LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ლილუაშვილმა აფრიკული ტომი აჭარული ცეკვით გადარია – საინტერესო მოგზაურობის ამბავი

452
sandroliluashvili45

ქართული კომპანია „ჯინვენტორის“ დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი, ქვეყნის ოფიციალური პირების მიწვევით, ახლახან ნიგერიაში იმყოფებოდა. ნიგერიის პოლიტიკურ დედაქალაქ აბუჯაში შედგა შეხვედრა ნიგერიის სენატის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ, სენატორ ჯოზეფ ობინა ოგბასთან. შეხვედრაზე განიხილეს ნიგერიაში „ტენეს“ ეკომეგობრული კაბელის წარმოების დანერგვის, პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების და ამ კუთხით ახალგაზრდების გადამზადების შესაძლო გზები. ნიგერიაში სანდრო ლილუაშვილის მოგზაურობის ამსახველი ვიდეო, სადაც ის ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლებთან ერთად ცეკვავს, სოციალური ქსელის ჰიტი გახდა.

სანდრო ლილუაშვილი fortuna.ge-ს უზიარებს თავს გადახდენილ ამბებს.

სანდრო ლილუაშვილი:

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, Global Youth Leaders Network-მა შემოგვთავაზა ნიგერიაში სამიტზე დასწრება. განვითარებადი ქვეყანაა და სიახლეები სჭირდებათ ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ინფორმაცია ჰქონდათ ჩემს წამოწყებაზე, მათთვის საინტერესო იქნებოდა ეკომეგობრული USB კაბელის „ტენეს“ შესახებ ლექციები, გარდა ამისა, შესაძლებელი იქნებოდა ბიზნესურთიერთობების დამყარებაც. მინდა ვაღიარო, რომ ჩემთვის უცნაურ გარემოში აღმოვჩნდი.

რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი ამ მოგზაურობაში?

ნიგერიაში რომ ჩადიხარ, შეიძლება ითქვას, შევარდნაძის დროა, ყველგან ხვდები კორუფციას, აეროპორტიდანვე, ქუჩები ჩაბნელებულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ფული აქვთ, რადგან ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, დიდ გაჭირვებაში ცხოვრობენ. დედაქალაქში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ მაინც ფეხშიშველები დადიან. ყველა ლაპარაკობს ინგლისურად. რომ ჩადიხარ და ხარ თეთრი, ღმერთივით გიყურებენ. შეიძლება ითქვას, ჩვენმა ჩასვლამ, ორი ქართველი ვიყავით, ამ სამიტის წარმატება განაპირობა. სამუზეუმო ექსპონატივით დამატარებდნენ, ყველა შეხვედრაზე თითოეულ მონაწილეს აუცილებლად სურათი უნდა გადაეღო ჩემთან. ნიგერიის პრობლემები დღეს უკავშირდება კორუფციას, კრიმინალს, ინფლაციის მაღალ დონესა და ეკოლოგიას. ჩემი პროექტი, რითაც ჩავედი, ბევრ მათ გამოწვევას და პრობლემას ვპასუხობდით, ბევრ გადაწყვეტას ვთავაზობდით. აღფრთოვანებულები დარჩნენ და მიწვევდნენ აბსოლუტურად ყველგან, ტელევიზიასა თუ რადიოში. ათი დღით წავედი და მერე ძალიან მთხოვეს დარჩენა, გადამაცვლევინეს ბილეთი. ქართველები მათთან შედარებით ძალიან პუნქტუალურები ვართ, საქმიან შეხვედრას ორი საათის დაგვიანებით იწყებდნენ (იცინის). იყო ძალიან მაგარი სიცხე, რომელსაც ერთი პლუსი აქვს, მთელი ქვეყანა დილის შვიდზე სამსახურშია და დილის 12-ზე ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული აქვთ.

ვიდეოში პირბადის გარეშე დაგინახეთ და კორონას არ აღიარებენ იქ?

200-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსის ძალიან მცირე შემთხვევებია და იქ პირბადეს არ ატარებენ, მხოლოდ აეროპორტში, პარლამენტში, სადაც ასევე გახლდით მნიშვნელოვან შეხვედრებზე. მათ შორის შევხვდით გავლენიან სენატორს. სხვათა შორის, ამ შეხვედრის შემდეგ სხვა შტატებშიც სურდათ ჩვენი მიწვევა, მაგრამ იქ უსაფრთხოება მაღალ დონეზე უნდა დაეცვათ და ავტომატიანი დაცვა დაექირავებინათ, რაც ვეღარ მოხერხდა და მეც გამოვემგზავრე. დიდი ზარ-ზეიმითა და ოვაციებით გამომაცილეს. კიდევ მიმიწვიეს, ასევე სურთ, ნიგერიელი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ და ჩვენთან სტაჟირება გაიარონ.

აჭარულის ილეთები როგორ ასწავლე ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლებს, მოგვიყევი…

ჩვენი პატივისცემა მოისურვეს. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთ ტომთან მიგვიყვანეს. ისინი განსაკუთრებულები არიან იმით, რომ ტვირთს არა თავზე, არამედ მხრებზე იდებენ. ვიდეოშიც ჩანს, რომ სულ რაღაცებს მაწვდიან, რაც მხრებზე უნდა დაიდონ. რიტუალი აქვთ, რითაც ნანადირევსა და მოსავალს ცეკვით აღნიშნავენ. კი ძალიან ცხელოდა, მაგრამ რომ დაიწყეს ცეკვა, მეც შევუერთდი.

მეც განახვებთ ჩვენს ფოლკლორს-მეთქი, ვუთხარი და ჩვენი ასეთია-მეთქი. გაოცებულები მიყურებდნენ და მეხვეწებოდნენ, გვასწავლეო. აჭარულის რამდენიმე ილეთი მასწავლა. მთელი სოფელი ტაშს მიკრავდა, ეს რანაირი ცეკვა გცოდნიაო.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები