩარ ბაღბაია, 6 წლის. აფხაზეთი
1. წამალი, რომელსაც სუნი და გემო არ ექნება და კიდევ ნემსი, რომელიც არ მეტკინება – ანასტასია ბ, 4 წლის. თბილისი (იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის პაციენტი)
იმ სურვილების ასახდენად, რომელსაც პატარები სანტას მისამართით წერენ, ზოგჯერ მშობლის ბიუჯეტიდან სერიოზული თანხის გამოყოფას მოითხოვს, თუმცა შვილის სიხარულისთვის და გაბრწყინებული თვალებისთვის თოვლის ბაბუის „ანგარიშზე“ გადარიცხული ნებისმიერი თანხა გამართლებულია. ესეც მომავლის ინვესტიციაა, რაც ბავშვის მომდევნო წლის საქციელს განსაზღვრავს. ასე რომ, იმის დაყვედრება „შენ მთელი წელი ცუდად იქცეოდი და სასურველი საჩუქარიც ამიტომ ვერ მიიღეო“, ახალ წელს „არ ჭრის“ და ამას ფსიქოლოგებიც გვეუბნებიან.