LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიცვლება მეორე ტურამდე და ვის გაერთიანებას უნდა ველოდოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის

118

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არ მივიდა. 28 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (52.26) არ დააფიქსირა. ხმა მოქალაქეთა 46.74%-მა მისცა.

თუ ამ მონაცემებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ აქტივობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, მაშინ ხმა 46.6%-მა პროცენტმა მისცა. აქტივობა მცირედით არის მომატებული 2017 წლის (თვითმმართველობის არჩევნები) არჩევნებთან შედარებითაც, მაშინ მოქალაქეთა 45.65%- მა მისცა ხმა.

პოლიტოლოგები არჩევნებზე მოსახლეობის დაბალ აქტივობას ხალხის ინტერესებს აცდენილ პოლიტიკურ პარტიებს და ნიჰილისტურ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

„მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დღეს გააჩნია ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ. ისინი არ ენდობიან არცერთ პოლიტიკურ პარტიას ან არ არიან დაინტერესბეული პოლიტიკური პროცესებით,“ – ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსახლეობის ძირითადი ნაწილის განწყობა მიმართ არ იცვლება და არჩევნებზე არ მიდის, თუმცა, იცვლება მათი განწყობები, ვინც საკუთარ ხმას აფიქსირებს. თუ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯერ კიდევ დაუშლელმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 21.73% აიღო, წელს “ევროპული საქართველოს” ეგიდით წარდგენილმა ამავე კანდიდატმა 10.97% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა კი, 16%-ით გაიზარდა, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 37.74%მიიღო; “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა კი 38.63%, რაც 23%-ით ნაკლებია 2013 წელს ამავე პარტიის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მიერ მოპოვებულ ხმებთან (  62,12%) შედარებით. შედეგებზე საუბრისას ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2018 წელს ამომრჩეველმა ხელისუფლებას საკუთარი ხმის ძალა აჩვენა.

„ერთადერთი დადებითი, რაც არჩევნების შედეგებმა მოიტანა, ეს არის ის, რომ დღეს ამომრჩეველს აქვს საშუალება პროცესები აკონტროლოს. მას ორი წლის განმავლობაში მუდმივად შეუძლია თქვას, რომ თუ დაპირებას არ შეასრულებთ, 2020 წელს ხმას არ მოგცემ. კარგი გაგებით, მუდმივი ზეწოლა შეუძლია ჰქონდეს “ოცნებაზე” და მის ლიდერზე. დღეს ხალხი ნელ-ნელა იბრუნებს თავის ფუნქციას, ხელისუფლების კონტროლისა,“ – აცხადებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში მამუკა არეშიძე.

დაახლოებით ამავე აზრს იზიარებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც და ამბობს, რომ ამომრჩეველმა ხელისუფლებას რეალობა დაანახა.

„პირველი ტურის შემდეგ ეს შედეგები გულთან მიიტანეს, ანერვიულდნენ, დაფაცურდნენ. დაინახეს, რომ ძლიერი კონკურენტები ჰყავთ. ძლიერ კონკურენტში ამ შემთხვევაში, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ არ იგულისხმება, ეს არის პირველ რიგში ამომრჩეველი, მილიონზე მეტი, რომელმაც ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა ხმა და არა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

რატომ შეიცვალა განწყობები და რამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ზრდა, ამაზე ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ხალხი „ქართულ ოცნებაზე“ და ბიძინა ივანიშვილზეა გაბრაზებული.

„ემოციური გავლენა, რომელიც 2012 წელს იყო, შესუსტდა, მაგრამ დიდი როლი ამ საქმეში მაინც „ქართული ოცნების“ არასწორმა საარჩევნო კამპანიამ შეასრულა, მანამდე არასწორმა გადადგმულმა ნაბიჯებმა, ბევრი ჩინოვნიკის უპასუხისმგებლობამ. ყველა თვითმმართველი ქალაქი იყო წაგებული, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ თვითმმართველობა ვერ მუშაობს და უნდა გათავისუფლდნენ მერები თანამდებობიდან, არა იმიტომ, რომ არჩევნები წააგო “ოცნებამ”, არამედ იმიტომ, რომ იმდენად ცუდად იმუშავეს, ხალხს შეაძულეს თავი. რუსთავის მერის ადგილას საერთოდ ქალაქში არ გამოვჩნდებოდი. ისე ცუდად იმუშავა, რომ ასეთი სხვაობით წააგო,“ – ამბობს მამუკა არეშიძე.

ნაწილობრივ იზიარებს ამ აზრს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე და ამბობს, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს ხმა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულმა ამომრჩეველმაც მისცა, თუმცა, ნაწილმა რეალურად ამჯობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„ბევრმა ხმა მისცა იმიტომ, რომ “ენმ”-ის მმართველობის პერიოდი ამჯობინა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს. პრობლემების მიუხედავად, ლარის კურსი სტაბილური იყო, ეკონომიკა ვითარდებოდა და იფიქრეს, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ივანიშვილს დაუჭირეს მხარი, საერთო ჯამში “ენმ”-ს მაინც ჰყავს სტაბილური ელექტორატი, რომელიც მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარს უჭერს,“ – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

 

მესამე ძალა: იქნება თუ არა კოალიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკური ძალებისთვის ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამის მიუხედავად, რამდენად მრავალფეროვან პარლამენტს უნდა ველოდოთ 2020 წელს, პროგნოზის გაკეთება უჭირს მამუკა არეშიძეს და ამბობს, რომ ეს მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გააქტიურდებიან პოლიტიკური პარტიები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თუმცა, ამბობს, რომ ოპოზიციამ ამ არჩევნებზეც ვერ მოახერხა საზოგადოებაში არსებული განწყობების გამოყენება ელექტორატის გასაზრდელად.

„ნაციონალურმა მოძრაობამ და „ევროპულმა საქართველომ“ საერთო ჯამში, მაინც ვერ ამოწურეს ის რესურსი, რაც საზოგადოებაში არსებობს, ვერ მოახერხეს ამ რესურსის მოცვა,“ – ამბობს მამუკა არეშიძე და დასძენს, რომ გარკვეული ბალანსისთვის მესამე ძალის გამოჩენაა საჭირო.

მრავალპარტიული პარლამენტის არსებობის მთავარ წინაპირობად ასახელებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობას ნიკა ჩიტაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ მის გარეშეც პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში შესასვლელად გარკვეული მექანიზმები მაინც ექნებათ და ამ დროისთვის შესაძლოა, გარკვეული ალიანსის ჩამოყალბებასაც ველოდოთ.

„სხვადასხვა ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციას ვგულისხმობ, შეიძლება იყოს გარკვეული ალიანსი ან კოალიცია “ენმ”-ს და “ევროპულ საქართველოს” შორის, რომელსაც შეიძლება შეუერთდნენ სხვა პროდასავლური პარტიებიც, მათ შორის “რესპუბლიკური პარტია”. მეეჭვება ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდეს “ლეიბორისტული პარტია”, რადგან მათ შორის იდეოლოგიური მსგავსება არ არსებობს, გამოვრიცხავ ასევე ბუნებრივია „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობასაც“ – პრორუსულ ძალებს. რაც შეეხება „გირჩს“, მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძე ჭკვიანი ადამიანია და ორიენტაცია ახალგაზრდებზე აიღო, ამან არ იმუშავა, ამიტომ მათ მოუწევთ დაფიქრება იმაზე, რომ მოკავშირეებთან დაამყარონ ურთიერთობა,“ – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები