LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია არაოფიციალური მადრიდი

137
lamp1

კარგი ამინდი, გულღია ხალხი, ულამაზესი არქიტექტურა, სასიამოვნო ხეივნები, ფანტასტიკური ქალაქი შოპინგის მოყვარულთათვის (მარტო ”ზარა” პურის მაღაზიასავითაა), ხელსაყრელი სატრანსპორტო სისტემა, ბრწყინვალე მუზეუმები, ბედნიერი ტურისტები, ”რეალ მადრიდი” და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ… ეს ყველაფერი მადრიდ(შ)ია…

ფასები. ყველანაირი (პრინციპში როგორც ყველგან), თუ ფული გაქვთ, შეგიძლიათ ძვირადღირებული ბრენდებით ისიამოვნოთ (რამდენიც გენებოთ იმდენია) და თუ ეკონომიის გაკეთება გსურთ, სურსათზე სუპერმარკეტებში უნდა მიბრძანდეთ, ტანსაცმელზე კი უფრო სეილებს დააკვირდეთ. სუვენირები, მაგნიტები და მსგავსი ათასი წვრილმანი – 1 ევროდან იწყება (ოღონდ ცენტრში ნაკლებად, უფრო ჩინელების მაღაზიებში), თუმცა საშუალოდ 3 ევროდან უნდა ივარაუდოთ, რაც შეიძლება მეტ-ნაკლებად მოგეწონოთ. ცოტა კარგი სუვენირი 10-დან 15 ევრომდეა (ძალიან ძვირიანებს არ ვგულისხმობ).

თუ გურმანი ბრძანდებით, ესპანეთში უნდა მიირთვათ პაელია (ნაციონალური კერძი), სანგრია (ხილის წითელი ღვინო – სუვენირადაც იყიდება), ესტუმროთ ხამონის მუზეუმს (ბევრგანაა. უფრო მაღაზიაა, უბრალოდ ასე ეძახიან). აუცილებლად მოინახულეთ ჩოკოლატერია (ცხელი შოკოლადი ჩუროებით), მიირთვით მშვენიერი ნაყინი (ბურთულები) და ა.შ. ჩინურ-ტაილანდური სამზარეულოთი დაწყებული, მექსიკურით (ტაკოები) დამთავრებული.

მადრიდი კაფეების ქალაქია. ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და ეს ბიზნესი მშვენივრად მუშაობს. კაფე-ბარები ხუთშაბათს განსაკუთრებული დატვირთვით იწყებენ მუშაობას, პარასკევს (უქმეები მოდის) ადგილს ვერ ნახავთ და შაბათ-კვირის მადრიდს კიდევ სხვა ხიბლი აქვს – ტურისტებს ადგილობრივებიც უერთდებიან და ქალაქში საგრძნობი ხალხმრავლობა და ჟრიამულია.

მადრიდი უკვე ინტერნაციონალური ქალაქია. თვალში ძირითადად ჩინელები გხვდებიან, თუმცა ბევრნი არიან არაბებიც და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩამოსულები.

პოლიციას ქუჩებში ძირითადად ვერ შეხვდებით, თუმცა ეს არ ეხება მთავარ მოედნებს. მაგალითად, ყველაზე მრავალეთნიკურ, ხალხმრავალ და ხმაურიან პუერტა დელ სოლზე (ასევე პლასა მაიორზე) მუნიციპალური პოლიცია მუდმივად მორიგეობს.

ღამის ცხოვრების მოყვარულებს შეუძლიათ წმინდა ანას მოედანს მიაკითხონ (აქ დგას ფედერიკო გარსია ლორკას ძეგლი) – აქ გახლავთ ყველაზე დიდი რაოდენობით ბარები, დისკოთეკები და ღამის დაწესებულებები.

კიდევ ერთი: თუ გაგიმართლათ და მადრიდში ისეთ დროს აღმოჩნდით, რომ კორიდა ღიაა და ბრძოლები იმართება, მაშინ ესპანელთათვის ეს საკულტო მოვლენა კი უნდა ნახოთ. ისე, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები მაისში იმართება.

ტოლედო. აი კიდევ ერთი სასწაული, ნამდვილი საოცრება. ესპანეთის ძველ დედაქალაქამდე მანძილი არც თუ დიდია, ავტობუსი 10 ევროდ წაგიყვანთ და წამოგიყვანთ – დაახლოებით 45-50 წუთში (ერთი გზა). ეს ქალაქი რომ აღწერო, ლორკა ან მაჩადო მაინც უნდა იყო. ეს უბრალოდ უნდა ნახოთ, ტოლედო არასოდეს არ დაგავიწყდებათ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები