LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უძღვება ზურა მანჯავიძე 1000-კაციან ქორწილებს: „ბევრ მომღერალს, ვინც „ფრონცკაობდა“, ქორწილებში არ დავდივარო, ახლა რომ გახედო, სცენიდან ვერ ჩამოიყვან…“

1403
ზურა-მანჯავიძე

„ფორტეს“ წევრი ზურა მანჯავიძე fortuna.ge-ს სტუმარია. მომღერალი საუბრობს შემოქმედებით სიახლეებზე, კონცერტებზე და თამადობაზე, რომელიც მისი შემოსავლის წყაროდ იქცა.

ზურა მანჯავიძე: 

უამრავი კონცერტი გვქონდა ზაფხულსა და შემოდგომაზე, იმართებოდა სოლო და შერეული კონცერტებიც, ანსამბლთა გაერთიანების ფარგლებში. პანდემიის პერიოდშიც მოვასწარით „ფორტემ“ საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ სოფლებში კონცერტების გამართვა, გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის რაიონებში. საოცარი ემოციებით დატვირთული კონცერტები იყო, ამაღელვებელი შეხვედრები გვქონდა მსმენელთან.

ახლახან მოვიარეთ სენაკი, ხონი, აბაშა, წალენჯიხა, ფოთი, ჩხოროწყუ. ფოთის კონცერტის წინ მე და მანანას სიცხე გვქონდა, როგორია, კონცერტია დანიშნული და ვნერვიულობდით, კოვიდი ხომ არ დაგვემართაო. საბედნიეროდ, კოვიდს გადავრჩით, მაგრამ სიცხიანებმა ვიმღერეთ. სცენაზე როგორც კი გადიხარ, სულ სხვა რამ გემართება. იმდენად მობილიზებული ხდები… რეპეტიციაზე ხმა არ მქონია, ბგერას ვერ ვიღებდი, მაგრამ სცენაზე რომ გადიხარ, სხვა ძალები გეძლევა. ერთ-ერთ კონცერტზე სანამ სცენაზე გავიდოდით, მანამდე აჟღერდა მუსიკა, რა სიჩქარით გავრბოდით, არ ვიცოდით, მანანას ნაცვლად ირინამ თქვა სოლო, რადგან მიკროფონთან უფრო ახლოს იყო (იცინის).

ანსამბლთა გაერთიანება როგორ შეიქმნა?

გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ქართული სიმღერის შემსრულებელთა ანსამბლები – „ფორტე“, „ქართული ხმები“, „თეატრალურის კვარტეტი“, „ შვიდკაცა“ და „ალილო“. ვინც უკვე დიდი ხანია ვმოღვაწეობთ ესტრადაზე და თუ ამბიციურობაში არ ჩამომართმევთ, წლების განმავლობაში ჩვენი სიტყვა გვაქვს ნათქვამი, ოთხი კონცერტი გავმართეთ რეგიონებში. ბევრი ბედნიერი სახე ვნახეთ, რაც სცენიდან კარგად ჩანდა. ძალიან გვახარებდა ეს ყველაფერი. გვიხარია, რომ ქართულ სიმღერას ამდენი გულშემატკივარი ჰყავს.

18 ნოემბერს, ზუსტად ამავე შემადგენლობით, ქალაქური მრავალხმიანობით, ვგეგმავთ ფილარმონიაში კონცერტს, ორკესტრის თანხლებით, დავით მაზანაშვილი იქნება მუსიკალური ხელმძღვანელი. სიახლეები აუცილებლად იქნება. მგონი, კარგი კონცერტი უნდა გამოვიდეს.

პანდემიის პერიოდში ქართული სიმღერა თითქოს თავიდან გახდა პოპულარული…

არის ამაში ლოგიკა. ადამიანს რაც აქვს, იმას არ აფასებს. ჰგონიათ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. კარგად რომ არის ადამიანი, საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება ავად გახდეს. ავად გახდომისას კი ნატრობს იმ დროს, არაფერი რომ არ აწუხებდა. სახლში რომ ჩაიკეტა ხალხი და ურთიერთობები აღარ იყო, მუსიკის მოსმენა უფრო მეტად დაიწყეს. შეიქმნა ბევრი ახალი რამ. სხვა გამოსავალი არ გვქონდა, თვითგადარჩენის ერთ-ერთი სახე იყო. ახლა უფრო სხვანაირად, სხვა გულით უსმენ. უფრო ხვდები, რომ კარგ რაღაცასთან გქონდა საქმე, მაგრამ გულსა და ყურადღების მიღმა რჩებოდა. თავისთავად, თვითდინებით მიდიოდა, ბევრი რამ გადაფასდა, მათ შორის, ქართული სიმღერაც.

„ფორტესგან“ ახალ სიმღერებს უნდა ველოდოთ?

ძველი სიმღერების ახალ ინტერპრეტაციებს შემოგთავაზებთ, ისინი არ იყო აქამდე ჩვენს რეპერტუარში. ახალი სიმღერებიც გვაქვს. ახლახან ჩავწერეთ ზურა მანაგაძის სიმღერა. „რეზო და ბავშვებთან“ ერთად ვაკეთებთ კიდევ ერთ კომპოზიციას. გაჩერებულები არ ვართ. მეტი აქტიურობა არ ვიცი, ფეხბურთის თამაშს ვერ დავიწყებთ (იცინის).

იყო პერიოდი, როდესაც ვერ იყავით აქტიურები, გარკვეული მიზეზების გამო. ახლა ხართ იმდენად აქტიურები, როგორც ელოდით?

როგორ გითხრათ, სხვას ვერაფერს დავაბრალებთ., რაც იყო, გასაგებია და გახსენება არც მინდა. იმედია, მსგავსი არაფერი მოხდება. ამ მხრივ სასაყვედურო არავის აქვს. საერთო კონცერტებზე ყველა პოლიტიკური მიმართულებისა და გემოვნების მომღერლები გამოდიან. სახელმწიფოს დაფინანსებულ კონცერტებზე ისეთი მომღერლები გამოდიოდნენ, რომლებსაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ამ მთავრობასთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. პოლიტიკური შეხედულების გამო არავინ უნდა იბლოკებოდეს. ეს არის აქსიომა და ასე უნდა იყოს.

თქვენ ამბობთ, რომ ახლა არ არის „შავი სიები“… 

ფაქტი ხომ ჯიუტია, ვნახეთ ამ თბილისობაზეც და წინაზეც… ვინმეს თუ რამე პრეტენზია აქვს, პოლიტიკური მიმართულებიდან გამომდინარე არ უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება „ფორტეს“, ხელს არავინ გვიშლის, თუ რამე არ არის სწორად, ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი.

პანდემიის დროს თქვენს სოციალურ ქსელში ბევრი მხიარული ვიდეო ქვეყნდებოდა… 

მიყვარს სიურპრიზების გაკეთება ჩემი მეგობრებისთვის – ცნობილ სიმღერაზე ლექსს დავწერდი ხოლმე და დაბადების დღე იყო თუ იუბილე, ვაკეთებდით ასეთ სახალისო რაღაცებს. პანდემიის დროს მეგობრებისთვის გავაკეთე ისევ, ისე მოეწონათ, გამომაქვეყნებინეს. იმდენად დიდი აჟიოტაჟი ატყდა… დავწერე მეორეც. შემდეგ ყველა მოვლენაზე ვწერდი. ყველაზე პოპულარული იყო პანდემიაზე დაწერილი სიმღერა – „შენ ჩინელო, რას მერჩოდი“. მერე ჩავწერე სახუმარო სიმღერა, გიორგი გახარია რომ გადადგა და ლამის საინფორმაციოებმა აიტაცეს (იღიმის). რომ დამთავრდა პანდემია, მერე ვნახე, 200 000 ნახვა რომ ჰქონია ზოგ ვიდეოს…

ოჯახის წევრები როგორ უყურებდნენ ამ წამოწყებას?

მიღებდნენ კიდევაც და მეხმარებოდნენ, ჩემი შვილები ჩემთან ერთადაც მონაწილეობდნენ. პირველი კრიტიკოსები ოჯახში მყავს. ვიდეოებიც ჯერ საოჯახო საბჭოზე გამომქონდა. ჩემი მეუღლე ჩემი ცნობილი კრიტიკოსია.

