შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შესაძლოა ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა აეკრძალოთ, კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება.

პარლამენტარი განმარტავს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არ კრძალავს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც უკვე ისედაც აკრძალულია. ცქიტიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, სამსახურიდან გაგდების მუქარით ან ნებისმიერი სხვა ფორმით აიძულოს დასაქმებული დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი ამუშაოს.

„წარმოიდგინეთ, მაქვს ერთი სამსახური, მერე მეორე სამსახურშიც ვმუშაობ. ამ მეორე სამსახურში მეუბნებიან, კიდევ სამი საათით დარჩი და იმუშავეო. მე ვეუბნები, რომ არ შემიძლია, იმიტომ, რომ აღარ მაქვს დრო. ის კი მეუბნება, თუ არ იმუშავებ, გაგათავისუფლებო. აი, ამის საშუალებას აღარ აძლევს [დამსაქმებელს] ეს კანონი… ანუ სახელმწიფო დგება ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს“ – თქვა ცქიტიშვილმა ნეტგაზეთთან.

მისივე განცხადებით , ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა.

,,ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ კანონპროექტი სინამდვილეში გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვას; ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაცილებით მაღალ სტანდარტს; სტაჟირების ინსტიტუტის შემოღებას და სტაჟიორების უფლებების დაცვას; სამუშაო დროის რეგულირებას და მონური შრომის აკრძალვას; ზეგანაკვეთური შრომის მომატებული ტარიფით ანაზღაურებას; გარანტირებულ შესვენებას, დასვენებას და შვებულებას; სამსახურიდან ადამიანების უმიზეზოდ განთავისუფლების აკრძალვას; კონსულტაციებსა და ინფორმაციის გაცვლას დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის; მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, დასაქმებულებისათვის გარკვეული გარანტიების მიცემას.

რაც მთავარია, იმისათვის, რომ ეს კანონი იყოს ქმედითი, შემუშავებულია ზედამხედველი ორგანოს – შრომის ინსპექციის კანონი და კანონში გათვალისწინებულია აღსრულების მექანიზმები, მათ შორის სანქციები. კანონპროექტები აგებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებზე, რომელთა კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულება გვაქვს ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით. ასევე, ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი წინაპირობაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასაწყებად”- ამბობს ცხიქტიშვილი

ავტორი განმარტავს, რომ კანონპროექტი ჯერ არც კი შეუტანიათ პარლამენტში, მისი პირველადი ვერსია ცოტა ხნის წინ განიხილეს დაინტერესებულ ჯგუფებთან, რომელშიც 30-მდე ორგანიზაცია და უწყება შედიოდა, რასაც, ცხადია, დისკუსია მოჰყვა. იგეგმება შენიშვნების გაანალიზება და პოზიციათა დაახლოება.

 

მსგავსი თემები