LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადაში იმ ქვეყნების დროშები გაშალეს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, სამწუხაროდ, ამ ტრიბუნაზე საქართველოს დროშა არ არის: დეკანოიძე

159
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან უკრაინელ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

როგორც ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლის დროს დეკანოიძემ აღნიშნა, უკრაინის რადაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ უკრაინის დეპუტაციამ ტრიბუნასთან სხვადასხვა ქვეყნის დროშები გაშალა, სადაც არ იყო საქართველოს დროშა.

დეკანოიძემ დღეს პარლამენტში, ტრიბუნაზე, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშაც მიიტანა:

“მივმართავ ჩემს უკრაინელ მეგობრებს, მიუხედავად უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი სამარცხვინო ტექსტისა, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკრაინელი მოქალაქეების გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და დიახ, რუსეთის ფედერაცია არის აგრესორი.

ნამდვილად ვფიქრობ, რომ დღეს, ამ პარლამენტის დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სრული ლუსტრაცია მოხდა.

ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი რაიმე სახის სიფრთხილისგან გამომდინარეობდა. ყველაფერი იყო ძალიან მიზანმიმართული და ამ მიზანმიმართულ მიმდინარეობას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი: რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მაამებლური და კეკლუცი დამოკიდებულება “ქართული ოცნების” მხრიდან.

მე მოვიტანე ორი დროშა და გულწრფელად გითხრათ, ამაყი ვარ, რომ ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მომიწია, რომ ორივე დროშას ვემსახურებოდი და ვემსახურები, ეს იყო უკრაინაში და ეს არის საქართველოში. ამიტომ მე დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ნამდვილად დამცირებული ვარ საქართველოს პარლამენტის პოზიციით, უმრავლესობის პოზიციით…

ნამდვილად სირცხვილია რეზოლუციის ტექსტში ამ უმძიმეს მდგომარეობაში უკრაინისთვის, ჩვენ არ ჩავწეროთ რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის შეკავებაზე საუბრობს. მე სურათი მაქვს უკრაინის რადაში გადაღებული, პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ მთელი უკრაინის დეპუტაცია გამოვიდა ტრიბუნასთან, გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა გაშლილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა იყოს უკრაინისთვის”, – განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g