LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ანდრონიკაშვილი: „დიდ ასაკში გაჩენილი შვილი სულ სხვა სიამოვნებაა, მთელ დროს მასთან ერთად ვატარებ…“

299
ეკა-ანდრონიკაშვილი

მსახიობი ეკატერინე ანდრონიკაშვილი ორი შვილის დედაა. პირველი ვაჟი უკვე სრულწლოვანია, ხოლო მეორე ექვსი წლის წინ აშშ-ში შეეძინა.

ეკა fortuna.ge-ს უზიარებს, რა განსხვავებაა პატარა ასაკსა და უკვე მოწიფულ ასაკში დედობას შორის.

თანამედროვე სამყაროში, თქვენი აზრით, ქალისთვის რა არის მნიშვნელოვანი?

ეკატერინე: 

ზოგადად თუ ვიტყვით, როგორც ყველა ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, დაცულობა, მშვიდობიან გარემოში ცხოვრება და შვილების კარგად ყოფნა. მერე მოდის ფინანსური მდგომარეობა და კარიერა.

თქვენ, როგორც წარმატებული ქალი, რომელსაც აქვს კარიერაც და პირადი ცხოვრებაც, როდისმე არჩევანის წინაშე თუ ყოფილხართ, რომელიმე დაგეთმოთ მეორეს სასარგებლოდ ან ვინმეს თუ დაუყენებიხართ მსგავსი არჩევანის წინაშე?

არავის  არასდროს გაუბედავს,  ასეთი არჩევანის წინაშე დავეყენებინე. მე ვეკუთვნი ჩემს თავს. უბრალოდ, ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო მეორე ბავშვის გაჩენა და ამის გამო რაღაც-რაღაცები ჩემივე ნებით დავთმე და შეიძლება, დავკარგე კიდეც… თუმცა, არაფერი ისეთი, რაც კიდევ ერთი ბავშვის „არგაჩენად“ ღირდა… ასეთ ასაკში გაჩენილი ბავშვი სულ სხვაა… რაც მეორე შვილი გავაჩინე, პრაქტიკულად, საღამოების 90%-ს სახლში ვატარებ. აღარ მაქვს მოთხოვნილება, რომ საღამოს სადმე წავიდე. არის ხანდახან სპექტაკლები, ჩემი საკუთარის გარდა, რომელსაც მინდა დავესწრო, მაგრამ ძირითადად, შვილთან ყოფნა მირჩევნია. ეს არის ჩემი პირადი არჩევანი და სიამოვნება, ამას არავინ მაძალებს.

რა განსხვავებაა პატარა ასაკში და დიდობის პერიოდში გაჩენილ შვილებს შორის? როგორია დედობა, უფრო განსხვავებულია?

ძალიან დიდი განსხვავებაა. რა თქმა უნდა, თანაბრად და სიგიჟემდე გიყვარს ორივე, მაგრამ როცა პირველად შემეძინა შვილი, ძალიან პატარა ვიყავი, 20 წლის და შანსს არ ვუშვებდი ხელიდან, რომ ის ვინმესთვის არ დამეტოვებინა. ძალიან მიხარია, რომ გავაჩინე და ახლა ამხელა ბიჭი მყავს, ჩემი საყრდენი და მეგობარია, მაგრამ ახლა უფრო მეტი კომფორტის ზონაა შვილთან ყოფნა! თუნდაც მოგზაურობაში, ძალიან კარგი პარტნიორი გამოდგა პატარა… ამერიკაში წავიყვანე შარშან ზაფხულში ,  5 წლის იყო და იქ გახდა ექვსი წლის. ისე გამიადვილა ეს ყველაფერი, რომ მივხვდი, სადაც მინდა, ყველგან შემიძლია წავიყვანო.

აღზრდის მეთოდებში არის რაიმე განსხვავება? დღეს, როგორც დედა, როგორი ხართ და წლების წინ როგორი იყავით

უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრით. ხანდახან ჩანაწერებიც კი გამიკეთებია, როცა რაღაც სასაცილოს მეუბნება ჩემი შვილი, რომ არ დამავიწყდეს.

მეორე ისაა, რომ რაღაცებს ვსწავლობ, ტრაფარეტულად არ ვამბობ. ბევრი დასკვნა გამომაქვს შვილთან ურთიერთობისას.

პირიქით რას გასცემთ?

პირველთანაც არ ვიყავი ცუდი დედა ნამდვილად, ყოველთვის მეგობრული ვიყავი, უბრალოდ, აქ გაცილებით მეტი სითბო და პირდაპირობაა. არ მახსოვს, ამდენი „მიყვარხარ“ ყოფილიყო ჩვენ შორის, პირველ შვილს ვგულისხმობ, მეორესთან გაცილებით გამოხატულია ეს სითბო. შეიძლება ეს ამ „ალფა“ თაობის ბრალია, სხვანაირები არიან,გახსნილები და თბილები… ბევრად უფრო მშვიდი ვარ, როგორც დედა. რომ გავაჩინე, პირველი ორი თვე ამერიკაში ნიკალასთან ერთად სრულიად მარტო ვიყავი. მეგობრებთან  კი ვცხოვრობდი, მაგრამ არ მყოლია იქ დედა, დეიდები, ნათესავები თუ ძიძა, რომელიც დამეხმარებოდა. ძალიან ორგანული იყო ეს ყველაფერი და აბსოლუტურად არ გამჭირვებია. ორი თვის იყო, როცა ამერიკიდან საქართველოში დავბრუნდი. ერთადერთი, აღელვებული ვარ, როცა სიცხე აქვს და ავად არის. დანარჩენი – ყველაფერი ბევრად მეტ სიამოვნებას უკავშირდება. პირველი შვილი 90-იან წლებში გავაჩინე და იქ გარემოც მძიმე იყო…

არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, მალე ბებია გახდეთ? ამაზე რას ფიქრობთ?

პირველ რიგში, ძალიან მინდა, რომ ჩემი უფროსი შვილი მალე დაოჯახდეს და შვილი შეეძინოს.

პრეტენზიული დედამთილი არ იქნებით?

არა, რას ამბობთ?!. რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში ხდები დედამთილი და ბებია, მით უფრო მეტი მეგობრობაა და ბევრად უფრო გესმის ახალგაზრდებისაც და შვილიშვილისაც. ჩემს თაობაში ზოგს შვილიშვილი ჰყავს, ზოგი ახლა თხოვდება და ზოგი პენსიაზე გადის… უცნაური თაობა ვართ. შემდეგი თაობა ასეთი არ იქნება, რადგან 30 წლამდე ვერ მოუფიქრებიათ, დაოჯახდნენ თუ არა. ბავშვების ერთი თაობას, ფაქტობრივად, გამოვტოვებთ… ბებიობა მსურს, რატომაც არა? ვუთხარი კიდეც ჩემს შვილს.

ანუ არ გაკომპლექსებთ ის, რომ ასე კარგად გამოიყურებით, ახალგაზრდა ხართ და შეიძლება, ბებია გახდეთ?

არა! ის ბებიები ხომ აღარ არიან ახლა, ჭაღარები რომ დადიოდნენ და წინდებს ქსოვდნენ. ხომ ვთქვი, ჩვენ სხვა თაობა ვართ. ჩემი შვილი დიჯეია, ხშირად უკრავს კლუბებში და მასთან და მის მეგობრებთან ერთად ხშირად მეც ვარ და მამამისიც!

ეკა, სახლშიც დაკავებული ხართ და პროფესიულადაც, თავის მოსავლელად როგორ იცლით? რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?

პირდაპირ გეტყვით, რომ ამაში ჩემი დამსახურებაა 30%, ხოლო 70% გენეტიკის დამსახურებაა. არც ბოტოქსი მაქვს გაკეთებული და არც არანაირი მნიშვნელოვანი ჩარევა. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა, ოღონდ ვიკვებები ჯანმრთელად, არ მიყვარს პური, ცომი და გადანაყრება. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. ზარმაცი ვარ და არ ვვარჯიშობ. კვირაში ერთხელ თუ დავაძალებ თავს და 15 წუთს წავივარჯიშებ, სულ ესაა. მანქანით დავდივარ და არა ფეხით.გვიან ვიძინებ…რა გითხრათ)  ვიყენებ ხარისხიან კრემებს, რაც ჩემი სახის კანს უხდება. ხანდახან, როცა მაქვს დრო და ფინანსური შესაძლებლობა, მასაჟის კურსს ვიტარებ. ეს არის ჩემი თავის მოვლა.

მამაკაცი არ არის თქვენს ცხოვრებაში?

როგორც ნახეთ, მამაკაცი არ მიხსენებია. ახლა ასეთი პერიოდი მაქვს, როდისმე თუ ვინმე გამოჩნდება თეთრ ცხენზე ამხედრდებული მამაკაცი, რატომაც არა…

ანუ ესაა მთავარი კრიტერიუმი? კიდევ?

მე კი არ უნდა ვიყო მისთვის დასაყრდენი, პირიქით, ის უნდა იყოს ჩემი დასაყრდენი. ეს არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი. როცა შედარებით ძლიერი ქალი ხარ, გინდა, შენზე ძლიერი მამაკაცი შეგხვდეს…

ასეთი ჯერჯერობით არ არის თქვენს ცხოვრებაში?

არა…

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები