LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლის დაცვა“ – NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს დევნილთა ღირსეულ პირობებში განსახლება

94
დევნილთა დასახლება

არასამთავრობო ორგანიზაციები სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტსა და 16 იანვარს ადგილზე მომხდარ ტრაგედიას განცხადებით ეხმაურებიან.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია.

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტი მედია და პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით 16 იანვარს დადგა, როცა 52 წლის დევნილმა კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა პროტესტის ნიშნად ადგილზე თავი მოიკლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, უკვე რამდენიმე წელია სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ.

„შენობაში ამ დროისთვის 140-150 ოჯახი სახლობს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ. დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თქმით, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც, სადაც წყლის დაგროვების ნიშნები ჩანს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია, თუმცა 6 წლის შემდეგაც დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.

„დევნილების თქმით, ისინი პერიოდულად აქციებს მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო აქცია მათ 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2022 წლის 10 იანვარს განაახლეს, როცა დერეფნებში კედლის ნაწილი ისევ ჩამოიშალა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების და წუხილის გამო, დღესაც შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები, მთელ დღეს კორპუსის გვერდით მდებარე დარბაზში ატარებს. მათი ნაწილი ღამითაც კი ამ სივრცეში რჩება, რომელიც მხოლოდ ერთი შეშის ღუმელით თბება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციების ცნობით, ბოლო კვირებში, დევნილებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მათ განსახლებაზე მოლაპარაკება ჰქონდათ, თუმცა წარმოდგენილი პირობები მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

„მხოლოდ გუშინ, როცა ადგილზე უმძიმესი ტრაგედია მოხდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ის ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებს ახალ საცხოვრებელი ფართებით უპირობოდ 2022 წლისთვის უზრუნველყოფს.

ბატონი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების ფაქტზე, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარი პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო და გამოძიებამდე ის არ უნდა დაჰკავშირებოდა დევნილების პრობლემას. მინისტრის განცხადების საპირისპიროდ, ბატონი ზურაბის მეზობლები ჩვენთან განმარტავენ, რომ გარდაცვლილი აქტიურად იყო ჩართული მათ პროტესტში და მონაწილეობას იღებდა პროტესტის დაგეგმვაში და ბოლო დღეებში მათთან საუბარში რამდენჯერმე ახსენა, რომ თავს თუ მოიკლავდა მხოლოდ ასე შეძლებდა მათ წუხილებზე ყურადღების შექმნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების დროს სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შეთავაზებები ადეკვატური არ იყო და ისედაც სოციალურად მოწყვლად ჯგუფს საცხოვრებელთან, როგორც სოციალური დაცვის საბაზისო პირობასთან, დაკავშირებული მკაფიო და მყარი გარანტიების გარეშე, სოციალურ განუსაზღვრელობაში ტოვებდა.

„სახელმწიფოს მიერ გამართული მოლაპარაკებები დევნილებისთვის ნდობის შემქმნელი პროცესი არ იყო, რადგან ის მაღალ დონეზე არ წარიმართა და წლების განმავლობაში შექმნილი სოციალური უიმედობის ფონზე, საკმარისად დამზღვევ პირობებს არ შეიცავდა.

ბატონი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალება სოციალური ფრუსტრაციის და კრიზისის ყველაზე მძიმე გამოხატულება ჩანს და ის დევნილების საკითხების მიმართ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაციის წინაპირობა უნდა გახდეს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტიდან თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა იძულებით გადაადგილებული პირების ნახევარიც კი სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო.

2020 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 288 146 დევნილი პირი და 91 023 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. 2020 წლისთვის სახელმწიფოს 42 370 ოჯახი ჰყავს განსახლებული, ხოლო 40 131 ოჯახს დადგენილი წესით შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით და განსახლების მოლოდინშია.

„ამასთან, დევნილების დიდი უმრავლესობა დღესაც არაადამიანურ პირობებში, საერთო საცხოვრებლებში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გააქტიურდა ნგრევადი ობიექტებიდან ოჯახების განსახლების პროცესი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მაღალია.

ექსპერტიზის მიერ შეფასებული 90 ობიექტიდან, 71 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია.დანარჩენი 19 დევნილების კერძო საკუთრებაშია, რის შემოწმებასაც სააგენტო აღარ ახორციელებს. გარდა ამისა, სახელმწიფო პროაქტიულად არ ამოწმებს შენობების მდგრადობას და ექსპერტული შემოწმება მხოლოდ დევნილთა მიმართვიანობის საფუძველზე ხდება“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დევნილების საკითხს არ აქვს მაღალი პოლიტიკური პრიორიტეტულობა და მათკენ მიმართული პოლიტიკა მხოლოდ ცალკეული სოციალური სერვისების და საჭიროებების დაკმაყოფილებით შემოიფარგლება, რომელიც ასევე ხარვეზიანი და არასრულია.

„სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ დევნილები დანახულნი არიან არა როგორც პოლიტიკური აგენტობის მქონე მოქალაქეები, არამედ ბენეფიციარები, რომელთა პოლიტიკის მართვისთვის მცირე ტექნოკრატიული სამუშაოებიც საკმარისია.

ცხადია, რომ დევნილების მიმართ ამგვარი პოლიტიკა გავლენას ახდენს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც ვერ აჩვენებს კონფლიქტის მსხვერპლების მიმართ ჯეროვან მოპყრობას და მაღალ ინტერესს და გამოტოვებს იმ განსაკუთრებულ პოტენციალს, რომელიც დევნილებს ნდობის მშენებლობის და შერიგების პროცესში შეიძლება ჰქონდეთ“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სანატორიუმში მცხოვრებლების უსაფრთხოება და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ისინი ასევე მოუწოდებენ მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სანატორიუმში მცხოვრებ დევნილთა გადაყვანა უსაფრთხო და ადეკვატურ საცხოვრისში;
  • მოახდინოს ამ შენობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების უპირობო პრიორიტეტიზაცია და უმოკლეს ვადებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უზრუნველყოს ისინი ღირსეული საცხოვრისით;
  • პროაქტიურად, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდეს უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგარ სხვადასხვა ობიექტებში მცხოვრები დევნილების მდგომარეობისა და საჭიროებების კვლევა და მათი დროული განსახლება ჯეროვანი ალტერნატივების შექმნის გზით.
  • იმსჯელოს დევნილთა საჭიროებების, ინტერესების და წუხილების რეპრეზენტაციის უკეთეს ინსტიტუციურ გზებზე და მექანიზმებზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • უფლებები საქართველო
  • ქალთა ფონდი “სოხუმი”
  • საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g