ომის 254-ე დღეს, უკრაინაში კვლავ ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა მებრძოლებმა რუსების თავდასხმები დონეცკის ოლქის 6 დასახლებაში მოიგერიეს:
„მტერი ცდილობს, შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ძალისხმევას გარკვეული მიმართულებით ამახვილებს და ახორციელებს შეტევებს ბახმუტის და კიდევ ორი რეგიონის მიმართულებით.
რუსები აგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ომის კანონების დარღვევით.
მტერმა განახორციელა 4 სარაკეტო და 28 საჰაერო თავდასხმა, ამ დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალდა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხერსონის და სხვა რეგიონების 30-მდე დასახლება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გენერალურ შტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ კვლავ რჩება ახალი თავდასხმებისა და ამ თავდასხმებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება – „კერძოდ, ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან. ბელორუსის რესპუბლიკა აგრძელებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბი სხვადასხვა დასახლებაში გახშირებულ ძარცვაზეც საუბრობს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ტოპოლივკაში რუსები „დამცავ ფარად“ იყენებენ ადგილობრივ სკოლას და საბავშვო ბაღს, სადაც სამასამდე რუსი ჯარისკაცი და ასევე აღჭურვილობაა განთავსებული.
„უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერს 21 დარტყმა მიაყენა. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს მოწინააღმდეგის საკონტროლო პუნქტს, საბრძოლო მასალის საწყობს, სადაზვერვო სადგურს, ნაღმზე ასაფეთქებელ ბარიერებს და სხვა მნიშვნელოვან ადგილებს“, – აცხადებენ გენშტაბში.
პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე, საომარი მოქმედებების ინტენსივობა რუსებმა სამჯერ გააძლიერეს:
„ფრონტზე არსებული მდგომარეობა დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია. მოწინააღმდეგემ სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე, ყოველდღიურად 80-მდე შეტევა. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით თავდაცვას ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში