თუ დილას იღვიძებთ დაღლილი, ხართ გაღიზიანებული და ყურადღება გეფანტებათ, ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გაქვთ. თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე ,,იმედის” ეთერში გვესაუბრება ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი.

– ძალიან ბევრი ადამიანისთვის აქტუალური თემაა ქრონიკული დაღლილობა. რა სიმპტომები ახასიათებს და რა არის ზოგადად ქრონიკული დაღლილობა?

ქრონიკული დაღლილობა ეს არის სერიოზული დარღვევა, როდესაც ადამიანს აქვს დატვირთვის აუტანლობა და მუდმივი დაღლილობის განცდა. ზოგადად დაღლილობა ფიზიოლოგიური და ჯანსაღი შეგრძნებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წინ უძღოდა გარკვეული დატვირთვა. მაგალითად, თუ ადამიანმა წინა დღეს ბევრი იმუშავა, მათ შორის ფიზიკურად, ან ცუდად ეძინა, ბუნებრივია, რომ მეორე დღეს ის იყოს დაღლილი, მაგრამ როდესაც ეს აღარ არის სიტუაციური და მიუხედავად იმისა, რომ თვეების მანძილზე ადამიანი ნორმალურ რეჟიმში ისვენებს, ის მაინც დაღლილობის შეგრძნებით იღვიძებს, საქმე გვაქვს უკვე ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან.

– რას გვეტყვით ქრონიკული დაღლილობის სიმპტომებზე და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

აღნიშნულ მდგომარეობას ახასიათებს ადვილად დაღლა და პროდუქტიულობის შემცირება, რასაც თან ერთვის გაღიზიანებადობა. ადამიანი იღვიძებს დაღლილი მიუხედავად იმისა, რომ ღამე 8-9 საათი ეძინა. უქვეითდება შრომის უნარი. ამ დროს უნდა მივმართოთ ექიმს. აღნიშნული სიმპტომები ახასიათებს სხვა დაავადებებსაც, მაგრამ თუ ანალიზები არ უჩვენებს სერიოზულ დარღვევებს და ყველაფერი ნორმაშია, საქმე გვაქვს უკვე ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან.

– რამდენად გავრცელებულია დღესდღეობით ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და აქვს თუ არა მას კავშირი დეპრესიასთან?

სამწუხაროდ იშვიათი დიაგნოზი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება მის კავშირს დეპრესიასთან, საინტერესო პარალელია. შეიძლება დეპრესიამ, რომელიც იწყება სევდით, მიგვიყვანოს ქრონიკულ დაღლილობამდე. პირიქითაც შეიძლება მოხდეს და ქრონიკული დაღლილობის და შრომისუნარიანობის დაქვეითების ფონზე, ადამიანს განუვითარდეს დეპრესია.

– როგორია მკურნალობის პროცესი?

ყველაზე კარგი მკურნალობა ქრონიკული დაღლილობის დროს არის ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება და მუშაობა საკუთარ თავზე. მედიკამენტები ყოველთვის არ არის საჭირო, თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან მიღებულია არასაჭირო წამლების დანიშვნა. როდესაც დაისმება ქრონიკული დაღლილობის დიაგნოზი, შემდეგ საჭიროა უკვე მისი მართვა ექიმის მიერ და ექიმის დანიშნულების შესრულება. სამწუხაროდ პაციენტების აბსოლუტური უმეტესობა ამ დიაგნოზით, არის ზარმაცი. არჩევენ ათასი ლარის ღირებულების წამლების ყიდვას, მაგრამ ეძნელებათ სასმელი წყლის რეგულარულად მიღება. ეზარებათ ვარჯიში და ცხოვრების წესის შეცვლა. არადა ჯანსაღი ცხოვრების წესი ქრონიკული დაღლილობისათვის საუკეთესო წამალია. ქართველ პაციენტს ურჩევნია დაუნიშნონ წამლები. ამით ის გარკვეულწილად იხსნის თავის წილ პასუხისმგებლობას, რომელსაც ექიმს აკისრებს. რომ თუ წამალმა არ უშველა, ექიმს დააბრალოს და სხვა ექიმთან წავიდეს. ექიმი პაციენტს სწორი დიაგნოზის და იმედის გარდა, აძლევს დანიშნულებას, რომელიც დაცული უნდა იქნას. სხვა შემთხვევაში მკურნალობას შედეგი არ ექნება.

– შეიძლება თუ არა ამას ვუმკურნალოთ ექიმის გარეშე?

არ შეიძლება. ხშირად პაციენტები ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას და ცდილობენ თვითმკურნალობას. არადა ინტერნეტი მათ აძლევს დიდი რაოდენობით არასაჭირო ინფორმაციას. ინტერნეტმა არ იცის კონკრეტული ადამიანის ფსიქოტიპი და შფოთვის ხარისხი, არ იცის მისი ცხოვრების წესი და თავისებურებები. ინტერნეტი სპეციალისტს ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესი არის ერთგვარი თანამშრომლობა და აუცილებელია პაციენტმა მხარი აუბას ექიმს მისი მითითებების შესრულებით და დანიშნულების დაცვით.