LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიძლება სჭირდეს პუტინს – ვიდეო, რომელიც კრემლის პრესცენტრმაც არ გამოაქვეყნა

12662
რა სჭირს პუტინს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან დღემდე, რუსეთის პრეზიდენტზე მსოფლიო მედია ბევრს წერს.

მართალია, თავად კრემლი არ აღიარებს რომ უკრაინაში ომი დაიწყო და ორთვიან კოშმარს “სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებს, მაგრამ დემოკრატიულმა და ცივილიზებულმა სამყარომ 24 თებერვლიდან დაწყებულ კოშმარს, თავისი სახელი დაარქვა და მსოფლიოს არაერთი ლიდერი საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიების საჭიროებაზე ალაპარაკდა. მეტიც, კანადამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. 12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა.

ბევრმა ვერ გაიგო, რას ერჩის პუტინი თავის ხალხსა და უკრაინას. არსებობს თეორია, რომ ის ავადაა და ამის გამო იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეუძლებელია, ჯანმრთელი, საღი გონების ადამიანმა მიიღოს.

ამის შესახებ არაერთი უცხოური მედია წერს.

ეჭვები პუტინის ავადმყოფობის შესახებ მას შემდეგ გამყარდა, რაც სერგეი შოიგუსთან ერთად ვიხილეთ.

 

პუტინი მთელი 12 წუთის განმავლობაში მაგიდას ეჭიდებოდა და მისი გადაწყვეტილებების მთავარ „შემსრულებელს“ – შოიგუს, სწორედ ასე ესაუბრებოდა.

მიიჩნევა, რომ პუტინს, მმართველობის 23-ე წელს, გეოპოლიტიკური ამბები აინტერესებს, მაგრამ არის მინიმუმ კიდევ ერთი საკითხი, რაც მას ადარდებს. როგორც უცხოური მედია წერს, ეს მისი ჯანმრთელობაა და ამ “დარდს” საფუძველიც აქვს.

მაგალითად, რუსულ მედიაში გაჩნდა კითხვები:

  1. რატომ კოჭლობდა პუტინი
  2. როგორ გაუკეთეს პუტინს წელზე ოპერაცია
  3. რატომ ჰყავს პუტინს ქირურგი-ონკოლოგი

ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დაიწყო კრემლმა ინფორმაციის დამალვა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საქმე ეხება იმ შემთხვევას, როდესაც პუტინი ცხენიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა.

 

 

„ვვარჯიშობდი, როდესაც ცხენი ბარიერის წინ გაჩერდა და რეალურად, კულბიტი (ხტომი აკრობატიკაში ერთგვარი გადაყირავებით) გავაკეთე”, – განაცხადა მოგვიანებით პუტინმა.

როდესაც სახელმწიფოს მეთაურის სავარძელი დაიკავა, ის 47 წლის იყო და აქტიური მამაკაცის იმიჯი მოირგო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2002 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას საყვარელი გოგოსგან შვილი შეეძინა, ეს იმიჯი არ უნდა იყოს რეალობისგან შორს.

კრემლი პუტინის „ალფა მამაკაცის“ იმიჯის შექმნას ცდილობდა და რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას მალავდა – უბრალო გაციებასაც კი, რომ არაფერი ვთქვათ, სპორტის გამო მიღებულ ტრავმებზე.

ცხენიდან ჩამოვარდნა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, რადგან პუტინი გარკვეული პერიოდი ფეხზეც კი ვერ დგებოდა.

შესაძლოა, სწორედ ამ ტრავმამ იჩინა თავი 2012 წელს, როდესაც 4 ნოემბერს ეროვნული ერთიანობის დღეს, სახელმწიფო ტელევიზია აჩვენებდა კადრებს, როგორ მიიტანა ყვავილები მინინისა და პოჟარსკის ძეგლთან, წითელ მოედანზე.

ცერემონიალში პუტინი პატრიარქ კირილთან ერთად მონაწილეობდა.

პრეზიდენტის ეს კადრები ტელევიზიებმა დიდად არც აჩვენეს.

საქმე ისაა, რომ პუტინი კოჭლობდა. ინფორმაციის დამალვას შეეცადნენ არამხოლოდ ტელევიზიები, არამედ კრემლის პრესცენტრმაც არ გამოაქვეყნა ცერემონიალის ვიდეოჩანაწერი.

 

 

ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც იმ მომენტში პუტინს ახლდნენ თან, ნათელი იყო, რომ პრეზიდენტს რაღაც აწუხებს.

ამ ამბის შემდეგ კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით რამდენიმე ღონისძიება გადადო. პუტინი თითქოს მოსკოვში “გაიჭედა”.

2012 წლის ბოლოს პუტინმა კრემლში ვერ მიიღო იაპონიის პრემიერი. 

მის გამო შეამცირეს დიდ თეატრში ღონისძიება, რომელიც ნაპოლეონზე გამარჯვების 200 წლისთავს ეძღვნებოდა, მაგრამ პუტინი მაინც არ მივიდა.

ჩინოვნიკები არაფორმალურად ამბობდნენ: 

„შეფი ფორმაში არაა. ის კორსეტით დადის და ოპერაცია სჭირდება“.

იმ პერიოდში კრემლმა აითვისა ერთი მეთოდი: პუტინისა და მისი დაქვემდებარებულების შეხვედრების წინასწარი ჩანაწერის გამოყენება. ეს მას იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ დროებით გამქრალიყო ჟურნალისტებისა და ქვეყნის თვალთახედვიდან.

დროთა განმავლობაში ასეთი „გაუჩინარებები“ სულ უფრო ბევრჯერ ხდებოდა და ისევე როგორც იზრდებოდა პრობლემები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით…

მედია ამ თეორიებს რამდენიმე ფაქტით ასაბუთებს და წერს, რომ სოჭში პუტინი ექიმების გუნდთან ერთად მიდიოდა ხოლმე, მაგრამ თუკი ადრე მათი რიცხვი ხუთი იყო, მოგვიანებით ცხრამდე გაიზარდა.

 

ვლადიმირ პუტინი და ექიმი დენიოს პროცენკო კომუნარკის საავადმყოფო. 2020 წლის 23 მარტი

ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი გააქტიურდა 2021 წლის შემოდგომიდან. მაშინ პრეზიდენტი მოულოდნელად გადავიდა იზოლაციაში.

ითქვა, რომ პუტინი კოვიდის გამო ძალიან დიდხანს იმყოფებოდა ყველასგან განცალკევებით.

თავად რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული და ამიტომ გადაწყვიტა იზოლაციაში ყოფნა. როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერდა, ეს ინფორმაცია პუტინის ახლობლებისთვისაც კი მოულოდნელი იყო. უცნობია, იტარებდა თუ არა ამ დროს პუტინი რაიმე სახის სამედიცინო მანიპულაციებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ იზოლაციის დასრულების შემდეგ ხვდება ხალხს პუტინი ძალიან დიდი დისტანციით, როგორც წესი გრძელ მაგიდასთან.

უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტური სიტუაციის განსამუხტად, ომის დაწყებამდე, 7 თებერვალს საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ვლადიმირ პუტინს, მოსკოვში შეხვდა, თუმცა ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებიდან ყველას ყურადღება მაშინ სწორედ იმ გრძელმა მაგიდამ მიიპყრო, რომელსაც თავსა და ბოლოში მიუსხდნენ პრეზიდენტები.

გამონაკლისი იყო ზემოთ ნახსენები შოიგუსთან საუბარი. მასთან შეხვედრა პუტინმა გაცილებით მცირე ზომის მაგიდასთან წარმართა.

 

 

 

 

 

 

magti 5g