მარინა ბერიძე „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიში აღარ იქნება. მან ამავე პროექტში ახალი ამპლუა მოირგო, თუმცა შეიძლება ითქვას, ზოგადად, მისთვის არცთუ ახალი, ის ქართული სიმღერების ყველაზე პოპულარული კონკურსის პროდიუსერი გახდა. „მხოლოდ ქართულში“ ახალი საქმიანობის შესახებ ის fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

მარინა ბერიძე:  

ჩვენ წელს ისე დავიწყეთ ყველაფერი, რომ კასტინგების დაწყებამდე უკვე ვიცოდით ათივე ტური, რომლის გავლაც მოუწევდათ მონაწილეებს, წინსწრებით გავაკეთეთ, შესაბამისად, როდესაც კასტინგზე მოსულ მონაწილეებს ვუსმენდი, ცხადად წარმოვიდგენდი – რომელი კომპოზიტორის სიმღერას მოიხდენდა ან რას შეასრულებდა კონკრეტულ ტურში. როგორ გააკეთებდნენ თავის ვერსიებს. ჩვენ არ ვეძებთ მეორე ნანი ბრეგვაძეს ან ბუბა კიკაბიძეს… ჩვენ ვეძებთ ახალ სახეებს, ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან ქართულ სიმღერაში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წელს ჟიურიში არ იქნებით…

ამ სეზონზე ძალიან დიდი მისია მაკისრია, წელს არ ვარ ჟიურის წევრი, ვარ კონკურსანტებთან  ერთად და ჩემ თავზე ავიღე ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ვამეცადინო კონკურსანტები არაჩვეულებრივ პედაგოგებთან ერთად.როგორც ნიკა გვარამია ეძახის, „მარინას ანგელოზებთან“ ერთად. ესენი არიან: ქეთი ორჯონიკიძე, ნატა ნაყოფია და სოფო ბათილაშვილი. ნატამ დაამთავრა ბერკლის მუსიკალური სკოლა, სოფო სწორედ ახლა მიემგზავრება ბერკლის სკოლაში, ხოლო ქეთი ორჯონიკიძემ კი ინგლისში, ლონდონში მიიღო მუსიკალური განათლება.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვეყრდნობი ახალგაზრდა თაობის მუსიკოსებს, რომლებსაც უკვე საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და  დასავლური გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სიმღერის ახალგაზრდულ ჭრილში დანახვა.

რა სიახლეები გაქვთ პროექტში?

გვაქვს სასიამოვნო სიახლე, „ბრავო რექორდსმა“ დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა და პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილესთან განაგრძობს მუშაობას. ეს გულისხმობს იმას, რომ გაუკეთებს საკონცერტო პროგრამას, სოლოკონცერტს და მოკლედ – დაეხმარება გზის გაკვლევაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ზაზა შენგელიას.

მაყურებელი ჩვენგან მიჩვეულია უმაღლეს ხარისხს, წელსაც ასე იქნება. უკვე ძლიან მალე, მთავარ არხზე, ქვეყნის მთავარი მეგაშოუ – „მხოლოდ ქართული“ იწყება.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები