LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამომხმარებლო კალათა მძიმდება, ანუ ცხოვრება ძვირდება” – რა ვითარებაა ქვეყანაში სიღარიბის კუთხით

efc551aa7b

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ქვეყნის მთავარი პრობლემა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა იყო. არც 2019 წელია გამონაკლისი.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა  ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს, რაც მოსახლეობის 51%-ს შეადგენს.

  • 38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა;
  • 37%-ის აზრით – ფასების ზრდა/ინფლაცია;
  • 27%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობა;
  • 25% – პენსიები;
  • 18% – ხელფასები;

NDI მიუთითებს, რომ ეს ტოპ 6 ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ უცვლელია.

„უმუშევრობა, ბოლო რამდენიმე კვლევაში ინარჩუნებს აქტუალობას და პრინციპში ამ მიმართულებით უარყოფითი ტენდენცია უცვლელია, ეს ნამდვილად გახლავთ ის მიმართულება, სადაც პროგრესი ნამდვილად ფიქსირდება, თუ ზოგადად შევაფასებთ კვლევის შედეგებს ირკვევა, რომ ინფლაციის, ფასების სიღარიბისა და უმუშევრობის კუთხით, ქვეყანა უკან მიდის და ეს საკითხები კვლავ რჩება პრობლემებად,“ – აცხადებს  ჟურნალიტებთან საუბრისას NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი.

კვლევებმა საზოგადოებრივი აზრი ორად გაყო. ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა პროგრესირდება და ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, მეორე ნაწილი კი, ხელისუფლების უუნარობაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის ოპონენტებიც სიღარიბის მიზეზად, ხელისუფლების შეცდომებს ასახელებენ.

“ეს კვლევა სამწუხაროდ, ასახავს იმ მძიმე რეალობას რომელიც ქვეყანაში არის. ეს მნიშვნელოვან წილად შედეგია ივანიშვილის გუნდის საზიანო, მავნებლური და უპასუხისმგებლო პოლიტიკის. ის, რომ მესამედზე ქვევით ჩამოვიდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, არის პოლიტიკური განაჩენი. სამწუხაროდ, ამავე დროს ეს არის ყოველდღიური განაჩენი უმძიმესი ცხოვრების, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის და ტენდენცია არის ის, რომ სიღარიბის და უმუშევრობის მიმართულებით კიდევ უფრო მძიმდება ვითარება,“ – ამბობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი  გიგა ბოკერია.

ყოფილი თანაპარტიელების მოსაზრებებს იზიარებენ პარტია “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. რომან გოცირიძე თვლის, რომ ხალხმა მომავლისა და ხელისუფლების იმედი უკვე დაკარგა.

“საზოგადოების განწყობილება სარკისებურად ასახავს იმ მოვლენებს, რაც ხდება ქვეყანაში. არასწორად ვითარდება ქვეყანა. ცუდი მდგომარეობაა სასამართლო სისტემაში, მატულობს დანაშაული, არ მცირდება სიღარიბე, უმუშევრობა, იზრდება ფასები. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ? ხალხს არ აქვს მომავლისა და ხელისუფლების იმედი,“ – განაცხადა გოცირძემ.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. NDI ამბობს, რომ როცა მოსახლეობას დაუსვეს კითხვა – “ხართ თუ არა დასაქმებული”, განუმარტეს, რომ აქ იგულისხმება სრული ან ნახევარი განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული და ა.შ. მთავარია ამას მოჰქონდეს შემოსავლი.

კითხვაზე, გამოკითხულთა მხოლოდ 37% პასუხობს დადებითად, ხოლო 62% უარყოფითად.

იმაზე, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, მხოლოდ ოპოზიციაში არ საუბრობენ. გარდა მოსახლების განწყობისა, ექსპერტებიც მიიჩვენენ, რომ ამ კუთხით ვითარება უარესდება.

“ბოლო წლებში ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ძირითადი პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური სფეროდან მოდის და ეს არ არის სიახლე. ვითარება უარესდება და უარესდება მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ხდება შემოსავლების მატება. ამასთან ერთად, სამომხმარებლო კალათა მძიმდება, ანუ ცხოვრება ძვირდება. საზოგადოების დამოკიდებლება ვერ შეიცვლება პროპაგანდით ან კოსმეტიკური ნაბიჯებით. მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე ოქროს გასაღები არსებობს ამ პრობლემის სწრაფად გადასაწყვეტად. ერთადერთი გზა არის ეკონომიკის განვითარება, ოღონდ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება, რადგან მხოლოდ რეალური სექტორი ასაქმებს ძირითადად ადამიანებს და მოსახლეობის შემოსავალიც იზრდება,“ – განმარტავს “ფორტუნასთან” საუბარში გია ხუხაშვილმა.

რა თქმა უნდა, კვლევის შედეგებს არ ენდობა მმართველი გუნდი, თუმცა ეს უკვე ახალი ამბავი არ არის. “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან და ქვეყანაც უკეთესობისკენ მიიწევს.

“ჩვენი ეფექტურიბა საბოლოო ჯამში უნდა შეფასდეს, ორი მთავარი კრიტერიუმით, ეს არის სამუშაო ადგილები და ფასები პროდუქტებზე, რომელსაც ადამიანები შეიძენენ. საბოლოო ჯამში, ამ კვლევების და საზოგადოების დამოკიდებულების შეფასება არის არჩევნები. ამ ეტაპზე მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ,“ – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

მიუხედავად მმართველი პარტიის საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, კვლევები სხვა სურათს ქმნის. შეგახსენებთ 2018 წელს Unicef-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში ბოლო 2 წელში სიღარიბის მაჩვენებლები გაზრდილია.

კვლევა NDI-მ, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g