ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანმა მოაწერეს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში –   7 თვეში დასრულდა.

ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. მათ სიას საქართველოც დაემატა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.  ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის.

ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი,  ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები  და ა.შ.

მსგავსი თემები