LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა ამხილა პენიტენციურის თანამშრომელი, რომელმაც სააკაშვილის ადვოკატის მიმართ უფლებამოსილებას გადაამეტა

99
შოთა თუთბერიძე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დანაშაულში ამხილეს პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურებრივი უფლებამოსილება გადაამეტა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ.

როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფაქტი 2022 წლის 2 მარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა რუსთავის მე-16 დაწესებულებაში კამერისგან თავის არიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო – მოუქნია ხელი და ფეხი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 მარტს, №16 პენიტენციური დაწესებულებაში, მეტალო დეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

ამის შემდეგ, ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეო კამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო.

ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა.

ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატის საჯარო განცხადებისთანავე ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო. სრულად იქნა უზრუნველყოფილი დაზარალებული ადვოკატის საგამოძიებო პროცესში ჩართვა და მონაწილეობა, რომელსაც გამოძიების საწყის ეტაპზევე გაეცნო საქმის ყველა მასალა.

გამოძიებამ, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით უზრუნველყო ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება: გამოიკითხა 17 პირი, პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალები და სამართლებრივი აქტები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რაზეც დაინიშნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა.

ზემოთ აღნიშნულმა ჩატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლებელი გახადა დანაშაულის გახსნა და მასში მონაწილე საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

შედეგად, საქართველოს პროკურატურის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით”, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

 

პოპულალურები