ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პაციენტებს ახალი წესით შეამოწმებენ. დიაგნოსტიკის ახალი ფორმა განსხვავდება ამ დრომდე არსებული წესისგან. დღემდე არსებული წესით, მხოლოდ იმ პირების ტესტირება ხდებოდა, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები. პირს ასევე უნდა ჰქონოდა მოგზაურობის ისტორია ან სარისკო კონტაქტები. სხვები კი ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ. ახალი ალგორითმით, ამ კატეგორიას დაემატებიან ის პირებიც, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, მაგრამ აქვთ რისკის შემცველი ქცევა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, შექმნილია 3 პაკეტი, რომელიც განსაზღვრავს პაციენტის რისკებს და დიაგნოსტიკის აუცილებლობას.
„შექმნილია სამი პაკეტი. პირველი პაკეტი ის არის, რაც აქამდე იყო, სიმპტომები პლუს მოგზაურობა, ან კონტაქტი პაციენტებთან. მეორე პაკეტი – რისკის ქცევები, მოგზაურობდა უცხოეთში, ან ყავდა სტუმარი, ან ჰქონდა კონტაქტი ავადმყოფთან, მაგრამ სიმპტომები არ აქვს. მესამე პაკეტი – პირიქით, ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ რისკის ფაქტორები არ აქვს. სწრაფი მარტივი ტესტები იქნება”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
მისი განმარტებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 4 000 ტესტი უკვე მიღებულია და მარაგის შევსება ყოველკვირეულად განხორციელდება.
“რამდენადაც ვიცი, 4 ათასი ტესტი მიღებულია და ყოველ კვირას ახალ-ახალ პარტიას მიიღებენ, მაგრამ არ დაურიგდება მოსახლეობას ყველამ რომ ჩაიტაროს ტესტირება. ეს კონტრპროდუქტიული იქნება. ეს ტესტები ყველა კარგი ხარისხის არ არის. ზოგიერთ მათგანს შეიძლება 30%-ზე მეტი მგრძნობელობა არ ჰქონდეს და ჯობია, სულ არ გაიკეთოს. სახელმწიფო შეარჩევს ამ მიღებული ტესტებიდან იმათ, რომ მგრძნობელობა სულ ცოტა 85% იყოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.