ქალაქ რუსთავში პიტბულის ჯიშის ძაღლის მიერ რამდენიმე ადამიანის დაკბენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გუშინ, ადგილობრივმა გამოცემამ „ინფო რუსთავი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის საათებში, შარტავას გამზირზე პიტბულის ჯიშის ძაღლმა 4 ადამიანი დაგლიჯა.
სააგენტო დაზარალებულებზე დაყრდნობით წერს, რომ “პიტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა”.
„ფორტუნას“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რაბიოლოგმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, რომ საავადმყოფოს 3 ადამიანმა მიმართა.
„ერთდროულად შემოვიდა 3 ადამიანი. მძიმე დაკბენა არცერთს აღენიშნებოდა. დაზარალებული იყო ორი კაცი და ერთი ქალი.
მსუბუქი დაკბენა აღენიშნებოდათ. რა თქმა უნდა, შესაბამისი აცრები ჩაუტარდათ.
ნაკბენი არ იყო ისეთი, რომ მათი საავადმყოფოში დარჩენის საჭიროება დამდგარიყო. ჩვენ მათ ამბულატორიულად მოვემსახურეთ და გავუშვით სახლში“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ კლინიკის რაბიოლოგმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა.