LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაიხურა „ტვ პირველზე“ მერაბ სეფაშვილის გადაცემა და რატომ ერიდებიან მას რუსეთუმეები: „ჩვენს ქვეყანაში არის რაღაც ნაწილი, არანორმალურების, ვინც რუსეთს გულშემატკივრობს…“

10269
sepashvili-mtav

29 აპრილს, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში, მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართება, რომელიც პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა მომღერლის 60 წლის იუბილეს ეძღვნება. რასაკვირველია, მერაბ სეფაშვილი დარბაზში მისულ მსმენელს ძალიან დიდ მუსიკალურ სიურპრიზებს ჰპირდება თავის მეგობრებთან ერთად, მათ შორის არიან „ქართული ხმები“, თეატრალურის კვარტეტი, „ალილო“, ზუკა ხუციშვილი, ბესო კალანდაძე, სოფო გელოვანი, დავით მაზანაშვილის ბენდი და გია მაჭარაშვილი.

fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არა მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბრეთ, შევეხეთ „ტვ პირველზე“ დახურულ გადაცემას და ასევე პოლიტიკურ პერიპეტიებსაც.

მერაბ სეფაშვილი: 

მუსიკალურ დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ სიურპრიზების გარეშე არაფერს აზრი არ აქვს, ასე რომ, ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ 29 აპრილის კონცერტზე. დიდი ხანია, დიდი კონცერტი არ მქონია, 2019 წლის მერე, როდესაც ფილარმონიაში გაიმართა ჩემი სოლო კონცერტი. ზოგადად, სხვის კონცერტზე წასვლაც მენატრება (იღიმის), სხვისი მოსმენაც. კონცერტზე იქნება ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით და ასევე ჩემი მეგობრები, მომღერლები, მუსიკოსები, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს ჩამოთვლისას. იმ გადაცემას თუ უყურებდით, რასაც ვაკეთებდი „ტვ პირველზე“, მიხვდებით, რა ტიპის კონცერტი გელოდებათ – ბევრი კოლაბორაცია შედგება, საინტერესო ადამიანებთან ერთად. ორი თუ სამი საათი, რამდენიც გამოგვივა, სცენაზე შემოქმედებითი იმპროვიზაციები გელოდებათ. ეს არის მთელი „მუღამი“, რომელიც ჩემი აზრით, ამ კონცერტს საინტერესოს გახდის.

„ტვ პირველზე“ თქვენი გადაცემა გადის ეთერში ისევ?

აღარ გადის. ჩემი გადაცემა ამ არხზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსები აღარ არის. თუ ვიშოვე ფული, თავად გავაკეთებ ამ პროექტს, ცალკე, ამის პრობლემა არ არის. არ გვიჩხუბია. კარგი ხალხი „ტვ პირველში“ და ძალიან კარგად ვიყავით აწყობილები. რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული. იმ პერიოდში, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო, მხოლოდ ჩემთვის კი არა, ვინც მოდიოდა და მღეროდა, მათთვისაც ერთადერთი საშუალებად ა სივრცე იყო. საყურებლად და მოსასმენადაც კარგი იყო და ჩემთვისაც და მონაწილე არტისტებისთვისაც – საინტერესო. მიმდინარეობდა შემოქმედებითი ურთიერთობები…

ტელეწამყვანის ამპლუა როგორ იყო თქვენთვის?

არ ვიცი, ეს თქვენ უნდა თქვათ, თუკი უყურებდით. ვფიქრობ, არ გამიჭირდა. სცენაზე ტელეწამყვანიც მე ვარ, როდესაც ვთქვათ, კონცერტი მაქვს.

რაიმე სხვა ტიპის სივრცეში ფიქრობთ, როგორც ჩანს, ამ პროექტის გაგრძელებას…

თუ გავაკეთებ, შეიძლება, სხვა სივრცეშიც გავაკეთო, აუცილებლად იქნება ის, რასაც აქამდე ვამზადებდით. ბევრმა ტელევიზიამ მოინდომა მუსიკალური პროექტების გაკეთება, მაგრამ მთელი ფოკუზი ისაა, რომ ასე ადვილად არ ხდება ეს ყველაფერი. ამას სჭირდება სწორი მიმართულების მიცემა, რასაც თავის მხრივ სჭირდება გამოცდილება, სცენასთან შეხება, მუსიკოსებთან შეხება, მომღერლების შესაძლებლობების ცოდნა. ისინი ასრულებდნენ არა მხოლოდ საკუთარ სიმღერებს, არამედ ნებისმიერ პოპულარულ კომპოზიციას. მიუხედავად ჩემი ასაკისა, დოგმატური აზროვნება არ მიყვარს. ჩარჩოებიდან უნდა გამოხვიდე ყოველთვის.

თქვენთვის, როგორც არტისტისთვის, რა არის მიუღებელი, რას არ გააკეთებდით არასდროს სცენაზე?

არ ვიცი… მაყურებელი არ უნდა მოატყუო, ეს ნამდვილად ვიცი… ასევე, პუტინთან არ წავიდოდი სამღერლად. ან ვინ მეძახის, ან ვინ მიდის (იცინის). მაინც შევეხე პოლიტიკას.

რუსეთში ბოლოს როდის გამოხვედით?

ბოლოს გამოვედი 2008 წლამდე, სულ მქონდა ხოლმე კორპორატიულ წვეულებებზე მიწვევები, მეგობრობა. ეს გასაგებია, მაგრამ 2008 წლის მერე დამთავრდა ყველაფერი.

რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებთან გაქვთ შეხება?

არა მაქვს. თუ სადმე შემხვდებიან საზღვარგარეთ, ეგ არის მხოლოდ. წარმატებებს ვუსურვებ, გაემარჯვოს იმ ქვეყანას, თუ უყვართ თავიანთი სამშობლო, ანუ საქართველო (იცინის).

ისე, ზოგადად, რას ფიქრობთ მათზე?

ძალიან რთულია სხვა ადამიანების განსჯა. დარწმუნებული ვარ, შინაგანად ძალიან ცუდად გრძნობენ თავს. ზოგადად, რა არის შინაგანი გრძნობა – ნამუსთან, საკუთარ თავთან ურთიერთობა. რწმენაც ეს არის. ცუდის თქმაზე ადვილი რა არის, მაგრამ არ მიყვარს ადამიანების განსჯა, თორემ ორ წუთში გალანძღავ…

2008 წლის მერე გქონდათ რუსეთში გამოსვლის შეთავაზებები?

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არ ყოფილიყო. ისე, ახლა უფრო საინტერესო და სკანდალური იქნებოდა ჩემი ჩასვლა, მაგრამ არ მინდა, რა… მე თვითონ არ მინდა, შინაგანად, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ქართველია და მათთვის ვიმღერებდი, მაგრამ არა იმ ტერიტორიაზე. ამისი შანსი არ არის.

რადგან პოლიტიკას შეეხეთ, რუსეთ-უკრაინის ომზე მინდა გკითხოთ…

ყველა ნორმალური და დალაგებული ადამიანი ხვდება რაშიც არის საქმე, ვინ არის ეს ხალხი. აღარ ვამბობ არაფერს 2008 წელსა და 90-იანებზე. ჩვენს თავზე აისახა ეს ყველაფერი, მცირერიცხოვანი, პატარა ერი ვართ. რაც შეეხება უკრაინას, იქ არ გასდის და როგორც ვატყობ, ვერც გაუვა, რადგან ახლა ამოიღო ხმა ყველამ. არანორმალური, ბანდიტური და დამნაშავე ქვეყნისგან მეტს რას უნდა ელოდო, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა დაამთავრონ ის. იმის მომხრე ვარ, რომ ახლა ძალას ძალა უნდა დაუპირისპირონ.

რას ფიქრობთ ფრაზაზე: „აბა, ომი გინდა?!“

ომი არ მინდა, მაგრამ რომ ჩამკეტო და მირტყა, ესეც არ მინდა. ეს უკრაინაში არ გამოვა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არის რაღაც ნაწილი, არანორმალურების, ვინც რუსეთს გულშემატკივრობს. წარმოგიდგენიათ?! მე რომ დავინახო ასეთი ადამიანი, შეიძლება, მივახრჩო. როგორ შეიძლება, ამდენი მსხვერპლის შემდეგ ზელენსკის ადანაშაულებდე?! რატომ? თავისი ხალხი ეუბნება, არ დავნებდეთ, ვომობთ ბოლომდეო… საოცარია ხალხია.

რუსეთუმეებს ხვდებით ხოლმე?

არა. ალბათ, მერიდებიან. ამ თემაზე საუბრისას იციან ალბათ ჩემი პოზიცია. კი, მქონია რაღაც კამათები, მაგრამ რუსი ვინც არის, ხომ გავიგეთ? აგერ ვუყურებთ.

ქართულ შოუბიზნესში დღეს რას წყვეტს პოლიტიკა და ადრე რას წყვეტდა?

ყველაფერი არის პოლიტიკა… შოუბიზნესიც პოლიტიკაა.

ამ სფეროშიც არის ბანაკები, ვიღაც ერთი ძალის მომხრეა, ვიღაც – მეორის. 

მომხრე შეიძლება იყო ვიღაცის და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ სიკვდილისა და სიცოცხლის მხარეს დგომა სხვა რამეა. ვიცი სხვანაირად მოაზროვნე ხალხი, ვინც მთავრობას უჭერს მხარს, მაგრამ ისინიც ვერ ამბობენ რუსეთ-უკრაინის თემაზე განსხვავებულ აზრს. ეს ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ეს დაყოფა მოგონილია, ფულის გამო, ამის გამო,  იმის გამო… ზოგადად, მომღერალი არ უნდა იყოს დამოკიდებული არც ერთ პოლიტიკოსზე და არც ერთ მთავრობაზე. სამწუხაროდ, ასეთ ქვეყნებში ასე ხდება.

კონცერტებზე მინდა გკითხოთ…

არ არის კონცერტები. გეგმავს კულტურის სამინისტრო, თავისი მომხრეებისთვის. ღმერთმა ხელი მოუმართოს. კონცერტები კულტურის სამინისტროს არ უნდა ეხებოდეს.

როგორ ფიქრობთ, კრიტიკული მოსაზრებები გამო, რომლებიც არაერთხელ გამოგითქვამთ, შეიძლება, ხელისუფლებიდან ვინმესთვის მიუღებელი იყოთ?

რა თქმა უნდა, მიუღებელი ვარ კიდევაც, ოღონდ ხმამაღლა ვერ ამბობენ. ტაშს არ ვუკრავ, მაგრამ რა მოხდა მერე? ტაშს, სხვათა შორის, არც წინა ხელისუფლებას ვუკრავდი, თუმცა ის იდეა და ის ხაზი ახლაც მომწონს, რომლის გატარებასაც აპირებდნენ. რა თქმა უნდა, მოხდა საშინელებები და ამას არავინ უარყოფს. ზოგადად, მომხრე ვარ განვითარებისა და ცივილიზაციის და არა რუსეთისკენ სვლის. აი დარდი, თუ მიუღებელი ვარ (იცინის).

თქვენი შემოქმედება ყოველთვის მისაღები იქნება ქართველი ხალხისთვის…

ეს არის ყველაზე მთავარი. მუსიკოსი უნდა მუშაობდეს ხალხისთვის, იმისთვის, რომ ადამიანები გააბედნიეროს. მთელი მიზანი ესაა, იმიტომ კეთდება, რომ ვიღაცამ მოუსმინოს და მოეწონოს. ვინ ვისი მომხრეა, აქ საინტერესო არ უნდა იყოს.

ალბათ, ამდენი ხანია, იმიტომ ხართ სცენაზე, კარგ ვოკალურ მონაცემებსა და პიროვნულ თვისებებთან ერთად, რომ ზუსტად იცით, რა უნდა შესთავაზოთ მსმენელს…

დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის… ამას უნდა ცოდნაც და გამოცდილებაც, გემოვნებაც და ხედვაც. ჩემი კერპები ვინც იყვნენ, არაფრისგან ქმნიდნენ რაღაცას. მაგალითად, ასეთი იყო რობერტ ბარძიმაშვილი, არაფრისგან შოკოლადს გააკეთებდა, გენიალური მენეჯერი იყო. სხვათა შორის, ბატონი რობერტი პატრიოტი კაცი იყო, პოლიტიკურად აქტიური და ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო ერთი პერიოდი ისიც მიუღებელი იყო იმდროინდელი ხელისუფლებისთვის. საბოლოოდ, ბატონ რობერტს ამით არაფერი დააკლდა, მაგრამ ეს არის არასწორი და ურთიერთობების სიმახინჯედ მივიჩნევ. ძალიან მწყდება გული რაღაცებზე, მაგრამ რას ვიზამთ…

ლოკაცია: რესტორანი „ვეფხვი და მოყმე“

ფოტო: დათუნა აგასი 

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

 

magti 5g