LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა სცენაზე დავდექი და ვიმღერე, თითქოს სუნთქვა ისევ თავიდან დავიწყე“ – გაიცანით გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი Eka Laki, რომლის სიმღერაც გერმანიის რადიოში ტრიალებს

1059
ეკა ლაკი

„ძალიან მიყვარს ხელოვნების სხვადასხვა დარგით თვითგამოხატვა“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას 31 წლის მუსიკოსი ეკა აბალაკი, ფსევდონიმით „ეკა ლაკი“, რომელიც 8 წელიწადზე მეტია საკუთარი მუსიკალური კარიერის აწყობას საზღვრებს გარეთ ცდილობს და საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდის.

„ეკა ლაკი“ ამჟამად გერმანიაში, ქალაქ კელნში ცხოვრობს და როგორც თავად გვიამბობს, ადგილობრივ მუსიკალურ სცენაზე თავი დიდი შრომისა და ენთუზიაზმის ხარჯზე დაიმკვიდრა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ამბავში ისაა, რომ ეკა საკუთარ მუსიკას – მელოდიას, ტექსტს და ხმას თავად ქმნის და ამით მის ხელოვნებას კიდევ უფრო ინდივიდუალურს, ამავდროულად, მრავალფეროვანს ხდის.

„ეკა ლაკის“ ერთი სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით „In My Reality“ უკვე გამოშვებული აქვს, რომლის საშუალებითაც მსმენელებს 8 საკუთარ შექმნილ სიმღერას სთავაზობს და რომელიც პროდიუსერ Diggi.TV-სთან კოლაბორაციით ჩაწერა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი არც საკუთარ ენას ივიწყებს და სანახაობასთან ერთად, უცხოელ მსმენელებს ქართულად ნამღერსაც უზიარებს, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქართული ენის პოპულარიზაციასაც ახდენს.

გარდა სიმღერისა, „ეკა ლაკი“ ფერწერითაც არის გატაცებული და როგორც თვითონ ამბობს, მუსიკითა და ხატვით საკუთარ იდენტობას გამოხატავს, რადგან ხელოვნება ბავშვობიდანვე მისი მთავარი გატაცება, ახლა კი უკვე პროფესიაცაა.

„ფორტუნა“ „ეკა ლაკს“ მის შემოქმედებაზე, განვლილ პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა:

„პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ეს იმიტომ, რომ ხელოვნებასთან ახლოს მინდოდა ყოფნა.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მიმყავდა გასართობი კონცერტები, ძალები არასამთავრობო სექტორშიც მოვსინჯე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, რადგან ბავშვობიდან აქტიურად ვმღეროდი და მინდოდა კარიერა ამ კუთხით გამეგრძელებინა.

არასამთავრობოში მუშაობის პერიოდში, პროექტით ინგლისში მომიწია წასვლა, შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარე და მარკეტინგი შევისწავლე.

მარკეტერის პროფესიის დაუფლების შემდეგ ვიმუშავე ჰოლანდიაში ამავე პროფესიით, სადაც 3 წელი დავყავი, თუმცა მალევე ისევ დამეწყო დეპრესია, რადგან რაც მინდოდა იმას არ ვაკეთებდი, მუსიკას ისევ დავშორდი“, – უამბობს „ფორტუნას“ მუსიკოსი და იხსენებს ეტაპს, როცა მუსიკალურ კარიერაში გარდამტეხი მომენტები გაიარა:

„მყავს ბერძენი მეუღლე, რომელიც ინგლისში სწავლის პერიოდში გავიცანი და მას შემდეგ ერთად მოვდივართ, ყველაზე ახლო ოჯახის წევრი გახდა.

როგორც გითხარით ამსტერდამში ცხოვრებისას, ერთ-ერთ კომპანიაში, მარკეტერად ვმუშაობდი და თუ მანამდე უფრო მომღერლის ამპლუაში ვიყავი, ჰოლანდიაში გადავწყვიტე ჩემი მუსიკა შემექმნა და სიმღერების წერა დავიწყე. ამჟამად დროის სრულ 100%-ს მუსიკას ვუთმობ.

ჰოლანდიაში ცხოვრებისას მახსოვს დღე და მომენტი, რომელმაც დიდი ემოციური გავლენა მოახდინა ჩემზე. მეუღლემ შემომთავაზა, სადმე Open stage-ზე მიმეღო მონაწილეობა,
რაც ნიშნავს ღია კონცერტს, სადაც მსურველ მუსიკოსებს საკუთარი სიმღერის წარმოჩენა შეუძლიათ.

ერთად წავედით, ორად ორი სიმღერა მახსოვდა: Amy Weinhouse – valerie და Nina Simone – Feeling good, ეს ვუთხარი იქ მყოფ პიანისტს, თუ შეეძლო ჩემთვის აკომპანემენტი გაეწია..

მკაფიოდ მახსოვს შეგრძნება: როცა სცენაზე დავდექი და ვიმღერე, თითქოს სუნთქვა ისევ თავიდან დავიწყე და იმ დღეს გადავწყვიტე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რათა ეს კარიერა გამეგრძელებინა, რადგან  სხვანაირად ცხოვრება ფიზიკურად არ შემეძლო.

ის პიანისტი ასევე პროდიუსერი აღმოჩნდა და თავისთან მიმიწვია. ერთად 3 პროექტზე ვიმუშავეთ
და მასთან მუშაობისას მივხვდი, რომ თურმე სიმღერების წერა შემძლებია. უამრავი მელოდია მაქვს თავში, ალბათ საჭირო გარემო მჭირდებოდა.

ფორტეპიანოზე დაკვრა ჩემით ვისწავლე და ასე ნელ-ნელა სიმღერების წერას მივყავი ხელი, ხმას ძალიან ვუფრთხილდები“,  – ამბობს მუსიკოსი და იხსენებს კონკურსს, რომელში წარმატების მიღწევამაც ასევე მოტივაცია აუმაღლა:

„როცა სიმღერების წერა დავიწყე, მუსიკოსების კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც ჩემმა სიმღერამ გაიმარჯვა. შედეგად, ამ კვირას მივდივარ შვედეთში ერთკვირიან მუსიკოსთა შეკრებაზე „songwriting camp“. ყველაფერი მათი დაფინანსებულია და ამ სკოლას – Musikmakarna-ს საკმაოდ სერიოზული მუსიკოსებსა და არტისტებთან აქვთ ნამუშევარი. მოკლედ შრომით, სწავლით თავდადებით, ნელ-ნელა წინ მივიწევ.

ძირითადად Looper-ზე ვმუშაობ და ვცდილობ საკმაოდ ბევრი ჟანრი გავაზიარო ერთ სიმღერაში, თუმცა მოკლედ რომ ვთქვა ალტ-პოპი [ალტერნატიული პოპი] გამოდის.“ – გვიყვება „ეკა ლაკი“ და ამბობს, რომ პირველი ემოციური მომენტი გრანტის მოპოვება გახდა, რომელიც მან საკუთარ ალბომს მოახმარა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ თავი ადგილობრივი სცენაზეც დაიმკვიდრა.

ამბობს, რომ გრანტი უკვე ორჯერ მოიპოვა, ხოლო პირველად სადებიუტო ალბომი დაუფინანსეს:

„Nord Rhein Westfalia“ არის კუთხე, სადაც შედის კელნის ქალაქი და ხელოვნების მხრივ იყო პროექტი „Auf Ghets“, იქიდან მივიღე დაფინანსება. იგივე პროექტისგან მივიღე გრანტი და ამ თანხით „BEQmedia“-სთან ერთად გადავიღეთ რვა კლიპი, თითო კლიპი გამოხატავს სიყვარულის განცდას სხვადასხვა სტადიაზე, ისევე როგორც ალბომის სიმღერები.

ვიდეოებისთვის თვითონ შევკერე მოსასხამები და სიმბოლურად მოსასხამების ფერები ჩემს ემოციურ მდგომარეობას უსვამს ხაზს.

ამჟამად Stacia-სთან ერთად, ვიდეოს „ედიტორიალზე“ ვმუშაობთ და მაისიდან უკვე მსმენელებს საშუალება ექნებათ You Tube-ზე უყურონ.

თუმცა, მანამ სანამ სრული ვიდეოები დაიდება, ყველას შეუძლია მოუსმინონ ჩემს სიმღერებს პატარა ვიდეო ამონარიდებთან ერთად ჩემს You Tube გვერდზე.

ზოგადად, აქ თავის დამკვიდრება და მით უფრო, სასცენო ხელოვნებაში საკმაოდ რთულია… პირველად იყო კულტურული შოკი, სულ სხვანაირი გარემო და სხვა ტიპის ხალხი.

ინგლისი უფრო იოლი იყო, რადგან პროექტით ვიყავი და თან უნივერსიტეტში ხალხი გავიცანი. ბევრი შრომის ხარჯზე მივაღწიე იმდენს, რომ დღეს მიცნობენ. შევეცადე მომეძებნა ხალხი, პროდიუსერები, ვისთანაც საერთო ენას გამოვნახავდი და მოვახერხებდი ჩემი ალბომის რეალიზებას. დავესწარი უამრავ ღონისძიებას, რომ ნელ-ნელა ხალხს ჩემი თავი გაეცნო, ასე მოვედი აქამდე.

ახლა ძირითადად სახლში ვშრომობ, რომ რაც შეიძლება მეტი მუსიკა დავწერო. უკვე ჩემს სიმღერებს თვითონ ვუკეთებ აკომპანემენტს და Looper-ზე აქტიურად ვმუშაობ.

საქართველოსგან განსხვავებით აქ სიმღერის ჩაწერისა და კონცერტების მოწყობის სისტემა ცოტა სხვანაირია, ახლა მაქვს მოწვევები სხვადასხვა ღონისძიებებზე და ისევ საჭიროა ხალხის გაცნობა, მიმოსვლა და ასე შემდეგ. მანამდე კელნის რადიო – NRW radio-ში ვიყავი, სადაც ჩემი სიმღერა დატრიალდა. ამჟამად, ასევე საუბარი მაქვს ერთ-ერთ გერმანიის რადიოსთან და ვნახოთ, რა იქნება.“ – უთხრა „ფორტუნას“ მუსიკოსმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Eka Laki (@eka_laki)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები