რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა ისაუბრა. როგორც ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რუსეთს სამხედრო რესურსის 20-25% გაუნადგურდა და ცდილობს, რომ დამატებითი სამხედრო ცოცხალი ძალა დაამატოს.
ბატიაშვილის თქმით, დაიწყო საუბარი სირიიდან მებრძოლების შესაძლო გადასროლაზე, ასევე შესაძლოა ბელარუსელი სამხედროები ჩაერთონ რუსეთ-უკრაინის ომში. ის ასევე აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დამატებითი ძალების გაყვანას ცდილობს, თუმცა განმარტავს, რომ ეს იქნება უშედეგო მცდელობა, რადგან აღნიშნულ სამხედრო ძალასაც უკრაინელები ისევე გაანადგურებენ, როგორც პირველი ნაკადები გაანადგურეს.
კითხვაზე, რა სცენარების განვითარებას შეიძლება ველოდეთ, ბატიაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ბრძოლები გაგრძელდება და რუსეთი უკან არ გამოვა, რადგან ეს პოლიტიკურ თვითმკვლელობას ჰგავს.
„უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველა მიმართულებით მედგრად უწევენ წინააღმდეგობას. რუსეთს გაუნადგურდა საკუთარი სამხედრო რესურსი. ვგულისხმობ იმ ტექნიკა, რომელიც უკრაინაში შეიყვანა. დაახლოებით 25-30% ასე ფასდება, როგორც დაკარგული ცოცხალი ძალა, ისე დაჭრილები და ტყვედ აყვანილები. რუსეთი ცდილობს დამატებითი სამხედრო ცოცხალი ძალა მიაშველოს.
დაიწყო საუბარი ახლო აღმოსავლეთიდან, კონკრეტულად სირიიდან მებრძოლების შესაძლო გადასროლაზე, ასევე ცდილობენ ბელარუსელი სამხედროები ჩართონ ამ ომში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ცდილობენ გაიყვანონ დამატებითი ძალები. სამხედროების პირველი ნაწილი, რომლებიც უკრაინაში შევიდნენ უფრო უფრო გამოცდილები იყვნენ ახლა ეს ცოცხალი ძალა, რომელიც შევა ნაკლებად არის მომზადებული. ვფიქრობ, რომ ეს უშედეგო მცდელობა იქნება და ამასაც ისევე გაანადგურებენ უკრაინელები, როგორც პირველი ნაკადები გაანადგურეს.
რუსებმა ალყა ვერ შემოარტყეს ვერც ხარკოვს, ვერც კიევს და მათი შეტევები წარუმატებელია.
ყველაზე რეალისტური სცენარია ის, რომ სამწუხაროდ ბრძოლები გაგრძელდება, არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ ეს შეწყდება. იმისთვის, რომ სიტუაცია გამოიკვეთოს და რუსულმა მხარემ კონკრეტულ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოაწეროს ხელი, ამისთვის საჭიროა მინიმუმ 50%-ის განადგურება. მე ასეთი განწყობა მაქვს ყოველი შემთხვევისთვის, რადგან უკან გამოსვლა ახლა შეუძლებელია და ეს პოლიტიკურ თვითმკვლელობას ჰგავს. რუსები ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ხელშესახები შედეგი მაინც მიიღონ მაგრამ მათ ეს უჭირთ, რადგან უკრაინული არმია სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სამყარო ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორც ეს ომამდე იყო და გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილება კავკასიის რეგიონზეც მოახდენს გავლენას, ამიტომ კავკასიის რეგიონში რუსეთის პოზიციების და გავლენების შემცირებას უნდა ველოდოთ.
„სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო ამ ომამდე. ამ ომის შემდეგ რუსეთი სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით კრახს განიცდის და საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რუსეთის არსებობის საკითხი, რაც აისახება ბევრ მიმართულებაზე და მათ შორის კავკასიის რეგიონზე. კავკასიაში უნდა ველოდოთ რუსეთის პოზიციების და გავლენების შემცირებას. გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში განაცხადეს, რომ დროებით პოლიტიკური სცენიდან მიდიან. ეს ყველაფერი ამის ნიშანია“, – განმარტავს ბატიაშვილი.