LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა როლი აქვს ფსიქოთერაპიას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასა და პრევენციაში

504
123613837-969702710186212-7683596813050361290-n (1)

რა როლი აქვს ფსიქოთერაპიას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასა და პრევენციაში – ამ თემაზე „ფორტუნას“ ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია ესაუბრა.

„ფსიქოთერაპიას უდიდესი ადგილი უჭირავს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური თუ სომატური დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის პროცესში, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების დროს, ფსიქოთერაპიის როლი არის უმნიშვნელოვანესი.

ნებისმიერი დაავადება წარმოიშობა გენეტიკური, იმუნური და გარემო ფაქტორების ზეგავლენის  შედეგად ადამიანის ორგანიზმზე, სადაც თანამედროვე მედიცინაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მისი განწყობები, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დარღვევამ ადამიანის ორგანიზმზე ან პირიქით.

თანამედროვე პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია ფიზიკური მკურნალობის პროცესს თან ახლდეს ფსიქო– სოციალური მხარდაჭერა, აუცილებელია ონკოპაციენტების როგორც ფიზიკურ, ასევე მათ  ფსიქიკურ, მორლურ და  სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ფსიქოთერაპია გულისხმობს კლიენტსა და ფსიქოთერაპევტს შორის ალიანსის დამყარებას, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით კლიენტის ფსიქო–ემოციური მდგომარეობის გაჯანსაღებას, შინაგანი რესურსების გაძლიერებას, ცხოვრებისეული ფუნქციონირების ხარისხის ამაღლებას, შინაგანი განწყობების პოზიტიური ცვლილებას, შრომისუნარიანობის აღდგენას და ა.შ.

საქართველოში ფსიქოონკოლოგია შეიძლება ითქვას, რომ ახლად დამკვიდრებულია და ნელ–ნელა უფრო და უფრო აქტუალური ხდება მისი მნიშვნელობა. პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, თუ რამდენად აუცილებელია ფსიქოლოგის ჩართულობა ონკოლოგიური დაავადების  მართვის პროცესში, როგორც საწყის ეტაპზე, დიაგნოზის დასმიდან დაწყებული, მთელი მკურნალობის პერიოდში, ასევე პრევენციის მიზნით, რასაც თავად ონკოლოგიური პაციენტებიც ხაზგასმით აღნიშნავენ.

ონკოლოგიური დაავადების სხვადასხავ სტადიაზე თავს იჩენს სხვადასხვა სახის ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქოსომატური სტრესი, შიშები, დეპრესიული სიმპტომატიკა და ა.შ. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება  შინაგანი მდგომარეობის გამოხატვის შესაძლებლობას, რაც ხორციელდება ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა: არტ–თერაპია, მუსიკა, ცეკვა, სხეულზე ორიენტირებული თერაპია, სხავდასხვა სახის სარელაქსაციო თუ სუნთქვითი სავარჯიშოები, მედიტაცია, იოგა, კოგნიტურ ქცევითი თერაპია და ა.შ.

სამედიცინო მკურნალობის პროცესთან ერთად, ფსიქოთერაპია აუმჯობესებს პაციენტის ფსიქო–ფიზიკურ მდგომარეობას, ხელს უწყობს პაციენტის ცხოვრების ხარისხის აღდგენას და გამოჯანმრთელების პროცესს. ასევე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ონკოლოგიური პაციენტების ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მათი განწყობები და მოლოდინები. მოგეხსენებათ, ოჯახის წევრები და ახლობლები მნიშვნელოვან, მხარდამჭერ რგოლს წარმოადგენენ ონკოლოგიური პაციენტებისთვის, შესაბამისად აუცილებელია მათთვისაც საჭირობების შემთხვევაში ჰქონდეთ ფსიქოლოგიური დახმარების ხელმისაწვდომობა.

საქართველოს ფსიქო–ონკოლოგიის საზოგადოების მიზანია, ზრუნვა ონკოლოგიურ პაციენტებზე, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა  ონკოლოგიური პაციენტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, მხარდაჭერა და თანადგომა როგორც  მკურნალობის პროცესში, ასევე პრევენციის მიზნით“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები