LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას გმობს: “ეს თითქმის სატანურია”

57
1

ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა თითქმის სატანურია, – ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა.

რომის პაპმა ფრანცისკემ ქალების მიმართ განხორციელებული ქმედებები ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საუბრის დროს დაგმო.

მან წუხილი გამოთქვა ქალების იმ ძალიან დიდ რიცხვზე, რომლებსაც სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ სახლებში.

“ეს პრობლემა ჩემთვის თითქმის სატანურია, რადგან ძალადობენ ადამიანზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა და რომელსაც შეუძლია მხოლოდ მცდელობა, რომ დარტყმები მოიგერიოს. ეს დამამცირებელია. ძალიან დამამცირებელი”, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

სატელევიზიო გადაცემაში მან ძალადობის მსხვერპლ რამდენიმე ქალს მიმართა და აღნიშნა, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ღირსება არ დაუკარგავთ.

“შენში ღირსებას ვხედავ, რადგან ღირსება რომ არ გქონდეს, აქ არ იქნებოდი”, – უთხრა მან ერთ-ერთ ქალს.

პაპმა ასევე აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის გამო, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა კიდევ უფრო იმატა, რადგან ლოკდაუნების გამო, უამრავი ადამიანი აღმოჩნდა სახლში, მოძალადესთან პირისპირ.

ცოტა ხნის წინ გაერომ ანგარიში წარადგინა. კვლევა 13 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, გამოკითხული ქალების ნახევარი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ისინი ძალადობას განიცდიან.

რომის პაპი საკუთარ გამოსვლებში ხშირად გმობს ოჯახში ძალადობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები