LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ყველას პრემიერობა: ვის აქვს შანსი გახდეს ქვეყნის პირველი პირი

221
96821331-1682403141897583-2848878895795535872-o

პოზიციასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არ არის. პარტიებმა არ იციან, რა ბარიერის გადალახვა დასჭირდებათ, რომ პარლამენტში ადგილები მოიპოვონ, მაგრამ უკვე კამათობენ, ვინ უნდა იყოს პრემიერი.

„ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ რაც დრო გავა, უფრო მეტი მსურველი გამოჩნდება. 

„პრემიერობის გამო ატეხილი კამათი ალბათ მხოლოდ სიცილს იწვევს მოსახლეობაში. ჯერ საჭიროა გამარჯვების შანსი და პრემიერი მერე უნდა დაასახელონ. სამპროცენტიანი პარტიები (ირაკლი კობახიძის ფრთიანი ფრაზა რომ გამოვიყენოთ) პრემიერობის კანდიდატურის დასახელებაზე რომ ფიქრობენ, ეგ არის სასაცილო. მოსახლეობამ, რასაკვირველია, უნდა იცოდეს, ამა თუ იმ პარტიამ თუ გაიმარჯვა, პრემიერი ვინ იქნება, მაგრამ ჯერ პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს სრულყოფილი სახე მიღებული. არ ვიცით, ვინ ვისთან არის და ვის რა გეგმები აქვს. თაკო ჩარკვიანის მოწოდებული კანდიდატურა, რომელსაც დანარჩენებიც აყვნენ, ცოტა კომიკურ სახეს იძენს. ოპოზიციაში ძალების გადანაწილებაზე მიდის დავა და ეს ბუნებრივია. გაერთიანება შთამბეჭდავი და მუდმივი ვერ იქნება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი „ლელოს“ შანსებზეც საუბრობს, რომლის პრემიერობის კანდიდატი დიდი ალბათობით მამუკა ხაზარაძე იქნება.

„ახლა პრემიერობის დასახელების შანსი ყველას გვაქვს. მე თქვენ დაგასახელებთ და თქვენ შეგიძლიათ, მე დამასახელოთ. გამარჯვების შანსზე რა მოგახსენოთ. საუბარია 40%-იან ზღურბლზე. მოკვლევა, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა, „ლელოსთვის“ იმედისმომცემი არაა. რამხელა ცდომილობაც არ უნდა დავუშვათ, პარტიას კვლევაში 4% რომ აქვს მხარდაჭერა, 10-ჯერ უფრო მეტ ხმებს როგორ დააგროვებს არჩევებზე? ამის დაშვება ძალიან ძნელია“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ექსპერტი.


“ლელოს” შანსებს ექსპერტები ოპტიმისტურად არ აფასებენ

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ არ უკვირს დღეს ყველას რომ პრემიერობა სურს.

„ყველას პრემიერობა რომ მოუნდა, ეს საქართველოში ახალი არაა. ისეთი ამბიციური ქვეყანაა, რომ ყველა მეორე პრემიერობაზე უარს არ იტყოდა. საპარლამენტი რესპუბლიკაში პრემიერი ხდება იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ამ ვითარებაში, ნაადრევია, სხვადასხვა  პარტიებისგან პრემიერობის კანდიდატზე თემის აქტუალიზაცია. ამ საკითხის სერიოზული განხილვა არასერიოზულად მიმაჩნია. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ნაადრევია. ვფიქრობ, ეს ტესტირების პროცესია, უბრალოდ კანდიდატები გაიტესტა და მეტი არაფერი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველა ერთის წინააღმდეგაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთმანეთთანაც ბევრი პრობლემა აქვთ.
ასეც უნდა იყოს, პარტია, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, კონკურენციაში შედის ერთმანეთთანაც. არ არსებობენ მუდმივი პარტნიორები, არსებობენ კონკურენტები და არსებობს გარკვეულ ეტაპზე ინტერესების  გარკვეული თანხვედრა და მეტი არაფერი. მე ამას არ შევხედავდი, როგორც პრობლემას. გასაგებია, რომ ოპოზიცია ეკლექტურია და ინტერესების შეჯახებაც კი ხდება. რომ ავიღოთ მაგალითისთვის ნინო ბურჯანაძე და გიგა ბოკერია. ფაქტია, რომ ისინი რაღაც ამოცანასთან დაკავშირებით კოორდინირებულები არიან. ახლა მეტი არაფერი ხდება“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ხუხაშვილი.

კითხვაზე, გიორგი ვაშაძე შეიძლება მართლა იმიტომ დაიწუნეს, რომ მისი ცოლის ნათესავი ვანო ჩხარტიშვილია, ექსპერტი პასუხობს, ეს უბრალოდ მიზეზია. 

„ეს ყველაფერი მიზეზია. საქართველოში მინიმუმ ორი ამბიციური პარტიაა, რომლებიც ელექტორალურად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე გიორგი ვაშაძის პარტია. შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ამბიცია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მისი წარმომადგენელი იყოს და იგივე სურვილი აქვს „ევროპულ საქართველოსაც“. ყველა ეს რიტორიკა გასაგები და ლოგიკურია. კონკურენტები ჩნდებიან, მაგრამ ეს თავისთავად დიდი უბედურება არ არის, თუ, რა თქმა უნდა, დრო არ დაიკარგა ამ ყველაფერში. ჯერ მთავარი პრობლემაა გადასაჭრელი. საარჩევნო სისტემაზე უნდა შეთანხმდნენ.

„ოცნება“ უკონკურენტოა თუ არა, ეს საკითხი ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ გვაქვს ელექტორალური სეგმენტი, რომელსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია. მათ არ უნდათ არც წარსული და არც აწმყო, ეძებენ მომავალს და ელოდებიან პარტიები რას შესთავაზებენ. „ლელოს“ თეორიულად ამ სეგმენტზე გასვლა შეუძლია, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა. ვერ ვიქნები ოპტიმისტი და უნდა ვთქვა, რომ  „ლელო“ ვერ ახერხებს ამ სეგმენტზე გასვლას და სერიოზული შეთავაზების გაკეთებას. მაგრამ ჯერჯერობით, მათ თეორიული შანსები ჯერ კიდევ აქვთ“, – აცხადებს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

ისიც არავინ უწყის იქნება თუ არა “ოცნების” კანდიდატი მოქმედი პრემიერი

 

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები