LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო და სასამართლო  რეფორმის გამოწვევები, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და პოლარიზაციის განმუხტვა – ევროკავშირის ანგარიშის ძირითადი გზავნილები

91
საქართველო-ევროკავშირი

“რეფორმების დინამიკის გასაგრძელებლად მთავარი ყურადღება პოლიტიკური კომპრომისის მიღწევას უნდა დაეთმოს,” – ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება.

ამასთან, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმირების სფეროში და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის. ეს ის ძირითადი დასკვნებია, რომელიც ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი.

ცნობისთვის, ანგარიში  გამოქვეყნდა ევროკავშირი – საქართველოს  ასოცირების  საბჭოს  მორიგ სხდომამდე,  რომელიც  16 მარტს გაიმართება და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით  გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ასახავს.

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადება

 

“ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას,  რომელსაც საქართველოჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა  და  აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ იჩენს. 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნების  შემდეგ,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ  ინსტიტუციური  ჩარჩოს ფარგლებში იმოქმედოს, რათა საერთო ენა და არსებული  პოლიტიკური  სიტუაციიდან  გამოსვლის  გზა  გამონახოს,”- ნათქვამია ანგარიშის თანახმად მოცემულ ბორელის განცხადებაში.

მისივე განცხადებით, ეს საქართველოს  პარლამენტს საშუალებას  მისცემს – მიიღოს  გადამწყვეტი  ზომები მდგრადი  აღდგენისთვის  კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს  უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი. “ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასევე  კარგად  ვთანამშრომლობთ ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესათანხმებლად,  რომ  მომავალი  წლებისთვის მოვემზადოთ”, – აცხადებს   ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი.

 

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ  მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის განცხადება

როგორც ოლივერ ვარჰეი ამბობს, ევროკავშირი პანდემიის დასაწყისიდან ქართველ  ხალხს გვერდში ედგა. მისივე თქმით, გასულ წელს, საქართველოს დასახმარებლად და კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად, გრანტების სახით, 183 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა. გარდა  ამისა, ევროკავშირმა  საქართველოთვის  150  მილიონი  ევროს  ოდენობის მაკროფინანსური  დახმარება გამოყო.

“იმისთვის, რომ მოხდეს ასოცირების შესახებ  შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება, მისი ეკონომიკური აღდგენისთვის   და  რეფორმების  დღის წესრიგის  წინ  წასაწევად,  საქართველოს დახმარებას გავაგრძელებთ. კავშირების  და  ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში  გადამწყვეტ როლს ასრულებს  და  მნიშვნელოვანია  ინვესტიციების გაზრდისათვის,” – აცხადებს ოლივერ ვარჰეი

 

ძირითადი დასკვნები

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან  (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა ეფექტიანად მიმდინარეობდა.  ამასთანავე,  კვლავ  არსებობს  გამოწვევები საარჩევნო  რეფორმისა და სასამართლო  რეფორმის  სფეროებში

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, დროულად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის განმუხტვა კვლავ პრიორიტეტია,” – ნათქვამია ევროკავშრის ანგარიშში.

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციისკომისიის  ყველა რეკომენდაციას, გამჭვირვალედ განხორციელდეს და უზრუნველყოს პროცესის  ჭეშმარიტი  დამსახურების შესაბამისად წარმართვა, შემდგომი დანიშვნების დაწყებამდე.

“ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ სავაჭრო ნაკადების ხელშესაწყობად ქვეყანამ კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. სამომავლოდ, უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის პანდემიით  გამოწვეული კრიზისის ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი დაძლევის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად  და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. სტრუქტურული რეფორმები კვლავ მნიშვნელოვანია,  რადგან ისინი აუმჯობესებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და სავაჭრო პოტენციალს და  ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება გარე ფაქტორებთან მიმართებაში,” – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g