საერთაშორისო მედია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ წერს. ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ბლოგი 1828, რომელიც აშუქებს სიახლეებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ფარავს საერთაშორისო და ადგილობრივ სიახლეებს, აქვეყნებს სტატიას ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებზე და წარმატებულ მაგალითად მოჰყავს საქართველოში გახსნილი ახალი უნივერსიტეტი.
პუბლიკაციის ავტორი უილ უოლტერი, განათლების სისტემის მრჩეველი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, საკუთარ ბლოგში საუბრობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ და განიხილავს იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. განათლების ექსპერტის აზრით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და მიიზიდავს იმ სტუდენტებს აზიიდან და ევროპიდან, რომლებიც განათლების მიღებას ბრიტანეთსა და აშშ-ში გეგმავდნენ.
ნახეთ, როგორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე კამპუსი (ფოტოები)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ულტრათანამედროვე კამპუსი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს
„ევროპასთან დაახლოებული ქვეყნები ასევე ხსნიან თანამედროვე სასწავლო დაწესებულებებს. მომავალ თვეს, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში გაიხსნება სრულიად ახალი, STEM მიმართულების საუნივერსიტეტო კამპუსი. დროთა განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დაიწყებს მუშაობას საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით აზიიდან და ევროპიდან, მათ შორის არიან სტუდენტები, ვინც წარსულში ამჯობინებდნენ დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ამერიკაში არსებულ უნივერსიტეტებს. მსოფლიო დონის შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობა 1 მილიარდი ევროს ღირებულების მაღალტექნოლოგიურ საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელიც გაცილებით ახლოს არის სახლთან, შეიძლება ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს ამ რეგიონების სტუდენტებისთვის, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ერთ-ერთი მიზანია“, – წერს პუბლიკაციის ავტორი უილ უოლტერი.