LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – ივნისის პრემიერები

115
FORTUNA. GE

2021 წლის ივნისი კინომოყვარულთათვის ნამდვილად გამორჩეული თვეა და არა მხოლოდ იმ საინტერესო პრემიერების გამო, რომლებიც წინ გველის. ივნისში მაყურებელი მსოფლიოს მასშტაბით მდებარე კინოთეატრებს უბრუნდება და ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუვიწყარი კინოსურათების ხილვა დიდ ეკრანზე შეეძლება. და მაინც, რას ვუყუროთ  ივნისში?

„წყევლა : ამის გაკეთება ეშმაკმა მაიძულა“ / The Conjuring: The Devil Made Me Do It

პრემიერა: 4 ივნისი

მისტიკური ჰორორ-ფრენჩაიზის მესამე ნაწილი ტრადიციულად  შიშის, მკვლელობის და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი ბოროტების შემაძრწუნებელი ამბის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც პარანორმალური მოვლენების გამოცდილ მკვლევარებს, ედ და ლორიენ უორენებს გადახდებათ თავს. ისინი ამჯერად ახალგაზრდა ბიჭის სულისთვის იბრძვიან…

„ხევი“ / Gully

პრემიერა: 8 ივნისი

კრიმინალური დრამა მოგვითხრობს  ლოს-ანჯელესში მცხოვრები სამი მოზარდის: ჯესის, კელვინის და ნიკის ცხოვრების შესახებ. თითოეული მათგანი ცდილობს იპოვოს საკუთარი გზა ცხოვრებაში, თუმცა ძიების პროცესი ნარკოტიკებით და საშიში თავგადასავლებითაა გაჯერებული.

„უსასრულო“ / Infinite

პრემიერა: 10 ივნისი

ევან მაიკლსი თავის ახლად აღმოჩენილ უნარებს ფსიქიკურ აშლილობამდე მიჰყავს. მას ტანჯავს მოგონებები იმ ადგილების შესახებ, სადაც არასდროს  ყოფილა. გამოსავლის ძიებაში  ევანი საიდუმლო საზოგადოების, “უსასრულო”-ს წევრი ხდება, რომელიც მას დაეხმარება იმის აღმოჩენაში, რომ ეს მოგონებები რეალურია, მხოლოდ წარსული ცხოვრებიდან …


 

„დაქირავებული მკვლელის ცოლის მცველი“: / Hitman’s Wife’s Bodyguard

პრემიერა: 16 ივნისი

ფილმი 2017 წლის კომედიის, „დაქირავებული მკვლელის მცველის“ გაგრძელებაა. მაიკლს ბრაისს ისევ უწევს დაიცვას დაქირავებული მკვლელი დარიუს კინკეიდი უამრავი საშიში დამნაშავისაგან. თუმცა მას ამჯერად დარიუსის ცოლის, სონიას დაცვაც მოუწევს საფრთხისაგან…

„ლუკა“ / Luca

პრემიერა: 18 ივნისი

სათავგადასავლო ანიმაციურ ფილმში მოვლენები იტალიის რივიერაზე მდებარე ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში ვითარდება. მთავარი გმირი პატარა ბიჭი, სახელად ლუკაა, რომელიც სინამდვილეში ზღვის ბინადარია და ოკეანეში ცხოვრობს, თუმცა ძალიან აინტერესებს ხმელეთის ბინადრები, ამიტომ გადაწყვეტს ზედაპირზე ამოვიდეს. ლუკა თავის საუკეთესო მეგობარ ალბერტოსთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობას იწყებს…

„ფორსაჟი 9 / F9 (Fast & Furious 9)

პრემიერა: 25 ივნისი

ლეგენდარული ექშენ-ფრენჩაიზის მეცხრე ნაწილში დომენიკ ტორეტოს გუნდი კვლავ აგრძელებს თავის გრანდიოზულ თავგადასავალს. დომინიკი თავის მეუღლესთან და  შვილთან ერთად მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ იცის, რომ საფრთხე ყოველთვის სადღაც ახლოა. ამჯერად ბედი დომინიკს მორიგ უსიამოვნო სიურპრიზს უწყობს. მას დაპირისპირება თავის უმცროს ძმასთან, ჯეიკობთან მოუწევს.

„ცრუ დადებითი“ / False Positive

პრემიერა: 25 ივნისი

ახალგაზრდა წყვილი, ლუსი და ადრიანი უშედეგოდ ცდილობენ შვილის ყოლას. დაორსულების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ისინი საბოლოოდ თავიანთი ოცნების ექიმს, ჰინდლის პოულობენ, რომელიც მათ პირობას აძლევს, რომ შვილის გაჩენას შეძლებენ. თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარი გმირი დაორსულდება, იგი საშინელი ხიფათის მოახლოებას გრძნობს…

ზოლა“ / Zola

პრემიერა: 30 ივნისი

ფილმი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტებზეა დაფუძნებული. მისი მთავარი გმირი დეტროიტელი მიმტანი გოგონა, სახელად ზოლაა, რომელიც ერთ დღეს რესტორანში სექს-მუშაკ ქალს, სახელად სტეფანის შეხვდება. ისინი დამეგობრდებიან და ერთად მიდიან ფლორიდაში სამოგზაუროდ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები