LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისკავს ყველა, ვინც გზაზე გადაადგილებას გადაწყვეტს: საქართველოს “შავი წერტილები”

1623
FORTUNA.GE (19)

მსოფლიოში ძალიან ბევრი სახიფათო გზაა, რომლებსაც იშვიათად მივყავართ ტაძრამდე, მაგრამ ტურისტებისთვის ის მაინც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.

ხევსურეთსა და თუშეთში მოხვედრის შემდეგ, ალბათ ბევრ ტურისტს უფიქრია, რომ მსგავსი სილამაზის ნახვა ნამდვილად ღირდა სახიფათო გზის გავლად.

თუმცა ხევსურეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ალბათ ბევრ მოგზაურს დააფიქრებს, რომ გარისკვა არ ღირს.

აღსანიშნავია, რომ BBC-იმ 2013 წელს ჩაატარა ძალიან საინტერესო კვლევა ევროპის ქვეყნებს შორის, სადაც დაასახელა ყველაზე სახიფათო საავტომობილო გზები. მათ შორის საქართველოც მოხვდა თუშეთის გზის გამო.

2950 მეტრზე მყოფი აბანოს უღელტეხილზე გამავალი ეს მონაკვეთი ყველაზე გაბედულ ტურისტებსაც კი აფრთხობს. საინტერესოა ისიც, რომ აქ მოხვედრა ყოველთვის როდის შეგიძლიათ. თავისი სპეციფიკური მდებარეობისა და სახიფათო მოსახვევების გამო ეს გზა მთელი 6 თვის განმავლობაში დაკეტილია – გზის დიდი ნაწილი ხომ პირდაპირ კლდეზეა გაჭრილი და აქ მყოფს “კამიკაძეობის” სურვილს ნამდვილად უკარგავს.

ტურისტებსა თუ მოგზაურებს მხოლოდ მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე შეუძლიათ “სიკვდილს თვალებში ჩახედონ” და თუშეთში მოხვდნენ.

 

 

მხოლოდ შატილის ნახვა არაა სახიფათო. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 200-მდე „შავი წერტილია“, სადაც ავტოავარიები ხშირად ხდება. 

 „შავი წერტილი“ გულისხმობს გზის არაუმეტეს 300-მეტრიან მონაკვეთს, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული სულ ცოტა 4 ავტოსაგზაო შემთხვევა და/ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და/ან დაღუპვით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს. 

 

თბილისში ასეთი ადგილებია აკაკი წერეთლის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, კახეთის გზატკეცილი.

მსგავსი “შავი წერტილები” არის ქუთაისსა და ბათუმშიც. 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ დიდი ხანია, საქართველოში მოშლილია საგზაო უსაფრთხოება, რასაც მძღოლების დაუდევრობა ემატება. შედეგი კი კატასტროფულია.

„წელს მიიღეს კანონი, რომ საქართველოს საავტომობილო გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდება. მაგრამ ეს “შავი წერტილები“ არ არის იდენტიფიცირებული. არაა დაწერილი, როგორ უნდა მოხდეს მათი აღმოფხვრა. მე, როგორც ვიცი, “შავი წერტილები” აღრიცხული არაა. არის კონკრეტული პრობლემური მონაკვეთები, რომელიც „შავი წერტილიც“ არაა. „შავი წერტილი“ უფრო ლოკალურ ადგილს გულისხმობს. 

რეალურად რისკავს ყველა, ვინც გზაზე გადაადგილებას გადაწყვეტს. მეწყრული პროცესებისთვის გზის გამართულობას მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა გზა ინფრასტრუქტურულად აბსოლუტურად გამართული იყოს და განვითარდეს მეწყრული პროცესი. ასე რომ, გზებთან დაკავშირებული რისკები ყოველთვის არსებობს. შეიძლება, მოვლენები არასასიამოვნოდ განვითარდეს. ყველგან შესაბამისი ტრანსპორტით უნდა წახვიდე. თუ ვიცი, რომ გრუნტის გზა გველოდება, ამისთვის მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ირჩევ, ჯიპებს რომ ვეძახით და როდესაც ჩვეულებრივ გზაზე მიდიხარ, მსუბუქი ავტომობილით უნდა იმგზავრო. მთავარია, ჩვენმა მძღოლებმა და მოქალაქეებმა, ვინც მანქანას მართავს, იცოდნენ, რომ მოუწესრიგებელი ავტომანქანით არ იმგზავრონ. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს კულტურა არ არსებობს. საგზაო მოძრაობის კანონშიც წერია, რომ ადამიანმა უნდა შეამოწმოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, სანამ გზაზე გავა. ეს კულტურა დანერგილი არაა საქართველოში. ჩვენ ყველას ბევრი რამ გვაქვს სასწავლი“, – ამბობს მესხიშვილი.

მესხიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი გზა შესაძლოა სახიფათო გახდეს.

„სახიფათო გზა ყოველთვის არსებობს და ეს გზა შესაძლოა სახიფათო გახადო, იმის მიხედვით, თუ როგორ მართავ მანქანას. ასეთი იყო და მგონი, დღემდე რჩება ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთი. კვირა არ ჩაივლიდა და არ ჩაივლის, რომ მსხვერპლით არ დასრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არაა რთულად რელიეფური, ისევე როგორც გომბორის გზა. ბოლო წლების განმავლობაში გომბორის გზაზე საგზაო დეპარტამენტმა ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა გამოასწორა და მგონი, შედეგი სახეზეა“, – ამბობს დავით მესხიშვილი. 

 

 

23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.  სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g