LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან სრულიად ახალი მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა

79
181203883-2958069647795304-2244198974192057367-n

ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე FlyArystan-მა პირველი რეისი 4 მაისს შეასრულა. აქტაუდან ჩამოსული მგზავრებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და FlyArystan-ის მმართველი დირექტორი ადრიან ჰამილტონ მანსი დახვდნენ. მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

საინაუგურაციო ცერემონიალში მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, DMO IMERETI აღმასრულებელი დირექტორი ტატო ლილუაშვილი და სხვები.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, FlyArystan-თან რეისებისა და მიმართულებების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ავიაკომპანიასთან და COVID-რეგულაციების შემცირების ფონზე შესაძლებლობას განვიხილავთ, რომ რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა გაიზარდოს. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაისში ემატება რეისები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, COVID-რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად იგეგმება რეისების დამატება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულნი არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, მაგალითად 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს ფრენებს, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings-ი დაიწყებს“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, FlyArystan ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით იფრენს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები