ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში, ერთი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2 900-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დასაქმების პროგრამაზე, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდა, 20 000 ვაკანსიიდან დასაქმების ინტერესი 17 000-მდე ადამიანმა გამოხატა:
“ძალიან გვიხარია ასეთი შედეგი. თან იმ პირობებში, როგორი დაძაბულობაც მსოფლიოშია და ასევე, როცა არანაირი საკომუნიკაციო კამპანია არ გვქონია და, ასე ვთქვათ, თვითდინებით მაინც მოგვმართავდნენ და პროექტის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ.
ამ ეტაპისთვის უკვე დასაქმებულია და სამუშაო რეჟიმში ჩართულია 2 900-ზე მეტი ადამიანი. ძირითადად, დასაქმებულები არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ქალაქში თუ სოფელში საზოგადოებრივ სამუშაოებში, ისეთებზე, როგორიცაა ბაღში დამხმარეები, საოფისე სამუშაოები, ტყეში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, ტყის მოვლა, შეწამვლა და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები, ასევე დასაქმებულები არიან ინფრასტრუქტურის კუთხით”, – განაცხადა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი, უმუშევარი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის დაწყებას გეგმავდა. პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდა.
საქართველოში, სოციალურად დაუცველი პირებისთვის უკვე 20 ათასი საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსიაა