LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხვალ გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდება

112
1

21 იანვარს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრას გამართავს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება მზად არის, გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგისა და მოლაპარაკების რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, რისთვისაც მზაობა მეორე მხარემაც გამოთქვა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ჯანდაცვის სამინისტროში საინიციატივო ჯგუფთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი იმ კონკრეტული ნაბიჯებზე მსჯელობა იქნება, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ გადაიდგას:

“სამინისტროს მიზანია, რომ ჩვენი თანამშრომლების შრომითი უფლებები და შრომითი პირობები იყოს ადეკვატური და, შესაბამისად, ის სერვისები, რომლებსაც ჩვენი თანამშრომლები ჩვენს მოქალაქეებს აწოდებენ, იყოს ხარისხიანი. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

მოგეხსენებათ, რომ სოც.მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასები მოემატათ – ეს არის 730-ზე მეტი თანამშრომელი, რომელსაც 60 %-მდე მატება დაუფიქსირდა და 240-მდე სოციალური აგენტი და უფროსი სოციალური აგენტი, რომელთაც ასევე მომატებული ხელფასები აქვთ უკვე დღეის მდგომარეობით.

ეს პირველი ნაბიჯია გაუმჯობესებული პირობებისაკენ და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან მუშაობა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები იყოს და იმისათვის, რომ ჩვენი სერვისები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს.

შევთანხმდით, რომ ხვალ შევიკრიბებით 12 :00 საათზე საინიციატივო ჯგუფთან ერთად და უკვე თანამშრომლობისა და დიალოგის რეჟიმში ვისაუბრებთ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლოდ”, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი 17 იანვრიდან გაიფიცა.

მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მატებაა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს მორიგი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.

magti 5g