LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ,,გემრიელი” ფილმი გურმანებისთვის

264
Untitled design

თანამედროვე კულინარია, რომელიც ბევრისთვის ნამდვილი ხელოვნებაა, დიდი ხანია გასცდა მისთვის დადგენილ საზღვრებს და თითქმის ყველა სფეროში შეაღწია. გამონაკლისი არც კინემატოგრაფია აღმოჩნდა, რეჟისორებმა მართლაც არაჩვეულებრივი “გასტრონომიული” ისტორიები მოიფიქრეს და ჯერ პრესტიჟული რესტორნების სამზარეულოები აქციეს საკუთარი ფილმების დეკორაციად, მერე ცნობილ მსახიობებს ჩააბარეს შეფ-მზარეულობა.

სამი ,,გემრიელი” ფილმი გურმანებისთვის:

,,ჯული და ჯულია (ვამზადებთ ბედნიერებას რეცეპტით”, Julie & Julia, 2009, ნორა ეფრონი) 

მელოდრამების “უძინარნი სიეტლში” და ” როგორ შეხვდა ჰარი სალის” წარმატების შემდეგ ნორა ეფრონი ჯულია ჩაილდის ბიოგრაფიით დაინტერესდა და ცნობილი კულინარის ისტორიის ეკრანზე გადატანა მოისურვა, თუმცა ჯული პაუელის რომანის გამოსვლის შემდეგ უარი თქვა პირვანდელ ჩანაფიქრზე და ბიოგრაფიულ დრამაში “ჯული და ჯულია” ორი რადიკალურად განსხვავებული ქალბატონის ისტორია გააერთიანა, სცენარზე სამუშაოდ კი თავად პაუელი მიიწვია. აღსანიშნავია, რომ “ჯული და ჯულია”, პირველი ფილმია,  რომელსაც “ონლაინ-დღიურები” დაედო საფუძვლად, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პაულის ბლოგმა სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია, რამაც ფილმის პოპულარობასაც შეუწყო ხელი.

“მზარეული ბორბლებზე” (Chef, 2014, ჯონ ფავრო) 

ამერიკელი მსახიობის და სცენარისტის ჯონ ფარვოს საავტორო პროექტი –  ექსცენტრიკული შეფ-მზარეულის ისტორიაა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ გემრიელი კერძების მომზადება არა მხოლოდ რესპექტაბელურ რესტორანში, არამედ მობილურ სამზარეულოში – ავტოკაფეშიც თავისუფლად შეიძლება. ფილმი, რომელშიც მოზარდი მსახიობის ემჯეი ენტონის დებიუტი შედგა, დასტინ ჰოფმანმა და რობერტ დაუნიმ კი, ეპიზოდური როლები შეასრულეს – ფავროს ნამდვილ ტრიუმფად იქცა, რადგან სცენარიც თვითონ დაწერა, ფილმიც დამოუკიდებლად დააფინანსა და მთავარი როლის შესრულებაც საკუთარ თავზე აიღო.

,,ცხოვრების გემო” (No Reservations, 2007, სკოტ ჰიქსი) 

მართალია, კეროლ ფუქსის სცენარის მიხედვით დადგმული რომანტიკული კომედია “ცხოვრების გემო” გერმანული ფილმის “შეუდარებელი მარტა” რიმეიქია, მაგრამ ამერიკული ვერსია კეტრინ ზეტა-ჯონსისა და აარონ ექჰარდის მონაწილეობით, ბევრად დინამიური და სანახაობრივია, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ჰოლივუდელმა რეჟისორებმა, რომლებიც არასდროს თაკილობენ ევროპული ორიგინალების ამერიკელ მაყურებელზე მორგებას, ყოველთვის ზუსტად იციან როგორ “მოამზადონ” კარგი ფილმი გამზადებული რეცეპტით. სხვათა შორის, როლისთვის მზადებისას, კეტრინ-ზეტა ჯონსი ნიუ-იორკის ცნობილ რესტორანში Fiamma Osteria მოეწყო და რამდენიმე დღე მიმტანად იმუშავა, აარონ ექჰარდი კი, კულინარულ კურსებზე ჩაეწერა, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, ბევრი ვერაფერი ისწავლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები