LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო უნდა მოვიაროთ… იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, სირცხვილია” – გიორგი გახარია

155
96235925-1679706722167225-8909858021455167488-o

“ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში საქართველოში” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ შიდა ტურიზმის განვითარებაზე პირველი რიგში ქართველებმა უნდა ვიზრუნოთ. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობას არც უნახავს.

“შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში საქართველოში. იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, სირცხვილია. გვაქვს ამის შესაძლებლობა ახლა და მოდით მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულები ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვანახოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად, კარგად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოში მხოლოდ ის უცხოელი ტურისტები შეძლებენ შემოსვლას, რომელთა ქვეყნებშიც ნორმალური ეპიდსიტუაციაა. ისრაელიდან ტურისტების მიღებაზე მიღწეული შეთანხმება, სწორედ ქვეყანაში ეპდისიტუაციის გაუარესების გამო აღარ გაფორმდა.

“ბოლომდე გვაქვს მიყვანილი, ხელმოწერის დონეზე ისრაელთან შეთანხმება ტურისტების შემოყვანაზე. მწვანე კორიდორი, პირველი, ვისთანაც დავალაგეთ, იყო ისრაელი. პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ყველაფერი მზად იყო, შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ პირველი რეისები უნდა გაგვეშვა. ჩვენ რომ დავთქვით თარიღი, 15 ივლისი ვთქვით საერთაშორისო ტურისტების გასახსნელად. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ იქ უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გაყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს აღარ ექნება. ამიტომ აქ ფრთხილი, გონივრული, დაბალანსებული ნაბიჯებია საჭირო, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად და გონივრულად, ყველამ ერთად გავიაროთ სამშვიდობოს. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დღეს საქართველო. როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად, უსაფრთხოდ, მოქალაქეზე, ადამიანზე ზრუნვით ვუმკლავდებით ამ გამოწვევას. ეს უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები