LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმღერა მიუძღვნა პატრიარქს დიტო ქისიშვილმა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ამის შემდეგ: „ბევრი ბრძოლა მიწევს ცხოვრებაში, მაგრამ მშიერი არ ვარ…“

2188
დიტო-ქისიშვილი

მომღერალი დიტო ქისიშვილი პანდემიის შემდგომი პასიური შემოქმედებითი ცხოვრებიდან აქტიურ საგასტროლო რეჟიმზე გადავიდა. დიტო ისეთ უბანშია გაზრდილი, სადაც სხვადასხვა ენაზე საუბარი მარტივად აითვისა. ის ოსურად საკმაოდ კარგად საუბრობს და პატრიარქს ოსურ-ქართული სიმღერა მიუძღვნა, რამაც ახალი საინტერესო გზა გაუხსნა შემოქმედებითად. ამის შესახებ ის fortuna.ge-ს ესაუბრა.

დიტო ქისიშვილი: 

განახლების პროცესში ვარ. კოვიდამდე ცოტა სხვა მიმართულებით წავიყვანე ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა, ვწერ როგორც ქართულენოვანს, ასევე ოსურ, ქურთულ და აზერბაიჯანულ სიმღერებს. კოვიდამდე მქონდა ბევრი მიწვევა საზღვრებს გარეთ, მერე კოვიდმა ყველაფერი გააჩერა. მქონდა მიწვევები ვლადიკავკაზში, აზერბაიჯანში, ნიუ იორკში. ახლა განახლდა მიწვევები. რამდენჯერმე გახლდით აზერბაიჯანში. მათი თხოვნით, სამი აზერბაიჯანული სიმღერა ჩავწერე და კიდევ მიწვევენ, აქეთაც ჩამოდიან 10 მაისს. კისლოვოდსსში არის ქართულ-ოსური დიასპორა და იქ მივემგზავრები ქართულ-ოსური სიმღერებით. ასევე მაქვს ისევ მიწვევა ნიუ იორკშიც.

საქართველოში შენი მოღვაწეობისთვის როგორი შესაძლებლობებია?

საქართველოში თან ვმღერი კორპორაციულ საღამოებზე და თან მიმყავს, ორგანიზებასაც ვუკეთებ. დახურული ტიპის ღონისძიებებზე მიწვევენ.

სხვაენოვანი სიმღერები კონკრეტული  გათვლით ჩაწერე?

არავითარი კომერციული დატვირთვა არ ჰქონია ამას. პირველი ოსური სიმღერა ჩავწერე. ძალიან ხშირად მიწვევდნენ ხოლმე საქართველოს პატრიარქთან 23 ნოემბერს და 6 მაისს, გიორგობა დღეს, როცა მას ჰყავდა სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. იქ, მათი თხოვნით, სულ თუშურ სიმღერებს ვასრულებდი, თუმცა ამით ვეღარ ვკმაყოფილდებოდი. ვინაიდან პატრიარქი ვლადიკავკაზშია გაზრდილი, იცის ოსური ენა და მისთვის არ არის უცხო ოსური სიმღერები, ერთ-ერთ მიწვევაზე გადავწყვიტე და ვიფიქრე, მემღერა არა თუშური, არამედ ოსური სიმღერა. ეს ენა თავადაც კარგად ვიცი და მათი მუსიკაც…

ანუ ეს სიმღერა პატრიარქს მიუძღვენი?

დიახ, ასე გამოვიდა. თუშურის მერე საკმაო აფეთქება გამოიწვია ოსურმაც. მადლიანი აღმოჩნდა ეს სიმღერა და ძალიან მალე გახდა პოპულარული ვლადიკავკაზში.

თავად პატრიარქს როგორ მოეწონა?

აღფრთოვანებული იყო, რამაც ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა. ნებისმიერ არტისტს სწყურია და სურს, რომ ყველა, მათ შორის, პატრიარქი ასიამოვნოს და ემოცია გამოიწვიოს. ჩემმა ამ სურვილმა და ჩანაფიქრმა გაამართლა. გადავწყვიტე, სრულად ოსურად კი არა, ქართულ-ოსურად მემღერა და ტექსტი ყოფილიყო შერიგებაზე. საუბარია ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე. ბოლო ნაწილში ვიმღერე ორიგინალი, ოსურად. ძალიან დადებითი გამოხმაურებებია ქართველებისგანაც და ოსებისგანაც.

ამის მერე გაჩნდა იდეა, სხვა ენებზეც ჩამეწერა სიმღერები. სადაც დავიბადე და გავიზარდე, არის მრავალეთნიკური უბანი და ვსაუბრობ თითქმის ყველა ენაზე, მათ შორის ქურთულად, აზერბაიჯანულად, სომხურად. სამეგობროს თხოვნა იყო, რადგან ოსურად ვიმღერე,  ქურთული სიმღერაც ჩაწერეო. აქაც ქართულ-ქურთული ნაზავი გავაკეთე და გაამართლა.

შეიძლება ითქვას, რომ პოლიგლოტი ხარ…

ასე ვთქვათ, თბილისურ ენებში კარგად ვარ. რუსულს, ინგლისურს და იტალიურს ერთ პერიოდში ვსწავლობდი, მაგრამ სამივე მიჭირს. ყოველდღიური საკომუნიკაციო ენები კი ძალიან კარგად ვისწავლე.

სიმღერა შენი ძირითადი წყაროა?

არა, რა თქმა უნდა, რადგან მხოლოდ სიმღერით ვერ იცხოვრებ ადამიანი. მქონდა ხმის ჩამწერი სტუდიები წლების განმავლობაში, მაგრამ საკუთარი თავი ამოუწურა. გადავეწყვე სხვა სფეროებში, ბევრ საქმეს ვაკეთებ, ხშირად მამაჩემს ვეხმარები, ხან სარეკლამო კომპანიაში ვიყავი, მუსიკალურ წამყვანადაც ვიმუშავე რადიოში რვა წელი. მრავალპროფილური ცხოვრება მაქვს. კონსერვატორია და თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ერთი ტაქსისტი არ ვყოფილვარ, თორემ ყველაფერს მარტივად ვუღებ ალღოს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შვილებისთვის თუ ისურვებდი მომღერლის თუ მსახიობის პროფესიას?

ბევრი მსახიობისგან გამიგია, რომ ეს მტკივნეული პროფესიაა და მსახიობს და მომღერალს უნდა სწყუროდეს და შიოდეს, მაგრამ პროფესიის არჩევანი პირადი საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბრძოლა მიწევს ცხოვრებაში, ეს საინტერესოც არის და მშივრებიც არ ვართ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები