LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო CAREC-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა

156

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-15 მინისტერიალზე, საქართველო CAREC-ის მე-11 სრულუფლებიანი წევრი გახდა.

CAREC-ის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისლამური განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი.

გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს მიმდინარე რეგიონალური მნიშვნელობის ტექნიკური დახმარების და საგრანტო პროექტებით და ასევე ჰქონდეს წვდომა ფინანსებზე რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონში. CAREC-ის წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს საქართველოს ჩართულობას ისეთ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და ინიციატივებში,  როგორიცაა მაგალითად ,,ახალი აბრეშუმის გზა“.

მინისტერიალზე მოხსენებით გამოსვლისას, გენადი არველაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობას წევრი ქვეყნებისათვის.

გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო მინისტრთა დახურულ სხდომაში, რომელზეც CAREC-ის სტრატეგიის განახლების საკითხი განიხილეს.

სხდომაზე გენადი არველაძემ, წევრ ქვეყნებს ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში საქართველოს ინიციატივები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური დერეფნების განვითარებაზე, ვაჭრობისა და საბაჟო პროცედურების გამარტივების საკითხებზე.

ამასთან, გენადი არველაძემ ისაუბრა CAREC-ის წევრ ქვეყნების მიერ საგზაო უსაფრთხოების განვითარების მიზნით განსახორციელებელ ქმედებებზე და მიესალმა მინისტერიალის ფარგლებში წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას, რომლის შემუშავებაში ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული.

2015 წლიდან საქართველო CAREC-ში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. CAREC-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წევრ ქვეყნებს შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, საბაჟოს და ენერგეტიკის სფეროების განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების გამარტივების, სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების განვითარების საკითხებს.

დღეის მდგომარეობით პროგრამაში გაწევრიანებულია შემდეგი 10 ქვეყანა: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

მინისტერიალი 25-26 ოქტომბერს ისლამაბადში (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა) გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ამავე სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სალუქვაძემ.

ამავე მინისტერიალის ფარგლებში, გენადი არველაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტ ვენ ჩაიჟანგს შეხვდა, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს პროფესიული განათლების მიმართულებით ახმარების შესაძლებლობა. მან ქართულ მხარეს დაუდასტურა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარს უჭერს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და დახმარება მთავრობის რეფორმების განხორციელების ნაწილში, როგორიცაა კაპიტალის ბაზარი, საპენსიო რეფორმა, საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) განვითარება და სხვა.

შეხვედრის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგოპროექტების დაფინანსების შესაძლებლობები წარმოადგენდა. ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარეს CAREC-ში გაწევრიანება მიულოცა და საქართველოსა და  CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური დერეფნების განვითარების საკითხი განიხილა.

 

პოპულალურები