ცნობილია თქვენი კარგი იუმორი და თამადობის უნარი… 

რასაკვირველია, საჯაროდ ისე ვერ მოყვები, როგორც სამეზობლოსა და სამეგობროში. გამომდის უცენზურო ანეკდოტების მოყოლა. ყველაფერს თავისი პეწი აქვს. ზოგს მხოლოდ უცენზურობით უნდა ფონს გასვლა – წელს ქვევით იუმორს რასაც ეძახიან. ეს თვითმიზნად არ უნდა გექცეს. თუ სიტყვა მოიტანს, ანეკდოტის დედანში როგორცაა, ისე უნდა მოყვე. შეიძლება, საერთოდ არ გამოიყენო ცუდი სიტყვა და ისე აცინო ხალხი. მე უფრო სიტუაციური ხუმრობ ამიყვარს. ეს ძალიან მეხმარება, როდესაც ქორწილში თამადა ვარ ან რაიმე ღონისძიება მიმყავს. ამას წინათ დაჯილდოებაზე პრიზი უნდა გადამეცა და ამოვიდა ქალი, გვარად ესებუა. სცენისკენ რომ წამოვიდა, ვუთხარი, რა კარგად გაგიკეთებია პლასტიკური ოპერაცია-მეთქი. სპონტანურად კარგი გამოვიდა, რადგან ესებუას ამბავი ახალი მომხდარი იყო…

რაც შეეხება თამადობას, წამყვანობას, ძალიან მშველის ეს ამბავი.

ფინანსურად?

კი ბატონო. ფაქტობრივად, შემოსავლის წყარო გახდა. ზოგს ეთაკილება. მალავენ ხოლმე. რა არის სათაკილო? იპარავ, სხვას პარავ? ხომ არსებობს სტერეოტიპები, მაგრამ მე პირიქით, მეამაყება. ისეთი ჩართული ვარ… ჩემი ახლობლები ხდებიან ისინი, ვისი მიწვევითაც მითამადია. სხვათა შორის, ბევრი მომღერალი, ვინც „ფრონცკაობდა“, ქორწილებში არ დავდივარო, ახლა რომ გახედო, ქორწილში სცენიდან ვერ ჩამოიყვან. ვითომ ცხვირაბზუებულები იყვნენ. აქეთ მირეკავენ, იქნებ, ჩვენც ჩაგვრთოო.

კოლეგებისგან გიგრძნიათ ცხვირის აბზუება?

ზურგს უკან ქირქილის მომენტებიც ყოფილა. მომსვლია კიდევაც ხმები. ყოფილა არაჯანსაღი კონკურენციის ამბავი – ვიღაცებისთვის წამყვანობაზე ისეთი თანხა უთქვამთ, რომ…

მეძვირეაო?

ხო… ეტყობა, უნდოდათ, „ჩაეჩეხათ“ ეს საშუალება.

ისე, არ ხართ მეძვირე?

რა გითხრათ… სხვების შესახებ რომ მომდის ხმები, მართლა კატასტროფულ ფასებს ამბობენ.

როგორია კარგი თამადა, თქვენი აზრით? თქვენ შემთხვევაში, ზომიერებაა გამორჩეული…

ეს არის მთავარი. როგორც კარგი მსაჯი რჩება შეუმჩნეველი, ასევე უნდა იყოს კარგი თამადა. მაქსიმალურად ვცდილობ, ლაკონიურად ვისაუბრო. 1000 კაცი ვერ მოისმენს, რაც უნდა ჭკვიანური აზრები გამოხატო. ამისთვის აუდიტორიები არსებობს. მეტი აქცენტი უნდა იყოს დროის ტარებაზე.

ყველაზე დიდი ღონისძიება, რასაც გაძღოლიხართ, რომელი იყო?

აჭარაში მითამადია 1000-კაციან ქორწილში. ყველაზე დიდი კონცერტი წამიყვანია კიევში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 15 000 ადამიანი ესწრებოდა.

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები