LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა – PACE-ს მომხსენებლები საქართველოს შეჩერებული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

156
cms-image-000011665-e1590945468298

საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელეს.

აქვე აღნიშნულია, რომ „ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ, ქვეყანაში მრავალი რეფორმა განხორციელდა, თუმცა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში, აშკარად ჩანს, რომ რეფორმების პროცესი ჩერდება“.

თანამომხსენებლების მოუწოდებენ „საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, განზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა განახორციელონ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოიპოვოს“.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა. ქართველები ევროპელები არიან, როგორც ამას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ გაუსვა ხაზი 1999 წელს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს და დაუღალავად ვმუშაობდით საქართველოს ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოში სრული ინტეგრაციისთვის, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ამას. მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს, ბევრი რეფორმის იმპლემენტაცია მოხდა და მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების მოსაყვანად ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – აღნიშნავენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები და ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული 12 პრიორიტეტი ახალი არ არის ქვეყნისთვის.

ისინი დიდწილად ემთხვევა რეფორმების პრიორიტეტებს, რომლებიც ასახულია ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. ამ რეზოლუციაში ასამბლეამ აჩვენა, რომ ფუნდამენტური პრიორიტეტია პოლიტიკურ გარემოში უკიდურესი პოლარიზაციის მოგვარება. „ამ პოლარიზაციის გადაჭრა მთლიანად დამოკიდებულია ყველა პოლიტიკური ძალის, უმრავლესობის და ოპოზიციის თანაზომიერ პოლიტიკურ ნებაზე, შეცვალონ თავიანთი ქცევა და დამოკიდებულებები”, – აცხადებენ თანამომხსენებლები.

ამ კონტექსტში თანამომხსენებლები გმობენ მზარდ თავდასხმებს, ხშირად ანონიმური აქტორების მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მათი ერთგულების ეჭვქვეშ დაყენებით, რამაც, შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას.

„აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არსებობს საქართველოში, აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმოს და სადაც საჭიროა გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ორგანიზაციების გაჩუმებას და სტიგმატიზაციას“, – აცხადებენ თანამომხსენებლები.

განცხადებაში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც. კერძოდ, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ, უტყუარ და სანდო ინფორმაციას. მათივე განცხადებით, მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების ყოფნამ შეიძლება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.

„ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრაფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი ექიმების ხელმისაწვდომობას, რომლებიც მზად არიან სააკაშვილის მკურნალობაში დახმარების გასაწევად“, – აცხადებენ თანამომხსენებლები.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მატს იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g