LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალური ცვლილებები თუ კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა – რას (ვერ) ცვლის კანონი

289
ნარკოპოლიტიკაა

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა – ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს მძიმე რეალობაა, რის დასტურადაც საზოგადოებას უამრავი კონკრეტული საქმეები ახსოვს. ასე გრძელდება დღემდე – წამალდამოკიდებულ ადამიანებს სახელმწიფო არც ახლა სთავაზობს მზუნველობით პოლიტიკას, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს პირადი მოხმარებისთვის იყენებენ, პირდაპირი გაგებით საპატიმრო სასჯელისთვის არიან განწირულნი.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ამ საკითხზე მომუშავე დარგის სპეციალისტები დიდი ხანია დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკიდან მზრუნველობით მიდგომებზე გადასასვლელად აქტიურად მუშაობს, მათი მცდელობა მაინც უიმედოა. საამისოდ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო და ცალსახა პოლიტიკური ნება, რისი პერსპექტივაც, ამ ეტაპზე კვლავ ბუნდოვანია.

გასულ კვირას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი მიმართულება, მწყობრი და სამართლიანი, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა, თუმცა, რამდენად აისახება მმართველი გუნდის ეს მცდელობა, არსებული მწვავე რეალობა, ჰუმანური კანონით ჩაანაცვალოს, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

 

რა წერია კანონპროექტში შესატან მოსალოდნელ ცვლილებებზე

პროექტის თანახმად, რვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ხელახლა განისაზღვრება და შესაბამისი ცვლილებები მათ დოზათა ნუსხაში განხორციელდება. საკანონმდებლო ცვლილებებით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

პროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული რვა ნივთიერება პრაქტიკაში, მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე შეარჩიეს, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები მიიღეს.

„ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში სუფთა სუბსტანციის სახით ხდება,“- ვკითხულობთ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ტექსტში.
კანონპროექტის განხილვას ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ, რომელთა შეფასებითაც, ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემას რეალურად ვერ აგვარებს და ნარკოტიკების მომხმარებლები კვლავ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ რჩებიან.

ცნობისთვის,“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე.

 

პროექტის ავტორთა განმარტება მოსალოდნელ ცლილებებზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და პროექტის ერთ-ერთი ავტორის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და სოციალური სერვისების შეთავაზების მიმართულებით, მიდგომა ადეკვატური უნდა იყოს.
როგორც მან ზემოთ აღნიშნული ცვლილებების განმარტებისას თქვა, კანონპროექტი თავისი არსით, რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებაში, ახალი რეგულაციების დამდგენია, რომლის თანახმადაც, გარკვეულ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, განსხვავებული მიდგომები, დოზების მიხედვით იქნება დაწესებული. ეს კი დეპუტატის თქმით, შესაძლებლობას გააჩენს სხვადასხვა სიმძიმისა და ხარისხის დანაშაულებთან მიმართებაში, სამართლიანი და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოხდეს.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები მუდმივად და პერმანენტულად იდგმებოდეს და, მეორე მხრივ, მუდმივად გვახსოვდეს ის მთავარი პრიორიტეტები, რომელიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს დასახული: ეს გახლავთ მკაცრი ნარკოპოლიტიკის შენარჩუნება დანაშაულის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მაგალითად, ნარკოტიკების გასაღების დანაშაული,“- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ნარკოდანაშაულის ახალი გავრცელების ზოგადი პრევენცია – ახალი მომხმარებლების ქვეყანაში არარსებობა. „მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსური მიდგომა, რომელსაც ზოგადად ეს დარგი საჭიროებს, კვლავაც გაგრძელდეს,“- დასძინა დეპუტატმა.

 

რას ფიქრობს სამოქალაქო საზოგადოება და დარგის სპეციალისტები

„პროექტით შესაძლოა სისხლის სამართლის სასჯელს მხოლოდ დამწყები მომხმარებელი ასცდეს,(ესეც სათუოა) მაგრამ რეგულარული მომხმარებლები კვლავ ციხეში წავლენ,“ – ასეთია სამოქალაქო საზოგადოების შეფასება. მათთვის ასევე გაუგებარია, რა პრინციპით განისაზღვრა მოხმარების ერთჯერადი დოზა, რადგან ამბობენ, რომ ნარკოტიკების რეგულარული მომხმარებელი უფრო მეტ დოზას მოიხმარს, ვიდრე პროექტით არის წარმოდგენილი.

სათემო ორგანიზაცია “ახალი ვექტორის” ხელმძღვანელი და უფლებადამცველი, კოკა ლაბარტყავა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, საჭიროა დეკრიმინალიზაცია, რათა სახელმწიფო დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკიდან ზრუნვის პოლიტიკაზე გადავიდეს.

როგორც მან „ფორტუნას“ უთხრა, ეს კანონპროექტი რეალურ სურათს არ ცვლის და შესაბამისად, კვლავაც ჩნდება რისკი იმისა, რომ თვალით უხილავი დოზისთვისაც კი, ადამიანი ისევ საპატიმრო დაწესებულებაში გაუშვან ან კოლოსალური ჯარიმა დააკისრონ.

„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ხელისუფლება მისი წინამორბედის მიერ შექმნილ, რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ებღაუჭება, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის იყო და პირდაპირი მნიშვნელობით, ათასობით ადამიანი გააუბედურა. ეს ადამიანები წლების მანძილზე უსამართლო პოლიტიკის წინაშე იყვნენ – დაკარგეს ოჯახები, საკუთარი ჭერი და ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, ბევრმა ძალიან კარგად იცის, რომ უამრავ ადამიანს შეეხო ის წნეხი, რომელიც რეპრესიული ნარკოპოლიტიკას ახასიათებდა. იგი გამოყენებული იყო, როგორც იარაღი საკუთარი მოსახლეობის მიმართ,“ – გვითხრა კოკა ლაბარტყავამ და დასძინა, რომ ძალიან გასაკვირია, თუ რაში სჭირდება ეს იარაღი ამ ხელისუფლებას.

 

 

 

 

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის პერსპექტივები

„8 წელია ხელისუფლების სათავეში არიან, მთელი ამ დროის მანძილზე არაერთი ინიციატივა იყო წარდგენილი, რომელიც კომპლექსურად ჩამოყალიბებულ საკითხებს ეხებოდა და რომელიც სურათს რეალურად შეცვლიდა, თუმცა უშედეგოდ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას კოკა ლაბარტყავა. მან მაგალითისთვის სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წარდგენილი ბოლო ინიციატივაც გაიხსენა, რომელიც საბოლოო ჯამში, სისრულეში ვერ მოვიდა.

„შეიქმნა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, სადაც ამ სფეროში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთო: ჯანდაცვის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და რაც მთავარია, სათემო ორგანიზაციები. შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც არამარტო საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებას მოიცავდა, არამედ ჯანდაცვის სერვისების გეგმა და პირველადი პრევენცია იყო წარმოდგენილი,“ – გვითხრა უფლებადამცველმა.

მისი თქმით, ეს იყო კომპლექსური ხედვა და 2017 წელს თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ კანონი პარლამენტში დარეგისტრირდა, სადაც დოზები ადეკვატურად იყო განსაზღვრული, თუმცა, ეს დოზები არანაირად მისაღები არ გახდა პროკურატურისთვის და შესაბამისად, მივიღეთ ისევ ის დოზები, რომელსაც ახალი კანონი გვთავაზობს და რაც რეალურად არაფერს ცვლის.

 

რა შეიცვალა ინიციატივის შემდგომ

„ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება მისი წინამორბედის მიერ დატოვებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ებღაუჭება. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა კომპლექსური ხედვა და არა ეპიზოდური ცვლილებები. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე იყო საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას ცვლილებებში ვიღაცამ ხელი შეუშალა, რაც რეალურად ასე არაა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობდა და დღესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სურათი რეალურად შეიცვალოს.

“ჩვენ დღესაც დავსჯით იმ ადამიანებს მკაცრად, რომელთაც რეალურად შესაძლოა დაპატიმრების ნაცვლად, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეთ და ხელის გაწოდება სჭირდებოდეთ. მათი კატორღაში გამოკეტვა, საერთო ჯამში, შედეგს არ გვაძლევს და არც მომავალში მოგვცემს,“- აღნიშნავს „ახალი ვექტორის“დამფუძნებელი და ამატებს, რომ დანარჩენი მსოფლიოსგან რეპრესიული ნარკოპოლიტიკით კვლავ ნეგატიურად გამოვირჩევით.

 

კანონპროექტის ხარვეზები

როგორც კოკა ლაბარტყავამ გვითხრა, მისთვის გაუგებარია, რა პრინციპით შეარჩიეს დოზები, რომელიც ცვლილებების თანახმადაა მოცემული და რაც რეალურად, არსებული მიდგომისგან არაფრით განსხვავდება. „როგორც თვითონ ამბობენ, აიღეს ეპიზოდური მომხმარებლის დოზა და პირდაპირ საკანონმდებლო ცვლილებებში შეიტანეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უბრალოდ ცარიელი შპრიცით აღარ დაიჭერენ, მაგრამ საკმარისია რაიმე შემცველობა დარჩეს, რომ ისევ ის მკაცრი სანქციები გატარდება, რაც აქამდე იყო. გამოდის, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი დოზაა, რომლის ქვემოთაც იგივე სიმკაცრეს მივიღებთ,“- ამბობს იგი.

ლაბარტყავას თქმით, თითქმის ყველა შემთხვევაში ადამიანს იგივე სასჯელი დაემუქრება, რაც აქამდე იყო. მისი შეფასებით, ეს ხალხის დასანახად შექმნილი, ფორმალური ცვლილებისთვის შექმნილი ციფრია და მას თან კომპლექსური ხედვა არ ახლავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შესაძლოა წამალზე დამოკიდებულნი იყვნენ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა საკუთარი ადამიანური რესურსის გამოყენებით, საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის სასარგებლო მოქალაქეები იყვნენ. ამ ყველაფერში ხელი არ უნდა შევუშალოთ, ხოლო ჩვენი, საზოგადეობისა და ხელისუფლების დამოკიდებულებით, ეს სურვილი მათში არ უნდა ჩავკლათ,“ – გვითხრა კოკა ლაბარტყავამ.

 

ექიმი-ნარკოლოგის შეფასება

კანონპროექტის იდეისა და ხარვეზების მეტი სიცხადისთვის, „ფორტუნა“ ექიმ-ნარკოლოგსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორს, დავით ოთიაშვილს ესაუბრა. ჩვენი მკითხველისთვის მან ყურადღება კანონპროექტის შინაარსობრივ ნაწილზე გაამახვილა.

„როდესაც რაოდენობებზე ვსაუბრობთ, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ კანონი რაღაც ზღვრული ოდენობების დადგენა ითვალისწინებს, რომლის ქვევით ფლობა ციხით დასჯადი არაა. ამ ოდენობაზე მეტი თუ აქვს ადამიანს, თუნდაც საკუთარი მოხმარებისთვის, ამისთვის ციხეში წავა – ეს არის ამ ცვლილების მარტივი პრინციპი,“ – განუცხადა „ფორტუნას“ დავით ოთიაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის ავტორებმა შემოგვთავაზეს ახალი, 8 ნივთიერებისთვის ამ ზღვრული ოდნებობების დადგენა – კონკრეტული გრამები და მილიგრამები. ეს 8 ნარკოტიკული საშუალება კი, ის 8 ნივთიერებაა, რომლისთვისაც აქამდე კანონში სერიოზული ხარვეზი იყო და ამას ყველა აღიარებდა. ოთიაშვილის თქმით, ასეთი ზღვრული ოდენობები საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, ნებისმიერი ოდენობის ფლობა, თუნდაც საკუთარი მოხმარებისთვის და არანაირი გასაღების მიზნისთვის, ავტომატურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ასევე ციხეში გატარებულ წლებს იწვევდა.

დავით ოთიაშვილის შეფასებით, ავტორების ეს მცდელობა მისასალმებელი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ეს იმისთვის, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოიფხვრას და კანონმდებლობა ნაკლებად უსამართლო იყოს.

