LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუჯის სიყვარულით დამწვრები და რიგები დამწვრობის ცენტრთან

2018 წლის ზაფხულის სეზონზე რუჯის მოყვარულებმა თავი გამოიჩინეს და დამწვრობის ცენტრთან რიგებია. ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მზის დამწვრობით პაციენტების რაოდენობამ ბოლო 2 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და წელს ქალებთან ერთად, კლინიკას დამწვარი მამაკაცებიც მრავლად მიმართავენ. მოდიდან არ გადის ლეღვის ფოთლებიც. ლეღვის ნახარშით კანის ქიმიური დამწვრობის 2 შემთხვევა ისევ დაფიქსირდა.

“სტატისტიკა გაზრდილია, დამწვრობის ცენტრს წელს გაცილებით მეტმა პაციენტმა მიმართა, ვიდრე შარშან და შარშანწინ. დაახლოებით 420 პაციენტმა მომართა კლინიკას დამწვრობით, მათგან 60 პაციენტს სტაციონარული დახმარება დასჭირდა. წელს მამაკაცებმაც გამოიჩინეს თავი და დაეწიენ ქალებს. დამწვარ პაციენტებში გენდერული ბალანსი 50/50 -ზეა. დამწვრობა ძირითადად რუჯის მიღებისას იყო მიღებული. რამდენიმე პაციენტი გვყავდა, ვინც თევზაობისას დაიწვა,” – ამბობს “ფორტუნასთან” გუგა ქაშიბაძე.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, მზის გულზე 11 საათიდან 5 საათამდე ყოფნას მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი, მზეს განსაკუთრებით ბავშვები და მოხუცები უნდა მოერიდონ.

ექიმის რეკომენდაციით, მზეზე დიდი ხნით ყოფნისას აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება, აუცილებელია დავიცვათ დამცავი ლოსიონების მოხამრების წესიც და ორ საათში ერთხელ განვაახლოთ კანზე დამცავი საფარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ხნით მზის გულზე ყოფნა დამცავი კრემის გარეშე დამწვრობის ცენტრში ვიზიტს გამოიწვევს.

თუ დღის ბოლოს სხეულის დიდი ნაწილი გაწითლებულია, გრძნობთ გულისრევას და თავბრუსხვევას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თვითმკურნალობა დაუშვებელია.

“სულ 3 დღე აქვთ შვებულებისთვის, დაიწვებიან, მეორე დღეს ისევ გადიან მზეზე და უკვე დამძიმებული მდგომარეობით შემოდიან დამწვრობის ცენტრში. 24 საათში მთელი კვირის რუჯს ვერ მიიღებთ, გამორიცხულია, კანს დამწვრობაში ვერ გაავარჯიშებთ და შეაჩვევთ. ჯობს რუჯი ნელ-ნელა, თანაბრად მიიღოთ,” – კიდევ ერთხელ ურჩევს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი რუჯის მოყვარულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები