LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღეში მოსავლელი ქვეყანა – ტური ფერად და ცხელ მალტაში

210
1440x810_cmsv2_8a68597f-a205-5d19-954f-b6a0af0f689b-6039272

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე პატარა სახელმწიფო მალტა დღითი დღე უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება.ქვეყნის მდიდარი ისტორია აქ ყველგან იგრძნობა, სადაც ერთმანეთს ერწყმის ბაროკოსა და პოსტმოდერნული არქიტექტურა. მრავალი ათასწლეულის მანძილზე მალტა ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ იყვნენ ბრიტანელები, ესპანელები, ნორმანები, არაბები, ბიზანტიელები, რომაელები, კართაგენელები, ფინიკიელები. ამ პატარა ქვეყანაში,რომელსაც სრულად მოივლით ერთ კვირაში ბევრი რამის აღმოჩენას შეძლებთ.

აქაური კლიმატი ტურისტების მიზიდვის ერთ ერთი მიზეზია. პლაჟის სეზონი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის დედაქალაქ ვალეტადან 5 კილომეტრში მდებარეობს.

ვალეტა

ქვეყნის მონახულება ალბათ დედაქალაქიდან უნდა დაიწყოთ. ბრწყინვალე ოქროს პლაჟები და ფირუზისფერი სანაპიროები. დედაქალაქის აუცილებელ სანახაობებს შორისაა:

  • სამხედრო მუზეუმი სენტ ელმოს ფორტში
  • წმინდა იოანეს ტაძარი
  • წმინდა პავლეს ტაძარი
  • დიდი მაგისტრის სასახლე, სადაც ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული
  • ობერჟ–დე კასტილიეს შენობა
  • თავისუფლების მოედანი, სადაც ფერერიას სასახლე და სამეფო ოპერის თეატრი მდებარეობს
  • სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელშიც მიქელანჯელოს მერიზი და კარავაჯოს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა ინახება

მდინა

მალტის უძველეს დედაქალაქში, სადაც დღეს მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს, დრო თითქოს გაჩერდა,ადრე ის ქვეყნის დედაქალაქი იყო. საინტერესოა, რომ ქალაქში მანქანით გადაადგილება აკრძალულია,გარდა სასწრაფო დახმარების, ან მაცხოვრებლების კუთვნილი მანქანებისა. მისი მეტსახელი “მდუმარე ქალაქი” სწორედ აქედან მომდინარეობს. მდინას ღირსშესანიშნაობებია: წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი,საკათედრო მუზეუმი, კატაკომბები,კარმელიტების ეკლესია,წამების მუზეუმი. მდინას ქუჩებში სეირნობის დროს ყურადღება მიაქციეთ კარის სახელურებს,რომლებიც საოცრად მრავალფეროვანი და მისტიკურია.

მელიჰა

უფრო მეტი ტრადიციების სანახავად ეწვიეთ მელიჰას. მელიჰა მალტის ერთ-ერთი უკიდურეს ჩრდილოეთ სოფელია. მელიეჰას ყურის თავზე ბორცვებიდან იშლება გასაოცარი ხედები ულამაზეს ხეობებსა და სოფლებზე.

ასევე არ გამოგრჩეთ:

მანოელის თეატრი 

ევროპის ერთ-ერთი უძველესი თეატრი ვალეტაში. არქიტექტურული სტილის საოცარი მიქსი სხვადასხვა პერიოდების შედეგია. დღეს აქ წარმოდგენები ინგლისურადაც იმართება.

 გამარჯვების ქალღმერთის ეკლესია

ის 1565 წლით თარიღდება და თურქებზე გამარჯვების სიმბოლოა. ეს არის პირველი ეკლესია, რომელიც ვალეტაში აშენდა. დღეს ის სრულად რესტავრირებულია.

გართობა

კარნავალებისა და გართობის მოყვარულებს ეს ამბავი ნამდვილად გაახარებთ. მალტაზე კარნავალები უძველესი ტრადიციაა. კუნძულის ყველაზე გამორჩეული წლიური ფესტივალი სწორედ ვალეტაში იმართება. ის დაახლოებით 5 დღეს გრძელდება. ისინი ძირითადად თებერვალსა და მარტში იმართება. ამ დროს ქუჩები ფერად სამოსში გამოწყობილი ხალხით ივსება. ყველა მღერის, ცეკვავს და ერთობა.

ცისფერი გამოქვაბული

ამ მშვენიერ ადგილს ბუნებრივად ჩამოყალიბებული გამოქვაბულები და 30 მ. სიმაღლის თაღი ქმნის.  საოცარი ლაჟვარდისფერი წყალი და ხედები გაგაოცებთ.გამოცდილი მეზღვაურები ვიზიტორებს გამოქვაბულებში ტურს შემოგთავაზებენ.

 წმ. პეტრეს აუზი

ეს ადგილი ცურვის მოყვარულთათვის საოცნებოა. ხშირად მას ბუნებრივ საცურაო აუზს უწოდებენ, რადგანაც წყალი ძალიან სუფთა და გამჭვირვალეა.ბრტყელი კლდოვანი ნაპირების წყალობით დამსვენებლებს შეუძლიათ მთელი დღე წამოწოლილებმა გაატარონ, როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში.

გოზოს კუნძული

გოზოზე უამრავი პლაჟია, მაგრამ ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს მის ტერიტორიაზე, ამიტომ ყველაზე კომფორტული ავტომობილის ქირაობაა. კუნძულზე მხოლოდ ორი კურორტია: მარსალფორნი და შლენდი.

ხელოსნების სოფელი თა’ქალი

სახელოსნო და სუვენირების მაღაზიათა კომპლექსი, რომლებიც ძველი აეროდრომის ანგარებში მდებარეობს, მდინასა და რაბატის მახლობლად. ვორქშოფებზე  გაჩვენებენ ოსტატების უნარებს და საკუთარი თვალით დააკვირდებით თუ როგორ მზადდება ტრადიციული საჩუქრები, რომელთა გერეშეც მალტას ვერ დატოვებთ.

ნაციონალური აკვარიუმი

ამ აკვარიუმს საკმაოდ დიდი მანძილიდანაც შენიშნავთ. სხვადასხვა განყოფილებები მალტას სხვადასხვა თემას წარმოაჩენს: ვალეტას ნავსადგურს, რომაულ პერიოდს და ტროპიკულ ოკეანეს. რეპტილიების სექციაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ ყველაზე უცხო ზღვის არსებები იხილონ. ასევე, აკვარიუმი მართავს სხვადასხვა ღონისძიებებს დიდებისა და პატარებისთვის. აქ დროს საინტერესოდ და სახალისოდ გაიყვანთ.

რაც შეეხება საკვებს აქ საინტერესო კერძებს მიაგნებთ. მათ შორის:კურდღლის კერძი ,რომელიც კურდღლის ხორცისგან მზადდება. მას კუნძულზე ყველგან მიაგნებთ.მალტის ქუჩების ყველაზე ტიპური საკვები პასტიზია, რომელსაც სხვადასხვა ვარიაციებით შეხვდებით. ეს ფუნთუშეული ან ბარდით ივსება ან რიკოტას ყველით.თევზის სუპი- ამ ტრადიციულ კერძს მალტაზე ყველა სეზონზე მიირთმევენ. რეცეპტი იმის მიხედვით იცვლება, თუ კონკრეტულ დღეს რომელ თევზს და ზღვის პროდუქტს მოიპოვებენ. იმპარე ორცხობილა,რომელსაც დილის ყავასთან,ან დესერტად მიირთმევთ.პატარა ხრაშუნა ორცხობილა სეზონური ხილით ივსება და ზაფხულში ნაყინთან ერთადაც მიირთმევენ.

მოკლედ ამ პატარა ქვეყანაში ნამდვილად შეძლებთ სასიამოვნოდ დასვენებასა და საინტერესო ადგილების მონახულებას.