 

 

მოსალოდნელი ცვლილებების მთავარი ხარვეზი

ექიმს ვკითხეთ რამდენად რეალისტურია კანონით გათვალისწინებული დოზები და რა ხარვეზებს ხედავს მოსალოდნელ ცვლილებებში, რაზეც მან ასე გვიპასუხა – „რაც შეეხება დოზებს, ის ოდენობები, რაც შემოთავაზებულია, აბსოლუტურად არასაკმარისია, არარეალისტურია და სამართლიანობას ვერ აღადგენს, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მცირეა, ესაა ისეთი ოდენებობი, რომელიც ოდნავ აღემატება მოხმარებისთვის უვარგის ოდენობას. ამას არც მალავენ და ამბობენ, რომ ეს კანონი ეპიზოდურ მომხმარებლებზეა გათვლილი.

“თუ რატომ აირჩიეს ეპიზოდური მომხმარებლები და რა დააშავა რეგულარულმა ან დამოკიდებულმა მომხმარებელმა, რომელსაც საკუთარი მოხმარებისთვის, გაცილებით უფრო მაღალი დოზა ესაჭიროება, ამაზე პასუხი არ აქვთ, ავტორები ამას ვერ გვისაბუთებენ,“ – გვითხრა დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა, დავით ოთიაშვილმა.

 

მისი შეფასებით, ამ ოდენობების დამტკიცება გამოიწვევს იმას, რომ შესაძლოა ცვლილებები მხოლოდ ერთეულ, დამწყებ, მომხმარებლებს შეეხოს და სასჯელი შეუმსუბუქოს, სხვა ყველა დანარჩენს კი, ადამიანების უდიდეს უმრავლესობას, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარს, კანონით შემოთავაზებული დოზები არანაირად არ შეეხება და ეს ცვლილებაც, შესაბამისად შეღავათს არ სთავაზობს.

„სამწუხაროდ, რიტორიკის დონეზე გვეუბნებიან, რომ უნდათ პოლიტიკა უფრო ადამიანური და სამართლიანი გახადონ, რეალურად კი, პრაქტიკულ ნაბიჯებში, ეს არანაირად არ აისახება,“ – აღნიშნა ექიმმა.

 

როგორ უნდა გახდეს ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური

„ცვლილებები ძალიან მიზერულ ზეგავლენას მოახდენს ერთეული ადამიანების ბედზე, თუმცა, ესეც საკითხავია. შესაძლოა ასეთი მიზერული ზღვრული ოდენობების დადგენა საერთოდ არავის შეეხოს. სამწუხაროდ, რიტორიკა ვითომ ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობისკენაა მიმართული, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები ამაზე არ მეტყველებს,“ – ამბობს ექიმი ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი.

მისი შეფასებით, პრობლემები ძალიან კომპლექსურია და ყველა ხარვეზის აღმოფხვრას დრო და ბევრი მიმართულებით, ცვლილებების გატარება სჭირდება.

„ეს ცვლილებები ჩვენს მიერ 3 წლის წინ პარლამენტში შემოთავაზებული კანონპროექტის ფარგლებში იყო, თუმცა რეალური შედეგი არ დამდგარა,“- ამბობს იგი.

კითხვაზე – რა შეიძლება სწრაფად და მოკლევადიან პერსპექტივაში მეტ-ნაკლებად დიდი შედეგის მომტანი იყოს, ექიმი ასე პასუხობს – „ეს გახლავთ ამ ნივთიერებებისთვის რეალისტური ოდენობების დადგენა, იმის აწევა რასაც ახლა გვთავაზობენ, ექიმებთან კონსულტაციის გავლა, რომლებიც ეტყვიან – რა უნდა იყოს ეს ზღვრული ოდენობები. ხოლო მეორე ნაბიჯი, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის საერთოდ გაუქმება უნდა იყოს. ეს გახლავთ მუხლი, რომელიც მხოლოდ ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. აი ეს ორი ცვლილება, რომლის გატარებასაც დიდი დრო და რესურსი არ სჭირდება, პოლიტიკის შემოტრიალების გზაზე, პირველი, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯი იქნებოდა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ დავით ოთიაშვილმა.

 

 

 

 

 

მთავარი ფოტო: გიორგი ტორონჯაძე
magti 5g